05 მარტი, 2021
პანდემიით გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში დამაიმედებელ და პოზიტიურ ინფორმაციას გვინდა გამოვეხმაუროთ
ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.
ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონავირუსით გამოწვეული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე, ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც საბოლოოდ სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება.
საქართველოს, ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა.შ.
დღეს, ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოლაქალეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული. ამავდროულად საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც პანდემიამდე გვქონდა და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს.
(ამისთვის გარდა რეფორმების გატარებისა, დამატებით საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, რაზეც აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა).