×

05 ივლისი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში.

ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის.

ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა „პრაიდის“ ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფაქტია, რომ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის - ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში.

საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.
მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება.