08 თებერვალი, 2021

მამუკა მდინარაძის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით.  ჩვენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარეთ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, გავმართეთ დისკუსიაც ამ თემაზე. შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში.  აქვე, გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.  ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე”. ისინი, ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, - რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი,  დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის” ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს მათი პოზიციაც ამ საკითხზე.

05 თებერვალი, 2021

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადება

მოგეხსენებათ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა ძალაში რჩება პირობა - თუ ერთპროცენტიან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან არგუმენტად  ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც - უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ „დოკუმენტები უკვე გასწორებულია" და ა.აშ. შეუძლებელია ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან. ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ან შეიძლება სხვა ვერსია აქვთ თავიანთი აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად. ჩვენ ბუნებრივია ველით კითხვაზე პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს.

04 თებერვალი, 2021

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იქმნება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად დაეხვეწა საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრილიყო ის მცირედი ხარვეზებიც კი, რაც წინა წლებში საარჩევნო პროცესს ახლდა თან.  ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეფსისის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს.  „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა.  მოგეხსენებათ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის: შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას. გარდა ამისა, როგორც ვთქვით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად. მემორანდუმის სხვა დეტალებზე თქვენს ყურადღებად აღარ შევაჩერებ, რადგან ტექსტი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მას გაეცნოს.  ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე უმრავლესობის მხრიდან ვიქნები მე, შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციის მხრიდან თანათავმჯდომარე იქნება შეთანხმების მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ლევან იოსელიანი. სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა. დასასრულ, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მემორანდუმი ღიაა და სურვილის შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია შეუერთდეს მას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს," - შალვა პაპუაშვილი.

02 თებერვალი, 2021

ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: - რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს. - დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა. - გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება. - ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს.კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი - პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი.

01 თებერვალი, 2021

1-ელ ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე მცდარი აღმოჩნდა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის ბრიფი გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა. როგორც იცით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა 31 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნების პარალელური დათვლა და 1 ნოემბერს წარმოდგენილ ანგარიშში ხაზი გაუსვა ორ ძირითად მიგნებას - კერძოდ, მათ მაშინ განაცხადეს, პირველი, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს დ ა მეორე, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლებელია ჰქონოდა 4,1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე.საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. საზოგადოებას ასევე ახსოვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებში შევიტანეთ ეჭვი ამ მიგნების სისწორეში და მოვუწოდებდით „სამართლიან არჩევნებს“ გადაემოწმებინა ეს შედეგები. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი, ვინაიდან მათ ხმების საერთო რაოდენობაზე მითვლილი ჰქონდათ ბათილი ბიულეტენები და დაადასტურეს, რომ ამ მონაცემების შესწორების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელობამ ამ ხარვეზის შესახებ მალევე შეიტყო, თუმცა თითქმის ერთი თვე ამ ინფორმაციას არ უმჟღავნებდა საზოგადოებას.როგორც თქვენ გახსოვთ, ჩვენ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ მათი მეორე მიგნებაც, რომ თითქოს უბნების 8%-ზე იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე 4,1%-იანი გავლენა მოეხდინა. სწორედ ამ საკითხს, თითქმის სამი თვის დაგვიანებით, მიეძღვნა სამართლიანი არჩევნების 29 იანვრის პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციიდან ჩვენ გავიგეთ, რომ პირველი, მეტობით დისბალანსიანი უბნების დაანგარიშებისას „სამართლიან არჩევნებს“ არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, ხოლო მათი გათვალისწინების შემდეგ, მეტობით დისბალანსის მქონე უბნების რაოდენობა დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს - კერძოდ, „სამართლიანი არჩევნების“ განახლებული მონაცემებით ეს იყო უბნების 0,4% და არა 8%, როგორც ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით - 0,5%. და მეორე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად უკან წაიღო მისი თავდაპირველი განცხადება, რომ დისბალანსის შესაძლო გავლენა შედეგზე 4,1% შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, დადასტურდა რომ 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე აღმოჩნდა მცდარი, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო პარალელური დათვლის შედეგების შეჯამების პროცესში პროფესიული სტანდარტის დარღვევით. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებს რომელთა მიმართაც მათ აქვთ პრეტენზია. ამის ნაცვლად, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს და აუხსნან მათი პრეტენზიის არსი. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ, რომ შესწორების ოქმი არის იგივე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, როგორც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმი და რომ მასაც ხელს აწერენ იგივე კომისიის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შევხვდეთ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, ასევე გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გამოყენებით.

23 იანვარი, 2021

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

მოგეხსენებათ, პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს, ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც პარტიის სამდივნო აირჩია. აგრეთვე, პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს შემადგენლობას - გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ ბატონი კახა კალაძეა, პოლიტიკურ მდივნად, პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა იქნება, რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ხოლო რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით აღმასრულებელი მდივანი ვიქნები მე და შევუდგები საქმიანობას.

16 იანვარი, 2021

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა პარტიის ყრილობაზე

მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მინისტრებს, დეპუტატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ჩვენს ახალ წევრებს და რაც მთავარია, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ძველ და გამოცდილ თანამებრძოლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლეთ და დღესაც ვიბრძვით. მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს, დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ფორმატში გვიწევს ჩვენი ყრილობის ჩატარება. ჩვენი პარტიისთვის, მისი თითოეული წევრისა და მხარდამჭერისთვის განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ იდეის სულისჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს მოვიდა პოლიტიკაში, შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც ყველა იმედი დაკარგული ჩანდა, ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა. ამ და შემდგომი დიდი გამარჯვებების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მას და მთლიანად ჩვენს გუნდს მესამე ვადით გამოგვიცხადა ნდობა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით, გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა და ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ ყველას დაგვანახა თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება. ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ. რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ. ჩვენ, განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა, გარკვეული შეცდომებიც დავუშვით და რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით და ისიც გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენს თანაგუნდელად მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით მიენიჭა ნდობა. საქართველოს მოსახლეობამ ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც არაერთი სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად მოიყვანა დღევანდელ დღემდე. მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდის თითოეულ წევრს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს. წინ უამრავი გამოწვევაა - საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვალვა, გადარჩენა და კონტექსტი დღესაც რთულია. თუმცა, დღეს, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ დ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა. პირველ რიგში უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა, განვითარების სწორ რელსებზე. ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალქისათვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ. ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - მას, რა თქმა უნდა, ამის ძალა შესწევს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, თუკი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა. ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის, პირველ რიგში ჩემი, როგორც ქალაქის მერი, როგორც ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგითი ჯარისკაცის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის სხვა ლიდერების სახით, გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს. თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს. ყველანი ერთად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება, გამარჯვებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მოიპოვებს. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და ჩვენს ქვეყანას. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.

16 იანვარი, 2021

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პარტიის ყრილობაზე

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, ძალიან დიდი მადლობა გენერალურ მდივანს ,კახა კალაძეს ასეთი თბილი წარდგენისთვის - ნამდვილად საამაყოა, რომ ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი თბილი სიტყვებით წარგადგენს და გიჭერს მხარს. მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ დღეს, ჩვენს ყრილობას. მივესალმები ჩვენი პარტიის 44 ათას წევრს. თითოეულ მათგანს შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნისა და ჩვენი პარტიის წარმატებაში. ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად. ჩვენ გაერთიანებული ვართ „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ ალბათ სამ მთავარ რამეში გამოიხატება: პირველი, ეს არის ერთიანი საქართველო - ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო , სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს. ჩვენი ქართული ოცნება საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით - საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. გასული წლების მანძილზე, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ. დღეს, როდესაც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო - ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ 2021 წელს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის.

16 იანვარი, 2021

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრების წარდგენა

ირაკლი კობახიძე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი ვასილ მაღლაფერიძე - პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი გახარია - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაია ცქიტიშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ვოლსკი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თეა წულუკიანი - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თამჯდომარე კახაბერ კუჭავა - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ გომელაური - პოლიტიკური საბჭოს წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკოლოზ სამხარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი სამხარაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკური საბჭოს წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

11 იანვარი, 2021

ბიძინა ივანიშვილის წერილი

 შესავალი   „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.   ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში.   ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.   შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა - „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.   ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.   დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.   ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.    სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს  გახდის ხელისუფლებას.   პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.   როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია.  შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.   არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და  ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ  არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.   შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.   დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.       რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ,,მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.                                  რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს,  პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს...     პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები   2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:   1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი; 2)  ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.   შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს.       რეტროსპექტივა   რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება.  წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:   „გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს: ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”   „...პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.“   „ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა.“    „უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, ...რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს.“      ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.   საიდან დავიწყეთ   2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო -  ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური „რვიანის“, შემდეგ კი, „ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.   ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან  ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის,  საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა  სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს.    2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია.   გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა,  როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი   ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ,  პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი.   ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას   ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო  ისეთი ხელისუფლება, რომელიც  მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად  და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული  ღირებულებები. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას. მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება  დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, - როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი - როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს  ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს.   დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს   „ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში  გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი  ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში  „ქართული  ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია.  მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა  დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.   ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი  გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი (იხ. დანართი).   კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად,  ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის,  რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.   დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.   არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.   ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.   რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.   გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია,   არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და  პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი  კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი  ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი  და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.   ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია,  ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების  სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.   შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის  ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში  თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება. დიდი ილია ამბობდა, ,,შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ...“   ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.   მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს.    დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან - უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.   არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:   „მერე რა, რომ დავმარცხდით?! მერე რა, რომ არ გაყალბებულა?! მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?! მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?! მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?! მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?! არა! ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ! ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში! ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .   (დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, - ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს).   ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.   უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: „მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება - ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი - უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.   ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.   ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, - სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.   ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.   მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას - „ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.   ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.   დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.   სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.   ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის  ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა.    ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა.   მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ - თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.   რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.   მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც - თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც.   სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის   კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.   დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.   მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.   მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.   მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს,  ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.   დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით  ყველას. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!          

11 იანვარი, 2021

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ძირითადი პარამეტრები:

მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლოში 64-ე პოზიცია გვეკავა; 2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, და დღეს, საქართველო ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა,  „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის  13 სახელმწიფოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.  იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა.   2020 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო. “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადი კონკურენტუნარიანი განვითარება და ამ ფასეულობაზე დაფუძნებული კეთილდღეობის შექმნა. გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, 2020 წელს საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით, (რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.   საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი  2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსშიც“ დააფიქსირა, შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო. „კეთილდღეობის ინდექსს“ ცნობილი ბრიტანული თინქ თენქი, ლეგატუმის ინსტიტუტი აწარმოებს 2007 წლიდან. 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა. ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავი მიეძღვნა. კერძოდ, ჩვენი ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა. კვლევაში გაანალიზებულია საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით. „ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე“- აღნიშნულია დასკვნის სახით ანგარიშში. მიუხედავად ასეთი მნიშველოვანი საერთაშორისო აღიარებისა, საქართველო ჯერ კიდევ რჩება საშუალო შემოსავლიანი სტატუსის ქვეყნად, თუმცა ამ მიმართულებითაც განიცადა პროგრესი. ბოლო 8 წელიწადში საქართველომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, დაბალი საშულაო შემოსავლის ჯგუფიდან მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და  მიმდინარე ფასებში 15 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ევროპასა და აზიაში საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე ვართ. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და ამ ინდიკატორითაც მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში ვართ საშუალოშემოსავლიანი ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს ერთი საფეხური აშორებს უმაღლესი საკრედიტი რეიტინგის მისაღებად და მხოლოდ ორი საფეხური - საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად, რისი მიღწევაც უახლოეს წლებში სავსებით რეალისტურია. პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლო რვა წლის განმავლობაში, 104-დან მე-60-ზე გადავინაცვლეთ, რაგან წარსულს ჩაბარდა დრაკონული რეგულაციები, რითაც ხელისუფლება ტელევიზიებს აკონტროლებდა და არც ახლის გახსნის უფლებას იძლეოდა. მედია გახდა პლურალისტური, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი. ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს. იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს  ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.   მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.   ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტს მიერ მსოფლიოს 163 ქვეყნისთვის დათვლილი გლობალური მშვიდობის ინდექსით ნაცმოძრაობის დროს საქართველო თითქმის ყოველთვის ბოლო ოცეულში იყო.  „ქართულმა ოცნებამ“ ეს მაჩვენებელი 44 ადგილით გააუმჯობესა და ქვეყანამ 95-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის  „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა. სრულიად შეიცვალა მართლმსაჯულება, რომელიც თანდათანობით დამოუკიდებელ ინსტიტუციად ყალიბდება. მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკა დასრულდა. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ მხოლოდ ქონებრივ დავებზე ათასობით საჩივარი დაიწერა, რომელთა ნაწილის დასაკმაყოფილებლადაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯა.   2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში:   ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა; თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160%-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.   შევხედოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და საგარეო ურთიერთობებს. დასავლური ინტეგრაციის პროცესის არნახული ზრდის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მომზადდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), შევუერთდით ნატოს რეაგირების ძალებს (NRF), გაიხსნა ნატოს საწვრთნელი ცენტრი, მოხდა ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის პირველი პაკეტის შესყიდვა და გაფორმდა კონტრაქტი შემდგომ შესყიდვაზე, მოგვყიდეს ჯაველინები, რაც მხოლოდ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორების პრივილეგიას წარმოადგენს, საქართველოში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი წვრთნები (NATO-ს და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად).   სხვადასხვა საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, ქვეყნის წინსვლა არ შეფერხებულა. 8 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი მემკვიდრეობით მიღებული 8.6 მილიარდიდან 15 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.   ორნახევარჯერ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 2012 წლის 1.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 2019 წელს 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაკი ამ ნიშნულს ერთხელ უკვე მივაღწიეთ, პანდემიის შედეგად დაკარგულ პოზიციას პოსტ-კრიზისულ პერიოდში მალევე აღვიდგენთ. ქვეყანაში გასამმაგდა საწოლი ადგილების რიცხვი, რაოდენობამ 2012 წელს არსებული 33 ათასი საწოლი ადგილიდან 2020 წელს 101 ათასს მიაღწია. თუკი სამთო კურორტებზე 2011-12 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა 88 ათასი იყო, 2018-19 წლებში ვიზიტორთა რიცხვმა 603 ათასი შეადგინა.  ეს რიცხვები კარგად გამოხატავს სექტორის ზრდას, რაც პირდაპირ ნიშნავს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირთა შემოსავლებს.   ეკონომიკის ზრდა სათანადო ინფრასტრუქტურული მშენებლობების მასშტაბით გახდა შესაძლებელი. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენს მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს. წინა ხელისუფლებამ, 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტი გავაკეთეთ.   ორჯერ მეტია გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვიც, თუკი ნაცმოძრაობის დროს ასეთი 172 ათასი იყო, ქართული ოცნების დროს გაზი 320 ათასმა აბონენტმა მიიღო.   შთამბეჭდავია სოფლის მეურნეობაში მიღწეული შედეგი. ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი პროგრამის ამუშავებით პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2012 წლისთვის აგროსურსათის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 753 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 55 პროცენტითაა შემცირებული და 2019 წლისთვის 356 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუკი დარგის ბიუჯეტი 2012 წელს 511 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2019 წელს 900 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.   2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა. 2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა, და  55 ათას ჰექტარს მიაღწია. 2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა, და  300 ათას ტონას მიაღწია. შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში - მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.    ბიუჯეტის ზრდის მხრივ გამორჩეულია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო. 2012 წელს მისი ოდენობა 1.7 მილიარდ ლარს უდრიდა, დღეს კი 5.5 მილიარდი ლარია.  გაორმაგდა პენსია, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, 10.5 პროცენტით შემცირდა სიღარიბე. ნაცმოძრაობამ თავის დროზე სიღარიბის შემცირება მხოლოდ 4.3 პროცენტით შეძლო. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხომ საყოველთაოდ აღიარებულ გამარჯვებას წარმოადგენს.   განათლების ბიუჯეტი 2012 წელს არსებული 700 მილიონი ლარიდან 1.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.  გაუქმდა საბავშვო ბაღების გადასახადი, უფასო გახდა სასკოლო წიგნები, გახუთმაგდა პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება, 9.6 მილიონი ლარიდან რიცხვმა 51 მილიონი ლარი შეადგინა. სასწავლებლებს ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავთ გადამზადებული. უმაღლეს განათლებაზე წლიურად იხარჯება 178 მილიონი ლარი, 2012 წელს ეს იყო 84 მილიონი ლარი.  მეცნიერებასა და სამეცნიერო კვლევებზე იხარჯება 64 მილიონი ლარი, 2012 წელს ეს იყო 15 მილიონი ლარი.                                   

11 იანვარი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე

გვესმის, რომ დღეს საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიმართულია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებისკენ, თუმცა გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი.ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა.კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით - გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას.დღევანდელ ბრიფინგზე გვინდა, ასევე, შევეხოთ დაგეგმილ საარჩევნო რეფორმას, რომლის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა. არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს.აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება. თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა მათთვის არის ბოლო შანსი, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნონ სახე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. თუ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მათი მონაწილეობის გარეშე წარიმართება და დასრულდება, ისინი ამ შანსსაც საბოლოოდ გაუშვებენ ხელიდან.

11 იანვარი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები.პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით.ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ.ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის რა თქმა უნდა გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ.დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.

11 იანვარი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომა გაიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის მიერ დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.ყრილობა, რომელიც 16 იანვარს გაიმართება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს.პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების ოცდაერთკაციანი სია.პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

06 იანვარი, 2021

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 40 წელია რაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო ულოცავს. „ჩემთვის სასიამოვნოა ინფორმაცია თქვენთვის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მონიჭების შესახებ, რაც გულწრფელად მიხარია და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ. ეს პრესტიჟული წოდება პატივს მიაგებს თქვენს სამაგალითო ბიოგრაფიას, თქვენი თავდადების ხარისხს დემოკრატიის სამსახურში და, ასევე, თქვენს სიყვარულს საფრანგეთისადმი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და, ასევე, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ წელსაც. მსურს, დაგარწმუნოთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების გულწრფელობაში“,- ნათქვამია მილოცვაში. როგორც საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.