15 სექტემბერი, 2021
კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ - მან ასე განაცხადა, რომ თითქოს მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
რა ხდება სინამდვილეში - ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა “ჩლიქოსანს”, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომდგენლებს. საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ანუ ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ ოპერატორს არ აქვს, თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და იმისთვის, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია, მე პირადად ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკურ შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარიამ მოიტყუა, იცრუა - არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, არამედ საერთოდ, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა.
სამართალდამცავები ამ თემას დეტალურად გამოიძიებენ. ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც მთავარი არხის ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია.
ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან, თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ, ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას.