14 სექტემბერი, 2021
რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლესი ისტორიის განმავლობაში, შეძლო გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის - არც ერთი, მეგობრებო. ეს არის „ქართული ოცნება“ და რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ქვეყანაში დაისადგურა გრძელვადიანმა მშვიდობამ და ჩვენ ყველამ და მით უმეტეს გორელებმა, კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, იმიტომ, რომ ვიცით ომის ფასი. გორში ვართ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მძიმე დღეები. გორი ჩემი დედულეთია, მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში. მე კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი და განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც. დავკარგეთ ასეულობით სოფელი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ბრძოლით მოგვიტანეს და შემოგვინახეს. ამ დროს, უპასუხისმგებლო მთავრობამ, სააკაშვილის მეთაურობით, მისი სიტყვების ციტირება რომ მოვახდინო, ამ სოფლებს უწოდა „ქვების გროვა“. - ირაკლი ღარიბაშვილი
თუ არა გორში, სად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩემპიონებზე, შედეგებზე და წარმატებებზე. ჩვენ აქ ნამდვილად გვყავს გამორჩეული ქართველები, რომლებმაც თავიანთი წარმატებებით და გამარჯვებებით არაერთი სიხარული მოგვიტანეს თითოეულ ქართველს. ლადოს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი ოლიმპიური ჩემპიონობა, აღარ ჩამოვთვლი სხვა წარმატებებს, რა თქმა უნდა არის ის მნიშნელოვანი გამარჯვებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ელოდება 2 ოქტომბერს, რომელსაც თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი გამარჯვება იქნება ოთხი წლის თავზე, როდესაც ლადო წარსდგება თქვენს წინაშე იმ შედეგებით და წარმატებით, რომელსაც მოუტანს თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტს. - კახა კუჭავა
ჩვენ წელს გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი 24 საათის განმავლობაში. 2022 წელს გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. - ირაკლი ქარსელაძე
სოფლის მეურნეობას და სოფლის მეურნეობის დარგს, მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 400 მილიონიანი პორტფელია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაცემული. ეს იმ დროს, როდესაც მთელი საქართველოს დაკრედიტება იყო მაქსიმუმ 50 მლნ ლარი. ამის შემდეგ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, დავიწყეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსება და მხოლოდ საბანკო დაფინანსება 2 მლნ ლარს აღემატებოდა, რამდენიმე მილიონი ლარის სახელმწიფო თანადაფინანსება იყო გამოყოფილი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. გორში არ შეიძლება არ ვისაუბროთ სოფლის მეურნეობის ყველაზე პრიორიტეტულ დარგზე, საქართველოს სოფლის მეურნეობა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი საქართველოს აქვს მეხილეობაში. საქართველო იყო მეხილეობაში წარმატებული ქვეყანა, სამწუხაროდ, 90-იან წლებში ეს წარმატებული პოზიციები დავთმეთ, ქვეყანა განადგურდა, 2000-იან წლებში საერთოდ იგნორირებული იყო სოფლის მეურნეობა და მხოლოდ 2012 წლიდან დავიწყეთ გეგმაზომიერად სოფლის მეურნეობის იმგვარად აღდგენა, რომ ის იყოს კონკურენტუნარიანი და სიკეთის მომტანი თითოეული ჩვენი ფერმერისთვის და სოფლად მცხოვრები მოქალაქისთვის. მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში გაშენდა თანამედროვე, ინტენსიური ბაღები რამდენიმე ათას ჰა-ზე. გორი არის კარგი მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური ან ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლოვანი, თესლოვანი კურკოვანი, თუ ნებისმიერი მეხილეობის მიმართულებით და ყველაზე მეტი კომპეტენციაც, მოკრძალების გარეშე უნდა ითქვას, გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ. - ლევან დავითაშვილი
კარგად ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, იქნება სირთულეებიც, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში შესაძლებლობას ვხედავდი და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიხარჯებოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, გამოცდილი ადამიანების რჩევების გათვალისწინებითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ, გამორჩეულ ისტორიას დავწერთ. ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას ჩვენი საყვარელი გორის გამარჯვებად ვაქცევთ. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი