30 ივლისი, 2021

მერობის კანდიდატები

  რუსთავი ნინო ლაცაბიძე გარდაბანი დავით კარგარეთელი მარნეული კენან ომაროვი ბოლნისი დავით შერაზადიშვილი დმანისი კობა მურადაშვილი წალკა ილია საბაძე თეთრიწყარო გიორგი წიკლაური თელავი ლევან ანდრიაშვილი ახმეტა ალექსი ფიცხელაური ყვარელი გივი ზაუტაშვილი ლაგოდეხი ჯონდო მდივნიშვილი გურჯაანი ზურაბ უტიაშვილი საგარეჯო ავთანდილ გულიკაშვილი სიღნაღი მალხაზ ბეგიაშვილი დედოფლისწყარო ნიკოლოზ ჯანიაშვილი გორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კასპი ვახტანგ მაისურაძე ქარელი ზაზა გულიაშვილი ხაშური თენგიზ ჩიტიაშვილი ახალციხე ირაკლი ლაზარაშვილი ასპინძა როსტომ მაგრაქველიძე ბორჯომი ოთარ არბოლიშვილი ადიგენი გოჩა ქიმაძე ახალქალაქი მელქონ მაკარიანი ნინოწმინდა ანივარდ მოსოიანი მცხეთა დიმიტრი ზურაბიშვილი დუშეთი მანანა ნარიმანიძე თიანეთი ლევან წიკლაური ყაზბეგი შალვა ელოშვილი ქუთაისი იოსებ ხახალეიშვილი ბაღდათი კახა ენუქიძე ჭიათურა გივი მოდებაძე წყალტუბო გენადი ბალანჩივაძე საჩხერე ლევან ივანაშვილი სამტრედია დავით ბახტაძე თერჯოლა ლაშა გოგიაშვილი ტყიბული დავით ჩერქეზიშვილი ვანი ალექსანდრე გოგორიშვილი ხარაგაული კობა ლურსმანაშვილი ხონი ლადო ჯურხაძე ზესტაფონი ვასილ გველესიანი ამბროლაური ლაშა ჭიჭინაძე ონი სერგო ხიდეშელი ცაგერი გიორგი ნემსაძე ლენტეხი გია ონიანი ზუგდიდი მამუკა წოწერია წალენჯიხა გოგა გულორდავა ჩხოროწყუ დათო გოგუა ხობი დავით ბუკია სენაკი ვახტანგ გადელია მარტვილი თორნიკე ჯანაშია ფოთი ბექა ვაჭარაძე აბაშა  გიგა გაბელაია მესტია კაპიტონ ჟორჟოლიანი ოზურგეთი ავთანდილ თალაკვაძე ლანჩხუთი ალექსანდრე სარიშვილი ჩოხატაური დავით შარაშიძე ბათუმი არჩილ ჩიქოვანი ქობულეთი ლევან ზოიძე ხელვაჩაური ზაზა დიასამიძე ქედა როლანდ ბერიძე შუახევი ომარ ტაკიძე ხულო ვახტანგ ბერიძე      

28 ივლისი, 2021

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებული სიღრმისეული ანალიზით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, იყო სიცრუე და არ ემყარებოდა არავითარ მტკიცებულებებს: პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგები იყო სიყალბე; 8-პროცენტიანი მეტობის დისბალანსი იყო სიყალბე; განცხადებები არჩევნების წინასწარი შედეგების დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით იყო სიყალბე; ბრალდებები უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსყიდვის, ზეწოლისა და მუქარის, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლის შესახებ იყო სიყალბე; საუბარი დაუბალანსებელი ოქმების არასტანდარტული რაოდენობის შესახებ იყო სიყალბე; საუბარი ბათილი ბიულეტენების არასტანდარტული რაოდენობის შესახებ იყო ასევე სიყალბე. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ შემთხვევაშიც გაექცა დისკუსიას არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: ამ პარტიებმა იმთავითვე ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი კამპანია არჩევნების გაყალბების შესახებ იყო წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ისახავდა მიზნად. გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღე შესრულდა. ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს: საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენიებულმა ორივე კრიმინალმა; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გართულდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა; ორი მოსმენით მივიღეთ კანონი ამნისტიის შესახებ და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დავუტოვეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო კანონის მესამე მოსმენით მიღებასა და შესაბამისად, ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვან აღსრულებაში; განვახორციელეთ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, არსებითად გავზარდეთ ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოვიღეთ საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლის გარანტია, დავაწესეთ 100-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო და ა.შ.; დავაინიცირეთ კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ; 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, თავი შევიკავეთ არსებული წესების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისგან, „დავაპაუზეთ“ პროცესი, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების მიხედვით გადავსინჯეთ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმები და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე ავირჩიეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები; დავიწყეთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო; არაერთგზის განვაცხადეთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობებს ოპოზიციას შემოდგომაზე გავუნაწილებდით, როგორც ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა. „ქართული ოცნების“ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედების მიუხედავად, ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ, ოპოზიციონერი პარლამენტარების უმრავლესობამ დღემდე არ მოაწერა ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იყო. როდესაც საუბარია პოლარიზაციაზე, ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლარიზებული პოლიტიკური მოცემულობის ორ სხვადასხვა პოლუსზე დგანან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც ამ ორი პარტიიდან მხოლოდ ერთს აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი, ბუნებრივია, პოლარიზაცია ვერ შემცირდება და მითუმეტეს, ვერ დასრულდება.   იმ ოპოზიციური პარტიების ჯამური ელექტორალური მხარდაჭერა, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის, ბუნებრივია, საკმარისი არ არის. შეგახსენებთ, რომ გასული 100 დღის განმავლობაში, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმომწერმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა განახორციელეს ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გამართეს შეხვედრები სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ამავე პერიოდში, საქართველოს ესტუმრნენ შარლ მიშელი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. თუმცა, ამ ფონზეც კი, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უარი თქვა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე. გარდა ამისა, შეთანხმების ხელმომწერი ერთ-ერთი პარტია - „ლელო“ უხეშად არღვევდა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის მან მხარი არ დაუჭირა შეთანხმებით გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმას. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ პარტიებმა თვეების მანძილზე არ აიღეს კარვები რუსთაველის გამზირიდან. ამასვე ადასტურებს ის ამორალური და აგრესიული კამპანიაც, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მისივე კუთვნილი ტელევიზიების საშუალებით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დღემდე აწარმოებს. რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ, მოკლევადიან პერსპექტივაში, პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა, დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს: ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება: სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება და მიიღება; შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება; ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ. და ბოლოს, რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება. წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას ჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის.

23 ივლისი, 2021

„ქართული ოცნების“ განცხადება

ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება. სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.

21 ივლისი, 2021

განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას, რომლის მიხედვით, თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა.   აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.   განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.   აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.   ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას.   აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.   მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში? ციტატა გამოსვლიდან: „როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა".   იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.   მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას.

21 ივლისი, 2021

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო,მივესალმები პარტიის  თავმჯდომარეს და მადლობა თბილი სიტყვებისთვის,მივესალმები პრემიერს-მინისტრს,მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს,მივესალმები პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, დედაქალაქის მთავრობისა და  საკრებულოს წევრებს,მივესალმები ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წევრებს, მინდა, ასევე მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს  და მოგმართოთ, როგორც მერობის  კანდიდატმა,  როგორც  მოქმედი  მერმა,  მმართველი  გუნდის  წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში განვითარდა 5 ივლისს.  რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა  ქვეყნის  განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა!  არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური  თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა. ჩემო მეგობრებო, შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში ერთი სკამი ცარიელია, გამორჩეული თბილისელის, ყველასათვის საყვარელი კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ჩემს ღონისძიებებს. განსაკუთრებით მივესალმები ჩემს თბილისელებს! მადლობას მოგახსენებთ ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის, თითოეული კეთილი სიტყვისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვის. საზოგადოება სწორად გამიგებს, თუ ჩემი გამოსვლის მთავარი ადრესატი იქნება დედაქალაქის  მოსახლეობა. თბილისელები ამ ოთხი წლის მანძილზე იყვნენ ჩემს  გვერდით, ხალხი იყო ჩემი  მრჩეველი, თანამშრომელი, გულშემატკივარი და თანამებრძოლი. მსურს, თანაქალაქელებს გულწრფელად გადმოგცეთ ის ემოცია და განწყობა, რაც ეს წლებია ვატარე. პოლიტიკაში მოსვლის წუთიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკით დაინტერესების წუთიდან, ჯერ კიდევ ჩემი პირველი,  სპორტული კარიერის დროს, ვგეგმავდი, როგორ ჩავდგებოდი ქვეყნის, ხალხის სამსახურში, რაღაც სიახლეს შემოვიტანდი არსებულ პოლიტიკურ რუტინაში, ამიტომ, როცა ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა, მისი გუნდის წევრი გავმხდარიყავი, ჩამოვედი და შევუერთდი ქართულ ოცნებას. მადლობა 2012 წლის გამარჯვების ყველა შემოქმედს -პოლიტიკოსს თუ მოქალაქეს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ფეხი შემომედგა პოლიტიკურ ველზე და გადამწყვეტ პროცესებში უშუალო მონაწილეობა მიმეღო. მე ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, ვინც დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას. ჩავდექით ხალხის სამსახურში და თქვენს  მხარდამხარ დაიწყო  ჩემი პოლიტიკური კარიერა. აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში - არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს. რატომ ვიხსენებ განვლილ წლებს და გიყვებით ამ ყველაფერს? - რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა შემომთავაზა ქალაქის მერად მეყარა კენჭი. ძალიან ვნერვიულობდი - მქონდა გრანდიოზული სამეურნეო გეგმები და პოლიტიკური ამბიციებიც. აგრეთვე, დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელების, პრინციპში,  მთელი  ქვეყნის  წინაშე. სულ სხვა გამოწვევა იყო მინისტრის პოზიციის მერე, სულ სხვა სირთულე და დიაპაზონი. თბილისი ხომ უდიდესი გამოცდაა და ამავდროულად  უდიდესი გამოცდილება. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას. გიყვარდეს ქალაქი და ქვეყანა, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება, შენი მოგონებები, შენი და შენი ოჯახის მომავალი უკავშირდება - რა თქმა უნდა, ბუნებრივი და მარტივია, მაგრამ, როდესაც  ამ ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქში მცხოვრები ადამიანები შენ განდობენ თბილისის აწმყოსა და მომავალს, ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობა და სხვა ისტორიაა. ჩვენ დიდი ამბიციით მოვედით ქალაქის სათავეში. გადაწყვეტილი გვქონდა ათწლეულების მანძილზე დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა  თბილისში. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები - მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული - მომავლის თბილისზე გათვლილი. იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის მერე,ცდილობ გარკვეულ  სისტემაში მოაქციო სხვადასხვა სექტორები დედაქალაქში, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ  გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი  სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა  პოლიტიკის კეთებასთან  ერთად  გიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, რომელიც ხედავ როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი - ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის  მერმა.   ჩემო მეგობრებო, ასე შეიქმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა და ყველა მიმართულებით ახალი, არსებითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას გვაძლევდა. ამ პროგრამით, ჩვენ შევძელით ქაოტური განაშენიანების შეჩერება, მივიღეთ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, აღვკვეთეთ კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რომელიც ამახინჯებდა ჩვენს ქალაქს და შეუძლებელს ხდიდა მთელ რიგ უბნებში გადაადგილებას. ამავდროულად, ჩვენ პრაქტიკულად, სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დავაწესეთ ინფრასტრუქტურის განახლების ახალი სტანდარტი, შევქმენით ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტი, გავაშენეთ ახალი სკვერები და პარკები, ქალაქის მასშტაბით ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები და გავაკეთეთ ბევრი ისეთი საქმე, რაც თავიდან, თითქოს წარმოუდგენელიც კი გვეგონა. დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის უფრო მწვანე, უფრო ლამაზი, უფრო ჯანსაღი და თანამედროვე ქალაქი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ და ეს, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით! ცხადია, თბილისს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი, ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს ჩვენს ქალაქში და თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასდროს ვიქნები, სანამ სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს  დასჭირდება ჩვენი და პირადად ჩემი დახმარება. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის. მეგობრებო, მეორე ვადით მერობის კანდიდატად ჩემი წარდგენით, თქვენ მომეცით ერთი მხრივ, საშუალება  დაწყებული რეფორმები თავად  გავაგრძელო და მეორე მხრივ - ამ ძირითად  მიმართულებას - სიცოცხლით სავსე ქალაქს მოვარგოთ ახალი პროექტი - სიცოცხლით  გავავსოთ თითოეული  თბილისური  უბანი  თუ  ეზო. თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე - ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს  ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის. მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური  მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე. სიცოცხლის სიყვარული ჩვენი ქალაქის თვისებაა, ამიტომ, სიცოცხლე მუდმივად უნდა ჩქეფდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. ჩვენ, მრავალფეროვნებით განთქმული ჩვენი ქალაქის ყველა ფერს კიდევ უფრო გამოვკვეთთ, მის ყველა კულტურულ ხაზს და კვალს გამოვიყენებთ, როგორც ჩვენს დიდ უპირატესობას, რადგან ეს ქალაქი ეკუთვნის მის ყველა მცხოვრებს, რადგან თბილისი ყველას აერთიანებს, აერთიანებს ქართველებს და ებრაელებს, ქურთებს, იეზიდებსა და ბერძნებს, აზერბაიჯანელებს და სომხებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს და სწორედ ამ მრავალხმოვან კულტურაშია მისი ძალა, რომელიც ქმნის უნიკალურ თბილისურ სულს და ყველას ნუსხავს. ჩემო მეგობრებო, დღეს, ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი, რა შემძინა ამ 4-წლიანმა გამოცდილებამ. ზუსტად ვიცი რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს. ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანების პრობლემები.   და რაც მთავარია, დღეს ზუსტად ვიცი, რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ყოველი წამოწყების, ახალი პროექტების განხორციელების დროს. რამხელა სტიმულია, როცა გულწრფელად გიზიარებენ დარდსაც და სიხარულსაც, გენდობიან და სჯერათ შენი. ჩემო მეგობრებო, მე ვარ კახა კალაძე, ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი. ამ წინასაარჩევნო მარათონში, რასაკვირველია, ჩემი სახელი და გვარი გაიჟღერებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის  უკან  დგას პროფესიონალების დიდი გუნდი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი - ჩემი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი. ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები. დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მუნიციპალური ინსპექციის, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს - ანუკას, ჩემს შვილებს, რადგან მათი მხარდაჭერა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. და ბოლოს, მინდა გამარჯვება ვუსურვო თბილისს, ქალაქს, რომელიც ახლა აქედან თითქოს ხელისგულივით მოსჩანს და ის მაინც თავიდან დასანახი და აღმოსაჩენია. ჩვენ ერთნი ვართ. მე და თქვენ. და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თბილისი კვლავ გაიმარჯვებს!

21 ივლისი, 2021

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე

დღეიდან, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ვსაუბრობთ რა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არ შეიძლება არ აღვნიშნო პარლამენტის მიერ განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საარჩევნო კოდექსი და ეს ცვლილება საერთო კონსესუსის ფონზე განხორციელდა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებებს აძლევენ. სწორედ ეს, მე ვიტყოდი, ამბიციური რეფორმა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება. არჩევნებზე დამკვირვებლებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამაში თავად დარწმუნდებიან. რაც შეეხება თბილისს - ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი თანდათან ხდება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს  დიდი ყურადღება ენიჭება გარემოს, გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამწვანებას. ასევე, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, რაც ცხადია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე გამოვყოფდი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას. გარდა იმისა, რომ ვხედავთ წარმატებებს, ასევე არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების დასაძლევად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ამ გამოწვევების დასაძლევად მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება ერთადერთი სწორი არჩევანია. მე ხშირად ვამბობ და განვმეორდები, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ.მინდა დასასრულს, წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

21 ივლისი, 2021

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე

ყველას მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ათასობით და ასი ათასობით მხარდამჭერ ამომრჩეველს, რომელთა დახმარებით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 7 არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო. 2012 წელს ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მძიმე იყო მაშინდელი პოლიტიკური გარემო, სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილეობდით. მაშინდელი გამარჯვება აღმოჩნდა ის მყარი საფუძველი, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. იმ დროს ალბათ წარმოუდგენელი იყო ისეთი მჩაგვრელი, ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაზე იყო ორიენტირებული. უსამართლობაზე იყო ორიენტირებული. ძალადობა და ტერორი, ეს იყო ჩვენი  ყოველდღიური ცხოვრების თანამდევი ნაწილი. ეს ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ყველამ ერთად, თქვენთან ერთად და ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით ჩავაბარეთ წარსულს. ეს მძიმე წარსული ასევე თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით არასოდეს არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიტანა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა მიღწევები აქვს „ქართულ ოცნებას“, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, უვიზო რეჟიმით, თავისუფალი ვაჭრობის მიღწევით, ჯანდაცვის რეფორმით, სოფლის მეურნეობის სექტორში რეალური, ხელშესახები პროგრესით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით და აშ.. ამაზე მე არ მინდა, რომ დღეს აქ ვისაუბრო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს მიღწეული პროგრესი და ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო შემდეგი: ყოველი არჩევნები არის განმსაზღვრელი ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების მომავლის. არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი თითოეული მოქალაქე თანამონაწილე ხდება ჩვენი აწმყოსი და ჩვენი მომავლის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების განმსაზღვრელია. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში განახორციელა ჩვენი გუნდის გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ. მე მინდა რამდენიმე სიტყვით დავახასიათო ჩემი მეგობარი კახა კალაძე.2012 წელი ვახსენე და მინდა ყველას გითხრათ, რომ პირველივე დღეებიდან კახა იყო, არის და მჯერა იქნება ავანგარდში, უსამართლობასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის წინააღმდეგ. კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს დიდ ოჯახს, „ქართულ ოცნებას“, არის თანადამფუძნებელი ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი პარტიის, ჩვენს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამარჯვებას. კახამ თავისი წარმატებული ბიოგრაფით, იქნებოდა ეს სპორტი, მთავრობაში მისი წარმატებული საქმიანობა მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში თუ ახლა, ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერად მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. ყველა იმ სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა, ყოველთვის მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს. მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ კახას მიერ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება მის მუხლჩაუხრელ შრომას, 24 საათიან შრომას განვითარებაზე, საკუთარ თავზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და იმ საქმეზე, რაც მას ავალია. მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. მადლობა კიდევ ერთხელ კახას. კახამ ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად, ძალიან ბევრი პრობლემა მოაწესრიგა, მოაგვარა. მან წარადგინა საკუთარი ხედვა შემდგომი განვითარების, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, გამწვანებას და ა.შ. მე ვიცი, რომ კახა კიდევ უფრო ბევრს გააკეთეს ჩვენი დედაქალაქისთვის. და ბოლოს, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო,  მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ჩვენ, მთავარი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის შემდეგი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, რომლიც კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების. დიდი მადლობა!

21 ივლისი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის ლიდერებს, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს - ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს,მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს დღევანდელ ღონისძიებას - ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებებისა,მივესალმები „ქართული ოცნების“ 40 ათასზე მეტ წევრს,ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია. თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქალაქებისა და რეგიონების განვითარება; როგორ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება ქალაქებსა და სოფლებში, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალაქგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო, როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა გაფართოვდეს მუნიციპალური სოციალური სერვისები.მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით.ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი.გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე. ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება - საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას. სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის! ​ჩვენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს.ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ იქნება ნებისმიერ სიურპრიზზე უფრო სასიამოვნო საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის. თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში.„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს - კახა კალაძეს.

16 ივლისი, 2021

პოლიტიკური დიალოგის მონაწილეების - ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით

დღეს გავრცელდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მდივნის მიმართ და პარტიის პოლიტიკურ გუნდთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ საპარლამენტო უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველი. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის გარშემო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა „დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, აზრი აღარ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა! აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში, რომლის შესაბამისად მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა. სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა; შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების ოთხმაგი გასაჩივრების წესი. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების შედეგი იყო, მაგალითად, რომ ოთხთვიანი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი საარჩევნო კოდექსში ოთხკვირიანი მექანიზმით შეიცვალა. ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო. ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს. პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა. სისტემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც. მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს. დასასრულს, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის.

05 ივლისი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში.ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის.ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა „პრაიდის“ ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.ფაქტია, რომ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის - ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში.საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება.

23 ივნისი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო.მოლაპარაკებების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამასთან, მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში, აზრი არ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა.აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში შემდეგი ტექსტით:„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ: - პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;- უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.“აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა. 31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა.სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აპრილში სამი მოსმენით მიიღო.პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას. კერძოდ:- დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა - საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, დაწერილი ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;- შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი - ახალი კანონი ადგენს იმის გარანტიას, რომ პარლამენტს არ წარედგინება არცერთი ისეთი კანდიდატი, რომელსაც წარუდგენელ კანდიდატზე ნაკლები ქულა აქვს მიღებული;- შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი - ორ-ორჯერ გასაჩივრებას ექვემდებარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები კანდიდატების კენჭისყრის ეტაპზე გადაყვანისა და პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ.ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა:- ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან;- საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი;- პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას;- ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებს და არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე იმთავითვე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი.ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური  შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად - მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ, რვიდან ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, „ქართული ოცნება“ არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვან განხორციელებას.როგორც ხედავთ, „ქართული ოცნება“ ბოლომდე იცავს შეთანხმებას და გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას.

31 მაისი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ექვსი თვის მანძილზე ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. „ვერ დამიჭერთ“, „არ გამოვალ“, და „არ შევალ“ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება. უპირველეს ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.დარწმუნებული ვართ „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

23 მაისი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. “რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მთლიანად იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.