×

10 აგვისტო, 2021

მარნეულის მერობის კანდიდატის, კენან ომაროვის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით ძვირფასო მარნეულელებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას.

პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს ფაქტი ერთდროულად დიდი პატივიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც, რომლის სატარებლად მზად ვარ.

მარნეული ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტია, აქ დავიბადე და გავიზარდე, განათლების მიღებისა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, დღემდე ამ ქალაქს და ქალაქში მცხოვრებ გულანთებულ, მშრომელ და პატრიოტ ხალხს ვემსახურები.

ეს ქალაქი განთქმულია მშრომელი ხალხით, მარნეული ხომ ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც ერთმანეთის პატივისცემითა და სოლიდარობით, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და საქმიანობენ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიური იდენტობის მქონე ადამიანები.

ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და როგორც არსებული გამოწვევების, ისე მათი გადაჭრის გზების მცოდნე ადამიანი.

პირადად მე უკვე ნახევარი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარ და ყველა იმ პრობლემასა თუ გამოწვევას გავეცანი, რაც თქვენი, მარნეულელების წინაშე დგას. ეს დრო მნიშვნელოვანი იმისთვისაც იყო, რომ სრულყოფილად გავცნობოდი განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებისა თუ სხვა მიმართულებებით არის დაგეგმილი.

დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებთ, პატივს დამდებთ და მანდობთ ქალაქის მართვას, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ. რაც მთავარია, თქვენ ირჩევთ „ქართული ოცნების“, ანუ იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახა. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ მხარდაჭერისა და ერთად დგომისკენ, რადგანაც ამ მუნიციპალიტეტის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მარნეული გაიმარჯვებს!