×

19 აგვისტო, 2021

ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენა

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ოზურგეთში. ძალიან ბევრი, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო 8 წლის განმავლობაში ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებშიც. ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული, სამაგალითო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ“ ფონდმა. მადლობა კიდევ ერთხელ. - ირაკლი ღარიბაშვილი


მე ყურადღებას გავამახვილებ იმ დიდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ამ ქალაქს და ამ მუნიციპალიტეტს გაჩნია - აგროტურიზმი, ეკოტურიზმი ის მიმართულებებია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს სრული მასშტაბებით, ეს შესაძლებლობა ოზურგეთს ნამდვილად გააჩნია.
მე მოვინახულე შატო „როიალ ასკანელი“, რომელიც ნამდვილად სამეფო შატოა. ღვინის ტრადიციები, რომელიც აქ არის, სახელს უთქვამს სხვადასხვა საერთაშორის ფესტივალზე გურულ და ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიციებს. - კახა კუჭავა


მე მინდა ასევე განსაკუთრებით გამოვყო ჩემი მეგობრის აჩიკო თალაკვაძის მზრუნველობა განათლების სფეროზე. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად გვაქვს საუბრები განათლებაზე, გურიის წინსვლაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ეს არის კაცი, რომელიც ჭეშმარიტი გულშემატკივარია ამ სფეროსი. აჩიკოს დამოკიდებულება არის კარგი გამოხატულება მისი ოჯახის ფასეულობების, იმ ფასეულობების, რომლებიც, რასაკვირველია, აქვს მის ღირსეულ ძმას, ავთოს. შესაბამისად, ავთოს სახით ოზურგეთს ნამდვილი გულშემატკივარი ეყოლება განათლების თვალსაზრისით და, რასაკვირველია, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. - მიხეილ ჩხენკელი


ოზურგეთი გამოირჩევა გურიის მხარეში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სასაოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ოზურგეთში არის ტრადიციები სუბტროპიკული კულტურების წარმოების. ვიცით, რომ ერთ დროს ძალიან განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულება, რომლის აღდგენაც ზუსტად სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადების შემდეგ ისევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო.
როდესაც ვსაუბრობთ ჩაის კულტურაზე, პირველ რიგში გვახსენდება ოზურგეთი, ცნობილი ბრენდები, ცნობილი გადასამუშავებელი საწარმოები, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი, რომელიც მომავალში უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ, ფაქტობრივად სრული საგრანტო დაფინანსებით ვახორციელებთ ჩაის არსებული, ჯერ კიდევ მიტოვებული პლანტაციების რეაბილიტაციას და ეს შესაძლებლობები ძალიან ბევრია, ამიტომ, მოგმართავთ, რომ მეტად აქტიურები იყოთ და გამოვიყენოთ მიტოვეული მიწები, სავარგულები, რომლებიც ქვეყანაში არ უნდა დავტოვოთ. - ლევან დავითაშვილი

 
მერწმუნეთ, რომ ავთანდილ თალაკვაძეს არავისთან არ დაჭირდება შუამავალი, არავისთან არ დაჭირდება თარჯიმანი, ის უშუალოდ ესაუბრება ახალგაზრდებს, ის უშუალოდ ესაუბრება ჩვენს პატივცემულ ხანდაზმულ ადამიანებს, მშობლების თაობას და მე მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ჩემს მეუღლეს, შვილებს და ჩვენს დიდ ოჯახს, რომელიც დღეს აქ სრულად არის წარმოდგენილი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მშობლებს და ჩვენს მასწავლებლებს ვინც აქ ესწრებიან. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და თქვენი ზრუნვის შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს ვბრუნდებით ოზურგეთში და გვაქვს პრეტენზია, რომ შევძლებთ საქმის გაკეთებას ამ ქალაქისთვის და ჩვენი ულამაზესი სოფლებისთვის. - არჩილ თალაკვაძე


გურიას განსაკუთრებული პოლიტიკური კულტურა გამოარჩევს და ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული. ამიტომ მე, ავთანდილ თალაკვაძე, გურული კაცი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, საჯარო სამსახურსა თუ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მიღებულ გამოცდილებას სრულად მოვახმარ ჩვენი ქალაქის და სოფლების, აქ მცხოვრები ადამიანების უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას. ოზურგეთის მერიას ექნება პროგრესული და დემოკრატიული პოლიტიკა, რომელიც ხალხს მოემსახურება და ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლას უზრუნველყოფს. - ავთანდილ თალაკვაძე