03 აგვისტო, 2021
კახა კალაძის მისალმება
მოგესალმებით მეგობრებო,
პირველ რიგში, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, მთავრობის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, მადლობა მობრძანებისთვის.
მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, თბილისელებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე.
ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, გაკეთდა თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერით, მათი გულშემატკივრობით.
ასე იყო ყოველთვის - ამ ქალაქზე შეყვარებულმა ადამიანებმა დაწერეს თბილისის დიდი ისტორია, გვაჩვენეს თანასწორობის, ტოლერანტობის, თანაცხოვრების, თბილისელობის მაგალითები და რა თქმა უნდა, ასე იქნება მომავალშიც.
დღეს, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას წარუდგენს დედაქალაქის ათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ადამიანებს, რომლებსაც თბილისელების მხარდამჭერის შემთხვევაში, ქალაქისა და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანის წინაშე, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი.
2017 წელს, როდესაც მე და ჩემი გუნდი თბილისის ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი ქალაქი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, გვქონდა უამრავი, ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, იქნებოდა ეს სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ურბანული, ინფრასტრუქტურული თუ არაერთი სხვა მიმართულებით.
კარგად მახსოვს ისიც, რომ მოსახლეობაში არსებობდა ნიჰილიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ათწლეულების განმავლობაში ე.წ. ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქის გაკეთილშობილება და უკეთესობისკენ შეცვლა რთული და წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ დღეს ამაყი ვარ, რომ ნელ-ნელა არათუ თბილისის ქუჩებიდან, არამედ ჩვენი ცნობიერებიდანაც კი ქრება მთელი რიგი საკითხების აქტუალობა, რომელთა მოგვარებასაც თბილისელებს ოთხი წლის წინ შევპირდით.
დღეს, თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი, კომფორტული და მოწესრიგებული ქალაქია, სადაც აღმოფხვრილია უკანონო მშენებლობები, გვაქვს თანამედროვე, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კიდევ უფრო წესრიგდება და კიდევ უფრო განვითარდება, სოციალური პროგრამები, რომლებიც მორგებულია თბილისელების საჭიროებებზე.
მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ, რომ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი და ნურავის ექნება ილუზია, რომ ამხელა შრომის გაწევა მხოლოდ ერთ, ან რამდენიმე ადამიანის შეუძლია.
მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, არსებული გეგმების რეალობად ქცევა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, თითოეული პოლიტიკის კუთხით წარმატებული გზის გაგრძელება, შეუძლებელია კვალიფიციური, ერთგული გუნდის გარეშე.
თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. ამის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ მასშტაბური გეგმების განხორციელებას, რომელსაც ვპირდებით თბილისს და თბილისელებს, ამიტომ თითოეული ამ ადამიანის როლი თბილისის განვითარებაში და თქვენი მხარდაჭერა წარმოდგენილი კანდიდატებისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისათვის.
ჩვენი მიზნებისა და გეგმების განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ თქვენ გყავდეთ თქვენი ერთგული წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში, ჩვენ კი კვალიფიციური თანაგუნდელი თბილისის ყველა რაიონში, რათა ერთიანი, დაუღალავი შრომით, საჯარო სიკეთე ქალაქის თითოეულ უბანზე, ყველა ადამიანზე გადანაწილდეს!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიამაყით წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციიდან, ჩემთან ერთად წერდნენ სიცოცხლით სავსე ქალაქის ისტორიას.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს:
მინდა, პირველ რიგში, წარმოგიდგინოთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, დედაქალაქის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომელიც ჩვენი გუნდის მაჟრიტარობის კანდიდატი იქნება ვაკეში.
გიორგის ზურგს უმაგრებს თბილისის საკრებულოში საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილება და ნამდვილად არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტის მუშაობის სპეციფიკაში უკეთ ერკვევა. მან ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი დედაქალაქი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობამ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მიიღოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა საკრებულოს მხარდაჭერა და პირადად მისი დიდი დამსახურება, დღეს ვერ ვიამაყებდით იმ შედეგებით, რომელსაც განვლილ 4 წელიწადში მივაღწიეთ.
ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და კიდევ უფრო დიდი შემართებით განაგრძობს საკუთარი ქალაქის მსახურებას.
მთაწმინდაზე ჩვენს გუნდს წარმოადგენს ზურაბ აბაშიძე, ზურას ზურგს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება უმაგრებს. ის არის დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის ყოფილი წევრი, დღემდე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. რაც მთავარია, ზუსტად იცის საკუთარი რაიონისა და დედაქალაქის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. დარწმუნებული ვარ, საკრებულოში, ჩვენი გუნდისთვის ის უდიდესი შენაძენი იქნება და მომდევნო 4 წლის მანძილზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას.
სამგორში ქართული ოცნების კანდიდატი კვლავაც იქნება ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრი, მოქმედი დეპუტატი რევაზ სოხაძე, რომელიც გასული ოთხი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს საქმიანობაში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად გაამწვანა და გააფერადა მისი სამაჟორიტარო ოლქი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის სამგორის რაიონში და მთლიანად თბილისში განხორციელებულ ძალიან ბევრ პროექტში, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მინდა წარმატებები ვუსურვო რეზის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ისანში ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, მოქმედი გამგებელი კახა ლაბუჩიძე იქნება, რომელსაც საჯარო სამსახურში, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობის, ასევე პოლიტიკური საქმიანობის უდიდესი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან დღემდე, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად ჩანს, რომ კონკრეტულად ისანში უამრავი საქმე გაკეთდა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ კახას მიუძღვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს და გაათმაგებული ენერგიით ამჯერად უკვე საკრებულოდან განაგრძობს საკუთარი რაიონისა და დედაქალაქის სამსახურს.
კრწანისში ჩვენი გუნდის დეპუტატობის კანდიდატი მოქმედი მაჟორიტარი ლევან ჯაფარიძე იქნება, რომელიც საკუთარ მოვალეობას გასული წლიდან ასრულებს. მანამდე ის იყო კრწანისის რაიონის გამგებელი . ამ ადამიანმა უშუალოდ იცის საკუთარ რაიონში მცხოვრები ადამიანების შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე და მათთან ერთად ცდილობს კიდევ უფრო განავითაროს საკუთარი უბანი. ლევანს ზურგს უმაგრებს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი, წარმატებული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, კრწანისელებისთვის სწორედ ლევან ჯაფარიძე იქნება საუკეთესო მაჟორიტარი.
ნაძალადევში ჩვენს გუნდს წარმოადგენს ამ შესანიშნავი რაიონის მოქმედი გამგებელი ირაკლი ხელაძე, რომელიც მართლაც გამორჩეული ახალგაზრდა კაცია. პირველივე დღიდან, რაც ირაკლი ნაძალადევის გამგებელი გახდა, უდიდესი ენერგიით დაიწყო საკუთარი საქმიანობა, მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაო განახორციელა და დამერწმუნეთ, დღეს, მასზე უკეთ ვერავინ გეტყვით, რა უჭირთ და ულხინთ ნაძალადევის მაცხოვრებლებს, რა გაკეთდა და სამომავლოდ რა არის გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ახლა უკვე საკრებულოდან, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის პირობებში განაგრძობს საკუთარ ქალაქსა და რაიონზე ზრუნვას.
მოგეხსენებათ, გლდანი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გამორჩეული რაიონია, სადაც უმარავი საქმე კეთდება, კიდევ უფრო მეტი კი სამომავლოდ გაკეთდება. ამ პირობებში, ნამდვილად არ არის მარტივი, აიღო ისეთი პასუხისმგებლობა, როგორიც დედაქალაქის საკრებულოში აქ მცხოვრები ადამიანების წარმომადგენლის სტატუსს ახლავს თან. მინდა წარმოგიდგინოთ კონსტანტინე ზარნაძის კანდიდატურა. თუმცა, კოტემ სულ მცირე დროში, გლდანის გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდში დაამტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია, ჩემი გლდანელების ღირსეული წარმომადგენელი იყოს. ის გლდანში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდაა, რომელსაც საჯარო სამსახურში საქმინობის და თავისი რაიონის მსახურების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა. კოტე, გლდანელების მხარდაჭერით აუცილბლად გაიმარჯვებს და გაათმაგებული ენერგიით განაგრძობს საქმიანობას დედაქალაქის საკრებულოში.
დიდუბეში, ჩვენი კანდიდატი იქნება გივი ჩხარტიშვილი, ენერგიული, თანამედროვე ხედვების მქონე ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი გუნდის - ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცის გამორჩეული წევრია. მან საკუთარი შესაძლებლობები, საქმის კეთების უნარი, საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული ჩვენს გუნდში საქმიანობით უკვე დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე სხვა ამპლუაში, კიდევ უფრო დიდი მოტივაციითა და ენერგიით განაგრძობს ჩემი თბილისელების, დიდუბისა და ქალაქის საკეთილდღეოდ საქმიანობას.
საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად მსურს ავთანდილ ცინცაძე წარმოგიდგინოთ. ის თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა, ახლა მოუწევს იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მთელი საბურთალოს მოსახლეობის კეთილდღეობასა და პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა ჰქვია. ავთო მსოფლიო ჩემპიონია სამბოში, გასული 4 წლის მანძილზე კი დაამტკიცა, რომ აქვს საქმის ხარისხიანად კეთების უნარი. მან ნამდვილად დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს წარმატებული ყველა იმ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებს. სწორედ ამიტომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ავთოს მიერ საკუთარი რაიონის კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილით, 4 წლის შემდეგ, თითოეული საბურთალოელი იამაყებს.
ჩუღურეთის რაიონში ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ამ ულამაზზესი რაიონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იქნება. დამერწმუნეთ, მეგობრებო და ამაში ჩუღურეთში მცხოვრები ადამიანებიც დამეთანხმებიან, რომ ბატონი ზურა უდიდესი პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე და უბანზე შეყვარებული, სამაგალითო მოხელეა. მას ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი მოქალაქეების პრობლემები, ძალას არ იშურებს საკუთარი რაიონისა და ქალაქის საკეთილდღეოდ.
ჩვენ სწორედ ამ კვალიფიციური, ენერგიული, დიდი გამოცდილების მქონე და ახალგაზრდა, განათლებული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად, ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით ვიზრუნებთ იმ მიზნის განხორციელებაზე, რომელიც მეტ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ყველა უბანს.
გარწმუნებთ, თითოეული ჩვენგანი მთელი არსებითაა ჩართული იმ საქმეში, რასაც თბილისის უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქვია.
ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი მიზანი - ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანთან მივიდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნიდით, ვქმნით და მომავალშიც შევქმნით თბილისისა და თბილისელებისთვის. ამ შრომატევად საქმეში განსაკუთრებულ როლს სწორედ მაჟორიტარი დეპუტატები ასრულებენ და მათი ფუნქცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება.
დარწმუნებული ვარ, ჩემი თბილისელები მხარს დაუჭერენ ამ კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და პროფესიონალ კანდიდატებს, სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს, რომლებიც ამ სიკეთეს თითოეული თბილისელის ოჯახამდე მიიტანენ. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ უკეთესი თბილისისთვის.
მეტი სიცოცხლე ყველა უბანში!