×

26 აგვისტო, 2021

მარტვილის მერობის კანდიდატის თორნიკე ჯანაშიას წარდგენა

ჩვენი სურვილია უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს მარტვილში, მეტმა ნახოს ეს უნიკალური სილამაზე, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური დაცული ტერიტორიები, ტურისტული შესაძლებლობები უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და ამაზე ჩვენი გუნდი მუშაობს აქტიურად. რაც მთავარია, ასევე გვჭირდება, რა თქმა უნდა, განათლება, განათლებული საზოგადოება, განათლებული ჩვენი მომავალი თაობა. - ირაკლი ღარიბაშვილი


ახალი იდეები ყველაზე მეტად მოდის ახალგაზრდებისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტი, მერი, საკრებულო ბოლომდე უზრუნველყოფდეს ახალგაზრდების, თითოეული ადამიანის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეიქმნას ის შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ რეგიონს, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ მარტვილზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა და ჩემი აზრით, აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობა იმისათვის, რომ წარმატებით გააკვირვოს ყველა.
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაში და წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ ოთხი წლის შემდეგ კონკრეტული შედეგებით ვისაუბრებთ თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში. - კახა კუჭავა


სამეგრელოს მასშტაბით, ამ ბოლო პერიოდში, 9 ახალი სკოლა აშენდა, 12 სკოლა სრულად რეაბილიტირდა და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.
რაც შეეხება კონკრეტულად მარტვილს, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია და ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.- მიხეილ ჩხენკელი


ბედნიერი ვარ, რომ რაზეც უნდა გელაპარაკოთ ყველაფერთან უშუალო შეხება მაქვს. სწორედ ახლა, 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა გავხსენით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, 12 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა 6 სკოლის რეაბილიტაციაზე. სულ 20 წუთი მოვუნდით სანამ ხაბუმედან მარტვილში მოვედით იმიტომ, რომ გზა არის მოწესრიგებული და უსაფრთხო. ახალი სახიდე გადასასვლელი ვახაზე ერთ თვეში მთავრდება, მარტვილის მუნიციპალიტეტში ვაშენებთ საბავშვო ბაღებს და ეს ყველაფერი საქართველოს მასშტაბით ხდება. უბრალოდ, რამდენიმე მაგალითი მოგიტანეთ იმისა, რაც ხაბუმედან მარტვილამდე მოსვლაში თვალით დავინახეთ. - ირაკლი ქარსელაძე


2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდი, საკუთარი თვალით ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში მართლაც კოლოსალური საქმე გაკეთდა, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი!
ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა, ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ ისინი. მეტიც, ჩემი მიზანი არათუ აღნიშნული პრობლემების გადაჭრა, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევაა. - თორნიკე ჯანაშია