×

14 სექტემბერი, 2021

ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენა

მშვიდობა და სტაბილურობა არის მთავარი მონაპოვარი და თავისუფლება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების, რაც პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და განვითარება ყველა მიმართულებით - ავიღოთ ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, უამრავი პროექტი, წყალგაყვანილობის პროექტები, ირიგაციის, სამელიორაციო სისტემების აღდგენის პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები და პროექტები, რომელიც ძალიან წარმატებულად მუშაობს. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამებით, ათასობით ჰექტრობით მიწები გაშენდა, გავაშენეთ მრავალწლოვანი კულტურები, ხეხილი, ბაღები და უამრავი საწარმო და მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქარელი ამ მხრივ გამორჩეულია. 2 მილიარდზე მეტია დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მასშტაბით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო და სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად მასშტაბური პროექტები ხორციელდება, იქნება ეს გზები თუ წყალმომარაგება. ზოგ ისეთ სოფელშიც, სადაც ათწლეულების განმავლობაში ეს საკითხები მოგვარებული არ იყო. ვნახეთ ახალი აშენებული და რეაბილიტირებული ამბულატორიები, აშენდა სკოლები და არსებულის რეაბილიტაცია მოხდა.

არ შემიძლია არ ვახსენო მოხისში ერთ-ერთი სკოლის რეაბილიტაციის საკითხი. ჩემთან მოვიდა ინფორმაცია, მოვიკითხე, საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და ვიცი, რომ უკვე შესაბამის პროგრამაშია და მომავალ წელს რეაბილიტირებული იქნება. საკმაოდ მნიშნელოვანია რომ ზამთრის წინ მოხდეს თუნდაც იმ მინიმალური პირობების უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ. ეს არის ის გადაწყვეტილებები, რასაც მოსახლეობა ელოდება ახალი მერისგან და საკრებულოსგან. - კახა კუჭავა

ქარელი გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ავტომაგისტრალის გარშემო ვხედავთ ყოველდღიურად და ყოველწლიურად უფრო მეტ ათვისებულ სამეურნეო მიწას, დამუშავებულ სავარგულებს, გაშენებულ ბაღებს და წარმატების მაგალითებს, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გადამდებია და მე, უშუალოდ მონაწილე ვარ ამ პროცესის, თითოეულ თქვენგანთან მაქვს ხშირი კომუნიკაცია, შეხვედრები და მათ შორის, მუნიციპალიტეტებში ფერმერები კითხულობენ, თუ როგორი წარმატებულია ქარელში სოფლის მეურნეობის მიმართულებები. ქარელი გამოირჩევა მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებით. აქ არის მეხილეობის დიდი ტრადიციები, აქ არის ტრადიციები ბოსტნეული კულტურების წარმოების და იმგვარი წარმოების, როგორიც გვინდა მთელ ქვეყანაში იყოს. ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება ხდება, მიზნობრივად გამოყენება და საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება ხდება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში. - ლევან დავითაშვილი

კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე ყოფნა, რადგან უფლება არ მაქვს პატიოსნად და მუხლჩაუხრელად არ ვემსახურო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამართლიან, პატრიოტ და საკუთარ მხარეზე შეყვარებულ, მშრომელ ადამიანებს, რომელთაგანაც წლების განმავლობაში უამრავი რამ ვისწავლე! დამეთანხმებით, ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს, რომ ქარელი დღეს ბევრად განსხვავებულია, კომფორტული და განვითარებულია, ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე იყო. - ზაზა გულიაშვილი

#განვითარებაყველარეგიონს