×

04 დეკემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, მედიის, თუ ორგანიზაციების მხრიდან მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტევას საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ამ ურთულეს ვითარებაში ზრუნავენ და ხშირად შეუძლებელს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამისთვის ბუნებრივია ჩვენს ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დიდი მადლობას ვუხდით.
დღეს, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ “კოვიდ19”-ის შედეგებთან გამკლავება.
ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაში, ჯანდაცვის სიტემაზე და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი.
დღეს და ამ საკითხში, არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებზე თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა.
ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მითუმეტეს რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის , რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.
სამწუხაროდ ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ის ადამიანები, ვინც დღეს ჯანდაცვის სიტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება და მოწოდებებიც იყო როგორც სპეციალისტების, ასევე ჩვენი მხრიდანაც.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, დღეს და ამ საკითხში, არ არის თავდასხმების, ფეხის დადების, გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო, რასაც რიგ შემთხვევებში ვაწყდებით. დღეს ერთად დგომა და ამ გამოწვევის ერთად დაძლევა უნდა შევძლოთ.
ეს ვირუსი არ არის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცეს - ეს ვირუსი არის მთელი მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის და მთელი საზოგადოების პრობლემა და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.
აქვე, მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში.
გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
დღეს, პირველ რიგში ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის, მეზობლის, თანამემამულის და საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის გაფრთხილებით, ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს.