09 აგვისტო, 2021
საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემს კოლეგებს, მოწვეულ სტუმრებს და თითოეულ ადამიანს, ვინც რუსთავს და ჩვენი ქალაქის განვითარებას გულშემატკივრობს.
დღეს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ წუთიდან ერთად ვიწყებთ ქალაქის განვითარების სრულიად ახალ კონცეფციაზე მუშაობას.
თქვენი თანადგომის შემთხვევაში გვექნება კონკრეტული, ხელშესახები ბერკეტები, რომ ვიზრუნოთ რუსთავის წინსვლაზე და გადავჭრათ ის პრობლემები, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი თანაქალაქელების ყოველდღიურობის ნაწილია.
14 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურში, სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი და მთელი ამ დროის განმავლობაში მთავარი პრინციპი ჩემთვის ყოველთვის თანამოქალაქეებზე ზრუნვა და გადაწყვეტილებების მათთან ერთად მიღება იყო. ამით ვამაყობ და ვაპირებ, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, თქვენთან ერთად შევქმნა რუსთავის წარმატებული ხვალინდელი დღე.
მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს რუსთავი უფრო კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად წარმატებული ქალაქი.
გვწამს, რომ რუსთავი აუცილებლად გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდობას გაცილებით მეტ რესურსზე ექნება წვდომა, რათა წარმატებას მიაღწიონ საგანმანათლებლო, სპორტულ, სახელოვნებო თუ ტექნოლოგიურ სფეროებში;
რუსთავი აუცილებლად გახდება ქალაქი, სადაც ხანშიშესული ადამიანების ყოველდღიურობა გაცილებით ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული;
რუსთავი აუცილებლად გახდება ქალაქი, რომლის საწარმოებში დასაქმებული ჩვენი ოჯახის წევრების სამუშაო პირობები ეტაპობრივად კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
გარწმუნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მუდმივად ჩემი ქალაქის და თითოეული რუსთაველის გვერდით ვიქნები, დავეხმარები ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჩემი თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება და ასე, ერთად დგომითა და ერთობლივი ძალისხმევით, 4 წლის შემდეგ, რუსთავი, მისი თითოეული უბანი კიდევ უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება!
აქვე მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენი ქალაქის მოქმედ მერს, ირაკლი ტაბაღუას, რომელმაც რუსთავისა და რუსთაველებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
ასევე მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, და გულშემატკივრებს. მადლობა ჩემს ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და დედას, რომელიც განსაკუთრებით კრიტიკული და მომთხოვნია, როდესაც საქმე რუსთავს ეხება.
განსაკუთრებულ მადლობას კი თქვენ გიხდით ჩემო რუსთაველებო. ვიცი როგორ გიყვართ თქვენი ქალაქი, როგორ აფასებთ მას და კარგად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო მონაწილეობა რუსთავის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში.
თქვენი ნდობისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!