×

10 აგვისტო, 2021

ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის სიტყვით გამოსვლა

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით, მივესალმები მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებსა და ჩემს საყვარელ ბოლნისელებს.

პირველ რიგში, მადლობას გიხდით მობრძანებისა და დაფასებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ მშობლიურ ქალაქში, ქალაქში, რომელსაც ასეთი მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გუნდის ლიდერები გვესწრებიან, რომლებმაც უდიდესი ნდობა გამომიცხადეს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელეს. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ღირებულება ადამიანი და მასზე ზრუნვაა, სადაც არ უნდა იყოს ის, სოფლად თუ ქალაქში. რეგიონების თანაბარი განვითარება კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევასაც გულისხმობს.

ბოლნისში, მუნიციპალიტეტის გამგეობაში, უკვე მეშვიდე წელია უშუალოდ ვარ ჩართული ჩვენი და ჩვენი ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის საქმეში, საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის სამსახურში. საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მოყვარული ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე გქონდეს შანსი, ემსახურო იმ ადამიანებსა და ქალაქს, სადაც ცხოვრობ, სადაც შენი ახლობლები, მეგობრები და თანაქალაქელები ცხოვრობენ.

ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უამრავი პრობლემა მოაგვარა, საკმაოდ ბევრი პროექტიც განახორციელა, თუმცა კვლავაც რჩება გამოწვევები, გვყავს ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება.

ზუსტად ვიცი რა პრობლემებია ჩვენს მუნიციპალიტეტში და რა გზები არსებობს მათ გადასაჭრელად. ჩემს უკან დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლება, რომლის თანადგომის იმედი ყოველთვის გვექნება და მჯერა, ერთად დგომით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით.

მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ, რადგანაც როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ჩვენს შორის, ეს ქვეყანა ჩვენი წასაყვანია იმ გზაზე, რასაც ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გაერთიანება და მუდმივი წინსვლა ჰქვია.

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ! ბოლნისი გაიმარჯვებს!