×
×

16 აპრილი, 2021

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს არჩილ თალაკვაძე

მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი. აშკარაა, რომ ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პარტიული ინტერესებია. 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა მისი სპეციალური წარმომადგენელი. პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების აქტიური ჩართულობით, აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა კიდეც ევროკავშირის სახელით.

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. 

ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში,  თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. 

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით.

დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ და ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს. 

გარდა ამისა, ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის  40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.

ხაზგასმით ვამბობთ, ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია ,,ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში. 

ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ.