×

09 აგვისტო, 2021

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენაზე

მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო რუსთაველებო, მივესალმები „ქართული ოცნების ჯარისკაცებს“, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმებით!

დღეს ჩვენ აქ, რუსთავში ვიწყებთ ოფიციალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ 7 არჩევნებში გაიმარჯვა. მე მინდა, ამისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. რა თქმა უნდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში, ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენ გვქონდა არნახული პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სერიოზული, ვინაიდან სწორედ თვითმმართველობის არჩევნები არის უმოკლესი გზა ჩვენს მოსახლეობასთან. ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ ბევრია.

მე მინდა, ზოგადად, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალინდელ დღეს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას. ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა - ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას, ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში. რა თქმა უნდა, ეს იარა არის მოუშუშებელი. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეორეს მხრივ გვახსენებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ პოლიტიკურ ძალას, მმართველს და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ან მოტივაცია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში.

ჩვენი ხელისუფლება პირველივე დღიდან არის ორიენტირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. მე აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, ბევრს ვგეგმავთ, ბევრს გავაკეთებთ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით, საით უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და როგორ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. სულ ახლახან დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. საბოლოო ჯამში, მე ოკუპაცია ვახსენე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ყველაზე მთავარი ამოცანა და ჩვენი საზრუნავი, ამასთან ერთად, უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევის - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე.

ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, სოფლებისთვის. ჩვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს - ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები. მეტი განვითარება სჭირდება ჩვენს ქალაქებს, რეგიონებს. განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთიანი გუნდი ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, სირთულე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას - ეს არის სიდუხჭირე, გაჭირვება, უმუშევრობა, პანდემიასთან ბრძოლა, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ვაქცინაცია, ვინაიდან აცრა გვიცავს, მეგობრებო, იცავს ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს.

ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და წარმოადგენენ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას და ბოლომდე ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, დატოვოს პარლამენტი და თავად ემსახუროს რუსთავს და რუსთაველებს. ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ნინო არის მართლაც გამორჩეული ადამიანი, ოთხი შვილის დედა. საჯარო მმართველობის დოქტორი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავს და რუსთაველებს.

მე მინდა, კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ჩვენს გამორჩეულ, ღირსეულ კანდიდატს, მის გუნდთან ერთად. ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში!