22 მაისი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა ბათუმის ახლადაშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა ბათუმის ახლადაშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია "SISPITCHES" დააგო. 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ბათუმის სტადიონის ასაშენებლად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი გამოიყო.

22 მაისი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ.შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. „პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღეს გვქონდა შეხვედრა აჭარის აქტივთან. ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე, ასევე, მათთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 23 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.

24 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

მინდა მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს ორი წლის განმავლობაში სპიკერის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის. არჩილ თალაკვაძემ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ. ორი წლის მანძილზე იგი დიდი წარმატებით უძღვებოდა პოლიტიკურ მუშაობას როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც სერიოზული წარმატებები მოუტანა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ქვეყანას. ამ ორი წლის მანძილზე არჩილ თალაკვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყველა მიმართულებით როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასევე პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში, ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა. როდესაც არჩილმა გაგვიზიარა საკუთარი გადაწყვეტილება, გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რაშიც ჩართული იყვნენ პარტიის ლიდერები. მისი პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს, რაზეც თავად მოგახსენათ. გასული თვეების მანძილზე ის აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, შესაბამისად წარმოდგენილი იყო როგორც მხარე. რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური. არჩილის მოსაზრება გახლდათ ის, რომ ამ პროცესში მისი აქტიური ჩართულობა, როგორც მხარისა, იყო გარკვეულწილად გამოწვევა შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციის განხორციელებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის, პარტიის და საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ ერთხელ გადავუხდი განსაკუთრებულ მადლობას გაწეული მუშაობისთვის. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავა. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე.

24 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანის კახა კუჭავას განცხადება

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეობა და ამ საქმეს ძალიან ღირსეულად გაართვა თავი, ხოლო მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება პირველ რიგში მიუთითებს იმას, თუ რამდენად სწორად ხედავს იგი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.   რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთელს გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს - ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.   ორშაბათიდან, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

19 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადება

ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.

19 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადება

მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად. ასევე გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით - ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს. ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან და პრეზიდენტ მიშელთან ერთად, რომელთაც მადლობას ვუხდით პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად გადადგმული ნაბიჯების და ძალისხმევისთვის, იმ მოცემულობით, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნება გაცხადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების შესახებ, რაც ასახულია ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურები ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით შექმნილ კომისიაში. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა. ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას - ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული. ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თვისობრივად გაუმჯობესდა ვითარება, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით. ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, რასაც მსოფლიო ბანკის და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო „IPSOS France“-ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას. რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ.

18 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადება

საზოგადოებას შევახსნებთ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართელოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩაართულიყო მხარეებს შორის მედიაციაში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი ქრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა. „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ.

16 აპრილი, 2021

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს არჩილ თალაკვაძე

მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი. აშკარაა, რომ ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პარტიული ინტერესებია.  როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა მისი სპეციალური წარმომადგენელი. პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების აქტიური ჩართულობით, აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა კიდეც ევროკავშირის სახელით. დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.  ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში,  თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ.  ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული. გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით. დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ და ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს.  გარდა ამისა, ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის  40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობთ, ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია ,,ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში.  ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ.

27 მარტი, 2021

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი გახდა, რომლი ფუნქცია საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება. მეორე საკითხი, რაზეც პოლიტიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით დაგეგმილი მოლაპარაკებები იყო. პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

25 მარტი, 2021

შალვა პაპუაშვილის განცხადება

საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება, იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა მემორანდუმი, რომელიც ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმდა, და რომელსაც შემდეგ ევროპელი სოციალისტებიც შემოუერთდნენ. 2 მარტს, სამუშაო ჯგუფის ერთთვიანი მუშაობის შედეგად დავაინიცირეთ რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, 12 სარეფორმო პუნქტიდან 5 სწორედ სამუშაო ჯგუფის წევრების ინიციატივაა. დღეს ჩენ ვასრულებთ მემორანდუმის ბოლო პირობასაც და ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიმართულებით. პირველი. როგორც იცით, ქართული ოცნების ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო.  2020 წლის არჩევნები 2024 წლისთვის დადგენილი 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ორი სუბიექტი: ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის დონე. 3%-იანი ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების შედეგად მანდატებს 6 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებდა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტში პარტიულ მრავალფეროვნებას, და ამავდროულად მაღალი ალბათობით დატოვებდა პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას. ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც. მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა. დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის 7 წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის. ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლების მოლოდინს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე. როგორც იცით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან.

24 მარტი, 2021

კახა კუჭავას განცხადება

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები: 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა; ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს; ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს; კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა; ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლე ვადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად. შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს  ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება -სენატის შეფასებით საქართველო არის პრო-დასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო ქართულმა ოცნებამ, როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან,  2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.ბუნებრივია, გამოხატული იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა დაიცვან.ქართული ოცნება იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

11 მარტი, 2021

მამუკა მდინარაძის განცხადება

მსურს გამოვეხმაურო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს. IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე. ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო. ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში და შეფასებებიც შესაბამისი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე მივმართავთ - სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

05 მარტი, 2021

მამუკა მდინარაძის განცხადება

პანდემიით გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში დამაიმედებელ და პოზიტიურ ინფორმაციას გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონავირუსით გამოწვეული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე, ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც საბოლოოდ სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება. საქართველოს, ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა.შ. დღეს, ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოლაქალეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული. ამავდროულად საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც პანდემიამდე გვქონდა და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. (ამისთვის გარდა რეფორმების გატარებისა, დამატებით საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, რაზეც აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა).

18 თებერვალი, 2021

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში.

13 თებერვალი, 2021

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

დღეს, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.  სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა - უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი. აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ - დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება.

13 თებერვალი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა