25 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის ბრიფინგს ორგანიზაციის მიერ პარალელურ ხმის დათვლაში დაშვებული უხეში ხარვეზის შესახებ. დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა, სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით, გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა PVT-ის შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი. ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული. ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11 საათიდან 14 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მით უმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების PVT-ის შედეგები 10 ან 11 საათზე გამოქვეყნდა. სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოსდა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5 პროცენტია, რაც სრულად თავსებადია სხავადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ იყო ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენი ამოცანაა, სრულად მოეფინოს ნათელი იმ ორი სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით, მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან.

17 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს. გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას. ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ. ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვუწოდეთ „სამართლიან არჩევნებს“ გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა. ამ მონაცემების გამოქვეყნებას ესაჭიროებოდა ზუსტად ერთი დღე, თუმცა, როგორც ხედავთ, ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია. ამას აქვს მარტივი მიზეზი - სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1 პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ გახდა დაახლოებით ნახევარი პროცენტი. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8-პროცენტიანი მაჩვენებელი არის კიდევ ერთი სიყალბე. ამ სიყალბის გადაფარვა მათ მხოლოდ ახალი, მორიგი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას. უკვე ნათელია, რომ PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელიც არის სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ.„სამართლიანი არჩევნები“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წლების მანძილზე შეჰქონდა უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ორგანიზაცია ძალიან მალე აღიდგენს ცალკეული პირების მიერ შელახულ რეპუტაციას და კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დემოკრატიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამ ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ განახორციელოს პარალელური ხმის დათვლა, რაც გახდება საიმედო საზომი არჩევნების სამართლიანობის შეფასებისთვის.

16 დეკემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ამ ფონზე, ზოგიერთ ადამიანს რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს მართალი არ არის და ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე - ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი - ახმეტა - ყვარელი - ლაგოდეხის, მცხეთა - დუშეთი- თიანეთი -ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური - ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული -თერჯოლა - ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური - ქედა - შუახევი - ხულოს საარჩევნო ოლქებში. ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კანდიდატების გამარჯვება იქნება გარდაუვალი, რადგან ასეთია საზოგადოების განწყობა.ასევე, მინდა 2 საკითხს შევეხო - პირველი , მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას , რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა , ოპოზიცია მაინც მუშაობს ველზე თავისი აგიტატორების მეშვეობით, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც მათი აგიტატორების რაოდენობას, ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი. ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათ მოქმედებებს. ასევე, მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო , რომ უდიდესი ნაწილი მათი კანდიდატებისა, რომლებიც არიან მაჟორიტარები , უკვე მათი საარჩევნო სიის, პროპორციული სიის შედეგების მიხედვით პარლამენტის დეპუტატია, მათ მოპოვებული აქვთ მანდატი, რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ გამსვლელ სიაში ჩვენი მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი შეყვანილი არ ყოფილა, მათ მანდატი არ აქვთ და იცით რომ " ქართულ ოცნებას " დღევანდელი შედეგებით და მდგომარეობით 73 მანდატი აქვს მოპოვებული და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერა. არ შემიძლია არ შევეხო ეგრეთწოდებული სირცხვილის კორიდორს ,რომელთან დაკავშირებითაც ყოველგვარი მორიდების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ გუშინ გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან უკვე გაემიჯნა, თუმცა ნათლად ჩანს რომ ეს არის განსაკუთრებით " ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ , ხალხის მიმართ. მართალია რამდენიმე მათგანმა, მაგრამ მათ გაბედეს სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ამ სახის, ამ მეთოდის დაანონსება საარჩევნო დღისთვის ,მეორე ტურისთვის, რაც წარმოუდგენელია. არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან.

14 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები. მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს. ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა.

14 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ დროის მანძილზე ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. საჯაროდ შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით.თუმცა, სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.პირველი - განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა.მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს - კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე hქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება. 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით.„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ.ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით.

12 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ საღამოს გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმის პარალელური დათვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ხმის პარალელური დათვლა - ე.წ. PVT განიხილება როგორც ცესკოს მონაცემების კორექტულობის გადამოწმების მთავარი მექანიზმი. განსხვავებით გასული წლებისგან, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) მიერ ამა წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ PVT-ში პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკოს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. კერძოდ, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2,4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ. PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი. ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა. დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისათვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ. ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, რასაც PVT-ზე აგებული მათი სპეკულაციების სიმცდარის მხილებაც ცხადყოფს. ჩვენ არავის მივცემთ კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. პირველ რიგში, სწორედ სიყალბეს უთხრა უარი ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს.

10 დეკემბერი, 2020

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები  დაასახელა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაში“, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული საბოლოო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან:   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ - არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ - კახაბერ კუჭავა; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ - დავით სერგეენკო; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად - ირაკლი კობახიძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ - მამუკა მდინარაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ანრი ოხანაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ - მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ - სოზარ სუბარი; საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ - მაია ბითაძე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ - ნიკოლოზ სამხარაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ - მაკა ბოჭორიშვილი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ბექა ოდიშარია; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - დიმიტრი ხუნდაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ - თეა წულუკიანი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ - მიხეილ ყაველაშვილი.

09 დეკემბერი, 2020

ირაკლი კობახიძის განცხადება

გვსურს, გაგიზიაროთ მოსაზრებები ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების თითქოსდა სისტემური გაყალბების ბრალდებას ეფუძნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა 31 ოქტომბრის არჩევნები ერთხმად შეაფასა როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი საარჩევნო პროცესის გასაპროტესტებლად, რამაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართებოდა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელიც იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის იმ ოქმებსაც, რომლებშიც დისბალანსი დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებულ არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ.  მიუხედავად ბრალდების აბსურდულობისა, მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ - პირველი,  1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა; მეორე, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; მესამე, სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით - სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს.  ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო.  გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ამ მიზანზე გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან. აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.  ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში.  კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.  თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას. რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც. სულ უფრო ხშირდება მათი თავდასხმები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე - შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში.  დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ. რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ყველაფერს, რასაც კი ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ შესაბამისი პარტიები ქმნიან მნიშვნელოვან ბარიერს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმაც არის გამოხატულება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხია, რაშიც ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს განიხილავენ.  „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რის რესურსიც მათ, ბუნებრივია, არა აქვთ.  ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც. როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ

09 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება

გვსურს, გაგიზიაროთ მოსაზრებები ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.როგორც მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების თითქოსდა სისტემური გაყალბების ბრალდებას ეფუძნებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა 31 ოქტომბრის არჩევნები ერთხმად შეაფასა როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი საარჩევნო პროცესის გასაპროტესტებლად, რამაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართებოდა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელიც იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის იმ ოქმებსაც, რომლებშიც დისბალანსი დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებულ არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ. მიუხედავად ბრალდების აბსურდულობისა, მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ - პირველი, 1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა; მეორე, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; მესამე, სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით - სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან.აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს. ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა.როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო. გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ამ მიზანზე გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები.მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან.აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა.ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი. ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას.რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც. სულ უფრო ხშირდება მათი თავდასხმები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე - შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში. დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ.რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ყველაფერს, რასაც კი ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ შესაბამისი პარტიები ქმნიან მნიშვნელოვან ბარიერს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმაც არის გამოხატულება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხია, რაშიც ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს განიხილავენ. „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რის რესურსიც მათ, ბუნებრივია, არა აქვთ. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც.როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად.ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ

04 დეკემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, მედიის, თუ ორგანიზაციების მხრიდან მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტევას საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ამ ურთულეს ვითარებაში ზრუნავენ და ხშირად შეუძლებელს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამისთვის ბუნებრივია ჩვენს ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დიდი მადლობას ვუხდით. დღეს, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ “კოვიდ19”-ის შედეგებთან გამკლავება. ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაში, ჯანდაცვის სიტემაზე და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი. დღეს და ამ საკითხში, არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებზე თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მითუმეტეს რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის , რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა. სამწუხაროდ ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ის ადამიანები, ვინც დღეს ჯანდაცვის სიტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება და მოწოდებებიც იყო როგორც სპეციალისტების, ასევე ჩვენი მხრიდანაც.კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, დღეს და ამ საკითხში, არ არის თავდასხმების, ფეხის დადების, გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო, რასაც რიგ შემთხვევებში ვაწყდებით. დღეს ერთად დგომა და ამ გამოწვევის ერთად დაძლევა უნდა შევძლოთ. ეს ვირუსი არ არის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცეს - ეს ვირუსი არის მთელი მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის და მთელი საზოგადოების პრობლემა და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.აქვე, მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში. გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დღეს, პირველ რიგში ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის, მეზობლის, თანამემამულის და საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის გაფრთხილებით, ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს.

03 დეკემბერი, 2020

კახა კუჭავას განცხადება

პირველ რიგში, მსურს გამოვეხმაურო ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.ყოველივე ამის ფონზე არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშრეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ამას ახორციელებს პრო-დასავლურობასამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც.  ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. - ბევრი მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული  ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ ნაციონალური მოძრაობა და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას?  რა თქმა უნდა მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს -ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება.  ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნოს.  თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა, პირველ რიგში მათ, კარგად იციან რომ დამარცხდნენ კონკურენტულ ორთაბრძოლაში, მაგრამ კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან.  საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციის და დეესკალაციისმიზნით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით და ყველას მივეცით შანსი დესტრუქციის და ძალადობის მაგივრად, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს დაბრუნებოდნენ.    ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან.

03 დეკემბერი, 2020

კახა კუჭავას განცხადება

პირველ რიგში, მსურს გამოვეხმაურო ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.ყოველივე ამის ფონზე არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშრეებისა და სტრატეგიული პარტნოერების მიმართ და ამას ახორციელებს პრო-დასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. - ბევრი მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტირური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ ნაციონალური მოძრაობა და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებეში ითხოვენ მათ მხარდაჭერას? რა თქმა უნდა მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს -ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება. ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნოს. თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა, პირველ რიგში მათ, კარგად იციან რომ დამარცხდნენ კონკურენტულ ორთაბრძოლაში, მაგრამ კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან. საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციის და დეესკალაციის მიზნით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით და ყველას მივეცით შანსი დესტრუქციის და ძალადობის მაგივრად, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს დაბრუნებოდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან.

02 დეკემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადება

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვეხმაურო თბილისის მერის და პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი კახა კალაძის მიერ დაყენებულ ინიციატივებს.თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა თხოვნით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, აღასრულონ ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 17 დღეში, უზრუნველყონ თავიანთი სააგიტაციო პლაკატების დემონტაჟი. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გასუფთავებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე.მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, მერიის და უშუალოდ მერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროგრამა განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ხდებოდა ოჯახებისთვის სურსათის დარიგება, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის პროდუქტების მიწოდება თუ სხვა.,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, ჩვენს ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში - ჩვენი ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა ერთიანი შტაბი, რომელშიც 3000- ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა. მარტიდან მოყოლებული დღესაც, ასობით მოხალისე თბილისსა და რეგიონებში მონაწილეობს პროდუქტების დარიგებაში, საინფორმაციო კამპანიებსა და სხვადასხვა აქტივობაში. ახალგაზრდები ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ახალგაზრდული ორგანიზაცია როგორც პირველი ტალღის დროს, დღესაც მზად არის და სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერიის მიერ სურსათის დარიგების პროგრამაში და ნებისმიერ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა უწყებებს დასჭირდეთ.მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს.„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.მოვუწოდებთ ყველას, ვისაც მოხალისეობრივ საქმიანობაში სურს მონაწილეობა, შემოგვიერთდეს.

21 ნოემბერი, 2020

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად გააკეთა

„კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა და გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. შედეგად, მივიღეთ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად, პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ - ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის განცხადება

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც. ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ. აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი.

21 ნოემბერი, 2020

ირაკლი კობახიძის განცხადება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური.  

21 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები. შემოსულია უკვე 300-ზე მეტი უბნის მონაცემები, ოქმების მიხედვით. აქტივობას რაც შეეხება, იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, საჯაროდ. 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მე-2 ტურში. მადლობას ვუხდით მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" კანდიდატებს აღნიშნულ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი, ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს.

21 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი.როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება:- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 მანდატი;- ევროპული საქართველო - 5 მანდატი;- ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი - 4-4 მანდატი;- მოქალაქეები - 2 მანდატი;- ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი.შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა.თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება.რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. მოგვიანებით გაგაცნობთ მეორე ტურის დაზუსტებულ შედეგებს.

21 ნოემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები ტარდება და საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. ჩვენ დილიდან არაერთხელ წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ. მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის.დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ. მე შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო იმისათვის, რომ გაირკვეს ვის სთხოვეს აჭარის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე - ესენი არიან ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ გვითხრეს.გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა ეგრეთწოდებული ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს და იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუს-ს რომ მოიშველიებენ ხოლმე. პარტიაში გვაქვს ყველა ინფორმაცია, ძალიან ბევრი მათი წარმომადგენლისგან გამოდის ეს ინფორმაცია და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით, ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ პროვოკაციებს , ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება - ესეც მდარე პროვოკაციაა და მითუმეტეს ნაც მოძრაობისგან, რომელიც მთელი თავისი ეგრეთწოდებული მოღვაწეობის განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები მხარდაჭერისა რეზოლუციის, სადაც ეწერა რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას.ასევე ისინი აპირებენ , ერთერთი მინიპროვოკაცია იმაში მდგომარეობს, რომ საღამოს თქვან, თითქოს ქართული ოცნება ავალებდა თავიანთ მხარდამჭერების ნაწილს, რომ მათ შემოეხაზათ ხუთიანები იმისათვის, რომ თითქოს ეს ხელოვნური კონკურენცია გაჩენილიყო, თითქოს ისინი არ აქტიურობენ თავისი აგიტატორების მეშვეობით.ასევე, წეღან შალვა პაპუაშვილმაც გითხრათ, რომ ისნის ერთერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას - ნამდვილად არ ვიცით, თორემ ამას გეტყოდით, პროვოკაციის ფორმა, თუმცა ერთერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ რომ იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან. ასე რომ ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას და თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ასეთი პროვოკაციების შესახებ, მათი ძალადობრივი მოქმედებების და დაგეგმილი, მოგონილი გაყალბების შესახებ ჩვენ წინასწარ ვუყვებოდით საზოგადოებას და ყველა პუნქტი იყო მართალი - ამაშიც თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება კარგად დარწმუნდით.