09 აგვისტო, 2021
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია რუსთავიდან დავიწყეთ. ეს არის ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქმნის დოვლათი და წარმოადგენს თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ქალაქს.
რუსთავში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ახალი ჩქაროსნული გზა, რომელიც მალე დასრულდება და იგი გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის თითოეული თქვენგანისთვის, ასევე, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისთვის რუსთავში სტუმრობას.
ასევე, განხორციელდა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ეკოლოგიას, ინვესტიციების მოზიდვას. გაიზარდა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად გაკეთებული საქმეებისა, ჩვენ კარგად ვხედავთ და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქალაქი რუსთავი.
პირველ რიგში, გამოვყოფდი ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებს. მინდა გითხრათ, ჯერ კიდევ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისას, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ იმ სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთხელ და საბოლოოდ გადაიჭრას ამ ქალაქში გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიის პრობლემა.
თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის არსებობა, არამედ ძლიერი მერი, რომელიც შეძლებს, აღასრულოს ეს ნორმები და რეალურად, რუსთავის ოცნება - გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და ქალაქი სუფთა ჰაერით, იქნას საბოლოოდ მიღწეული.
ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ პარკში, ბევრი რეკრეაციული ზონებით. ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბება - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რაც ვიცით, რომ გააჩნია ნინო ლაცაბიძეს. ჩემი აზრით და ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამ ქალაქს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და უფრო ევროპულს, უფრო კომფორტულს საცხოვრებლად.
მე გულწრფელად გეტყვით, ძალიან მწყდება გული, რომ ნინო ტოვებს პარლამენტს, რადგან, მისი სახით, ძალიან ძლიერი პარლამენტის წევრი გამოაკლდება ჩვენს გუნდს, თუმცა, ყველა ვხვდებით და ყველა კარგად ვხედავთ მის თვალებში იმ ჟინს და იმ სიყვარულს, რომლითაც მან გადაწყვიტა, შეეჭიდოს ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს. ნინოს ზურგს უმაგრებს არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არა მხოლოდ მისი უდიდესი გამოცდილება და განათლება, არამედ უდიდესი სიყვარული თავისი მშობლიური ქალაქის მიმართ და წარმოუდგენელი ხედვა, თუ როგორ უნდა გახადოს რუსთავი სამაგალითო ყველა სხვა ქალაქისთვის.
როდესაც ნინოს ეს გადაწყვეტილება შევიტყეთ და გუნდის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, მე მას ვუთხარი და დღესაც გავიმეორებ - დარწმუნებული ვარ, რომ ნინო რუსთავის ისტორიაში იქნება საუკეთესო მერი და ამას იგი დაამტკიცებს იმ შედეგებით, რომელსაც მოუტანს რუსთავს. მინდა, წარმატება ვუსურვო ნინოს, წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების“ გუნდს და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ქალაქ რუსთავს.