მივესალმები ბოლნისს და ბოლნისელებს, ძვირფასო მეგობრებო, „ქართული ოცნების“ წევრებო, მხარდამჭერებო, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის. ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, რომელიც არის გადამწყვეტი ჩვენი ძლიერი გუნდის გამარჯვებაში. 2012 წლიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ დამაჯერებლად და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ამით, არა მხოლოდ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ქვეყანაში, როგორც იქნა, დასადგურდა მშვიდობა და სტაბილურობა.აგვისტოს დღეები გავიხსენეთ, 13 წელი გავიდა იმ უბედური, ტრაგიკული დღეებიდან, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ჩვენმა გმირებმა შესწირეს თავი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და მოსახლეობის დაცვას. ჩვენს ოპონენტებს არ უყვართ, როდესაც ვახსენებთ მათ ღალატს ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სხვა არაფერია, თუ არა ღალატი, რომ ვერ დაიცვა შენი ქვეყანა, ხალხი, ლაჩრულად გაიქცე თვითონ, როგორც მმართველი, ბრძოლის ველიდან და შეატოვო ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე რამე ახალს ხომ არ ვამბობ, ეს არის ფაქტები. ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვეუბნებით ჩვენს მოსახლეობას და სიმართლეს ვუპირისპირებთ ოპონენტებს. სიმართლე არის ის, რომ ბოლო 8 წელი არის ერთადერთი ის გამონაკლისი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დრო, როდესაც ქვეყანაში არ ყოფილა ომი, მეგობრებო და არც იქნება მანა, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. სრული პასუხისმგებლობით, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის დაცვაზე. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ამისთვის, რომ პირველ რიგში, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რა თქმა უნდა, უნდა იყოს განვითარება.თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ქალაქისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, სოციალური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი მოსახლეობისთვის, განათლება, სპორტი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ბოლნისს. კარგად იცის ჩვენმა კანდიდატმა, ჩვენმა გუნდმა, რა სჭირდება ჩვენს ბოლნისს, ჩვენს ბოლნისის მოსახლეობას, სოფლებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა ასეთი დიდი საკითხების მოგვარება. საკითხები, როგორიც არის მაგალითად მიწის ნაკვეთების მელიორაცია თუნდაც, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, განათლება - პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა-ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც ჩვენ გვექნება განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად, მეგობრებო, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი იყოს განვითარება, განვითარება და განვითარება, იყოს მშვიდი, სტაბილური პერიოდი და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველ დღე.ჩვენმა მერებმა უნდა შეძლონ და შევიდნენ ყველა სოფელში, ყველა უბანში. ჩვენ მაინც ჯერ კიდევ ახალბედა დემოკრატია ვართ, ახალგაზრდა სახელმწიფო მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა გავითავისოთ მოსახლეობის თითოეული გასაჭირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერმაც, მაჟორიტარებმა, ყველამ, საკრებულოს წევრებმა გავითავისოთ ჩვენი მოსახლეობის, თითოეული უბნის, სოფლის გასაჭირი, მივიდეთ ადგილზე, ჩავიდეთ, მოსახლეობას ვესაუბროთ, ოპერატიულად და დროულად გადავუწყვიტოთ პრობლემები. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, ჩვენ, ცენტრალური მთავრობა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დროულად გადავუჭრით ყველა საკითხს, რომელიც საჭიროებს ცენტრალური მთავრობის ჩართულობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. თუ ერთად ვიქნებით და ერთად ვიზრუნებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო.ჩვენ დავამუშავეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები. ჩვენ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა, აღარ არის საკმარისი ფრაგმენტული რეფორმები და საჩვენებელი პროექტების განხორციელება. ეს არ არის საკმარისი. კარგია ადგილზე ალაგ-ალაგ ფრაგმენტული განვითარება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კომპლექსური, მასშტაბური პროექტების განხორციელება. მასშტაბური სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ ყველა, თითო გოჯი მიწა იყოს დამუშავებული, ვიცოდეთ რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა უნდა განვითარდეს, რომელი კულტურები, რა არის ამისთვის საჭირო. ამის შესაბამისი დეტალური გეგმები 10 წლიანი განვითარების პერსპექტივაში უკვე დამუშავებულია. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. მთელ რეგიონებზეა გადანაწილებული, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სექტემბერში ვიწყებთ მექანიზაციის პროექტს, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გრანტის პროგრამა, რომელიც მოსახლეობას, ჩვენს რეგიონებს დაეხმარება, ტექნიკა პრაქტიკულად, ნაჩუქარი გამოდის, ნახევარზე მეტს მთავრობა ჩუქნის და კიდევ მრავალი პროექტი- „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა, რომელიც ახალისებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეიქმნა 20 000-მდე სამუშაო ადგილი. მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 300 მილიონის დამატებას ვფიქრობთ, მომდევნო სამ წელში მილიარდს ჩავდებთ მთავრობა და კერძო სექტორი დაახლოებით მილიარდ ნახევარს- 2 მილიარდნახევარი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება, ეს გვაქვს გადანაწილებული, კარგად გააზრებული რეგიონების მიხედვით, ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს - გურია, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, ქვემო ქართლი თუ სხვა.ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს, როგორც იტყვიან, ქვეყნის საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიზრუნოთ. ხალხი დაიღალა ამდენი დაუსრულებელი კინკლაობით და ერთმანეთის ლანძღვით. შევხედოთ, ჩვენი ოპონენტები რას გვიპირისპირებენ, მეგობრებო - არაფერს, გარდა პირადი შეურაცხყოფებისა - ვერც ამაში გვაჯობებენ, თუ მაინცდამაინც მოინდომებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ეს არ არის, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს და არის მოსახლეობაზე ზრუნვა, ქვეყნის გაძლიერება. ამიტომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა და სახელი დაერქმევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დღის წესრიგი, რომ მოსახლეობაზე ვიზრუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ მათთვის.ჩვენ ბევრი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი შეცდომაც დავუშვით ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაწყებული 90-იანი წლებიდან, მოყოლებული დღემდე. აგვისტოს ომიც რა იყო, თუ არა შეცდომა და ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ შენს ქვეყანას, შენს ხალხს, მერე გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა და მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის კატასტროფა, ტრაგედია, ჩვენი ტრაგედია და სირცხვილია, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია.ერთის მხრივ, უნდა გვახსოვდეს წარსული, მაგრამ უნდა ვიყურებოდეთ მომავლისკენ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი განვითარება. ყველა ქალაქს სჭირდება განახლება. ჩვენ ახლა დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, ყველა ცენტრში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დავამუშავოთ ახალი ტურისტულად მიმზიდველი ადგილები. მითუმეტეს, ჩვენს ულამაზეს, მარგალიტ ქვეყანაში, ყველა მუნიციპალიტეტში მოიძებნება უნიკალური ადგილები, რომლებიც უნდა განვავითაროთ, მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, მეტი დამსვენებელი მოვიყვანოთ, მეტ კერძო სექტორს და ბიზნესმენებს შევუწყოთ ხელი, რომ განავითაროთ საკუთარი ბიზნესი, მთავრობის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა. ეს მთლიანობაში მოგვცემს ჩვენ ეფექტს, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.ბოლო თვეების განმავლობაში რა დინამიკაც გვაქვს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების კვლევები, დასკვნები, ქვეყანამ შეძლო, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 5 თვეში, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება, აღდგა და მთელმა სარეიტინგო კომპანიებმა აღადგინეს და გააუმჯობესეს ჩვენი რეიტინგები, ვგულისხმობ მსოფლიო ორგანიზაციებს. ამას სჭირდება შენარჩუნება. მოსახლეობაში გაჩნდა დამატებითი შემოსავალი, მეტი დოვლათი იქმნება, ტურიზმი ყვავის ყველგან ახლა, ტურისტებით სავსეა, გადატვირთულია მთელი სასტუმროები, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თუ პანდემიის სიტუაცია გაგვირთულდა, არ გვინდა, რომ შეზღუდვები შემოვიტანოთ. შეზღუდვები არ არის გამოსავალი, ეს არის დროებითი გამოსავალი, გამოსავალი არის ვაქცინა, მეგობრებო. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა ავიცრათ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ აცრა ჩავიტაროთ.