14 სექტემბერი, 2021
კასპის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, მელიორაციის მასშტაბური სამუშაოები, გაზიფიცირება - ათეულობით სოფელს მივუყვანეთ გაზი. ძალიან ბევრი საწარმო დაფინანსდა, როგორც ახალი საწარმოები, ასევე ბევრი მოქმედი საწარმო გადაიარაღდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მასშტაბების გაზრდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაათმაგებული ენერგიით და მოტივაციით სამუშაოების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმა და ხედვები, რომელიც სწორედ ამ გამოწვევებს ეხმაურება და მორგებულია თითოეულ რეგიონზე, მუნიციპალიტეტზე. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ რესურსების მაქსიმალურად გონივრულად ათვისება და გამოყენება. - ირაკლი ღარიბაშვილი
როდესაც კასპზე და აქ განხორციელებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მახსენდება ჩემი კოლეგა და მეგობარი, ირაკლი მეზურნიშვილი, რომელთან ერთად, ჯერ კიდევ 2016 წლიდან არაერთ ღონისძიებას დავასწარი - ახალი ობიექტების გახსნა, გარემოს დაცვითი ღონისძიებები. ტექნო-პარკი სწორედ მისი ძალისხმევით დაარსდა კასპში და რა თქმა უნდა, პროფესიული სასწავლებელი, რომელიც შიდა ქართლში ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოედანს, რომელზეც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ვარჯიშობს და აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის. ასევე, ბევრი სხვა მიმართულება - სკოლების რეაბილიტაცია თუ ახალი ამბულატორიები, ინფრასტრუქტურული პროექტები. - კახა კუჭავა
ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მთელ საქართველოს, მათ შორის, კასპის მუნიციპალიტეტს მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ. ეს არის მთავარი ღირებულება და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს და თქვენს რეგიონს. კასპის მუნიციპალიტეტი, მთლიანად შიდა ქართლი მდიდარია თავისი სამეწარმეო ინდუსტრიული ტრადიციებით. გარდა ამისა, რეგიონში განვითარდა სხვა ტიპის წარმოება, მათ შორის ქაღალდის, ავეჯის, სხვადასხვა საშენი მასალის, პლასტმასის და ბევრი სხვა პროდუქციის წარმოება, რაც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს სიღარიბის დაძლევას, დამოუკიდებელ სტაბილურ შემოსავალს და ახალ სამუშაო ადგილებს. - ნათია თურნავა
სასწაული ემოციაა, როდესაც კასპს ჰყავს თავისი საფეხბურთო კლუბი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის, რეგიონული ლიგის წარმომადგენელია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ემოციაა, როდესაც სტადიონი ივსება კასპში და როდესაც გოლი გადის, კასპის გუნდი იტანს ამ გოლს, ეს არის საოცარი ემოციები და ეს ბედნიერება. რამხელა ემოციაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიულ კოლეჯზე და სულ რაღაც ერთ თვეში, დაახლოებით 200-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ვიცით, რომ იქნება ჩარიცხული სხვადასხვა ვიწრო სპეციალობების მიმართულებით. არის დუალური სისტემა, კომპანიები არიან ჩართულნი, რათა მოხდეს მათი შემდგომი დასაქმება და ეს არის მართლაც უფრო მეტი კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში. - ირაკლი მეზურნიშვილი
მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი მდიდარია სოფლის მეურნეობის კუთხით, შესაბამისად ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერული მეურნეობის განვითარებას. ასევე კასპის მუნიციპალიტეტში უამრავი ისტორიული თუ კულტურული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გააჩნია, კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი ტურიზმის სფეროს გაძლიერება და განვითარება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების დასაქმება, განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა. - ვახტანგ მაისურაძე
#განვითარებაყველარეგიონს