მოგესალმებით,
გვინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია წინა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან.
ამას გარდა, დღეს საუბარი გვექნება ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, რომლებიც მიმართულია პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
რაც შეეხება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშებს. ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნებისა“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე. მაგ. საია-ს ანგარიშ იწყება 1 მაისიდან, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის და ისფედ-ის ანგარიშები - 1 ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა მაგ. ,,ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღევა.
სამივე ანგარიშში ზოგად ტენდენციას წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“. ამგვარი განცხადებები, საზოგადოებისთვის ბუნდოვანს ხდის კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაიდინა კანონდარღვევა, თუ მისი ქმედება უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დადგენილ შიდა სტანდარტს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ ორი თვის წინ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც პარლამენტის მიერ თითქმის სრული კონსენსუსით იქნა მიღებული. ამ რეფორმის პროცესში ყველა საკითხი, რაც უნდა ყოფილიყო აკრძალული კანონმდებლობით, აიკრძალა კანონმდებლობით. შესაბამისად, რეფორმიდან ორი თვის თავზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ დამატებითი კრიტერიუმებით პარტიების აქტივობების შეფასება და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი კანონდარღვევას წარმოადგენენ, ჩვენი შეფასებით, არ პასუხობს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ დამატებითი კრიტერიუმებით შეაფასონ პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები, გააკეთონ ეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის აღქმადი გახადონ, მათი დასკვნის რომელი ნაწილი შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს და რომელი ნაწილი არის მათი ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტის. ეს განსაკუთრებით შეეხება კანონმდებლობის დარღვევების და ორგანიზაციის შიდა სტანდარტის დარღვევების ერთ სტატისტიკაში გაერთიანებას, რაც წარმოშობს ცრუ აღქმას დარღევების რაოდენობასა და სიმძიმესთან დაკავშირებით.
ასევე იკვეთება ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს და სუბიექტურ აღქმებს, ისე რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიედ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი.
მნიშნველოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა მათი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგენენ, რაც ჩვენი დაკვირვებით, ჯერ-ჯერობით არ ხდება.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ მიერ შექმნილ ე.წ. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“, რომლის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს 9 სექტემბრის ბრიფინგზე დოკუმენტურად დავადასტურეთ. ნიშანდობლივია ასევე, რომ ამ ინიციატივის დაფინანსების წყარო დაფარულია. აშკარაა, რომ ეს ორგანიზაციები სრულად არიან მომართული არჩევნების დისკრედიტირებისკენ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებისკენ. ამიტომ, მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინონ დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების და საქმიანობის მიზნების მიმართ.
რაც შეეხება ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებს:
ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ.
2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ჩვენ მიერ გამოვლენილია 13 დარღვევა, აქედან
7 უკავშირდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას,
2 არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი,
2 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,
1 მუქარა,
1 ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
ხაზს ვუსვამთ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე დაკვირვება, ხოლო ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ მონაყოლს ან აღქმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, სხვა წყაროებთან ერთად, ხშირად ეყრდნობიან, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშრებით, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.