07 სექტემბერი, 2018

თბილისში „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია თანამედროვე სამყაროში შრომით შესაძლებლობებს, ამ მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებს და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნება, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეებმა ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს.    საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა - სერგეი სტანიშევმა.   კონფერენციაში „პროგრესული ალიანსის“ წევრი 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებას  ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები ესწრებიან.    კონფერენციასთან ერთად, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.    „პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია.    კონფერენცია 8 სექტემბერს დაიხურება.

07 სექტემბერი, 2018

„პროგრესული ალიანსის“ კონფერენცია - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“

ირაკლი კობახიძე: ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა  როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება და ეს ძირითადი ორიენტირი  ასახულია ჩვენს პოლიტიკასა და კანონმდებლობაში   „საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით, ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკურად, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პროგრესული ალიანსის“ კონფერენციაზე- „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ღონისძიების საქართველოში გამართვა პარტიის განვლილი ეფექტური პოლიტიკური საქმიანობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობის აღიარებაა.   „ეს კონფერენცია, მისი საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ადგილსა და მნიშვნელობას დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ალიანსის გამგეობის წევრია, რაც საამაყო და საპასუხისმგებლო ფაქტია.   ირაკლი კობახიძის განცხადებით,  სიმბოლურია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება.   „100 წლის წინ ჩვენი წინაპრების ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით საქართველომ თავისუფლების გარდა, მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც ეფუძნებოდა სოციალ-დემოკრატიულ შეხედულებებს.   მართალია, პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ მისმა იდეებმა და იდეალებმა გაუძლო საბჭოთა რეჟიმს  და შემდეგ უკვე ფრთები შეისხა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვების შემდეგ.   დღეს კი საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციური სტაბილურობით.  საქართველო იქნება  სასურველი პარტნიორი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის, ქვეყნებისთვის  არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.   „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ხედვების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი და ეს სათანადოდ არის ასახული პოლიტიკასა და კანონმდებლობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება უზენაეს კონსტიტუციურ ღირებულებად გამოცხადდა.   „ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა  როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება. ეს ძირითადი ორიენტირი არის ასახული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს კანონმდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.   მისი თქმით, რეფორმები სწორედ ადამიანზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე იყო ორიენტირებული.   „ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მთელი რიგი მიმართულებებით  სოციალური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობისათვის. მარტო ერთ ფაქტს გავუსვამ ხაზს: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში ორჯერ და მეტად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, აისახა ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვრჩება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში.    კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების უფრო მტკიცე დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და რა თქმა უნდა, ეს მიღწევებიც ეფუძნება იმის გააზრებას, რომ ადამიანი არის ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული სოციალური ფენის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად განათლების რეფორმა დაასახელა.   „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სოციალური ფენა იყოს აქტიურად ჩართული ჩვენს პოლიტიკურ- საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ქალების როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და გადაიდგმება, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ქალების წარმომადგენლობა როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ასევე ეკონომიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უმჯობესდება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ხარისხი, რაც იგივე მიზანს ემსახურება. განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, როგორც ეს პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში არის აღნიშნული. ამ მიმართულებით არის დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებები, და რა თქმა უნდა ესეც მოემსახურება იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების წარმოჩენა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული რეფორმები არ არის მარტივი. რეფორმების განხორციელებაში ერთ-ერთი მთავარი წინაღობად პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია დაასახელა. მისი განცხადებით, ეს უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.   „ამ რეფორმების გატარება ბუნებრივია, არ არის მარტივი. გვაქვს მთელი რიგი წინააღმდეგობები ამ რეფორმების გატარებაში და ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. პრემიერმა უკვე ისაუბრა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც არის შექმნილი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში ასევე, ყოფილ სამხრეთ ოსეთში, და ეს უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და თანადგომით საბოლოოდ, ჩვენ შევძლებთ ამ ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.   სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანი ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაა და უმთავრესი საგარეო პრიორიტეტებიც-ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაც იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული, რაზეც - საშინაო პოლიტიკა.   „ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაზე, - ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტიც - ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია არის დაფუძნებული იგივე ღირებულებებზე, რომელზეც არის აგებული ჩვენი საშინაო პოლიტიკა. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვები კარგად არის ცნობილი და სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ჩვენ ვახერხებთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას მოსახლეობაში, და ამის დასტურია გასული არჩევნების შედეგები. ჩვენ მხარს გვიჭერს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რაც მოწმობს ჩვენი კურსის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დადებით და პოზიტიურ დამოკიდებულებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარტია წლიდან წლამდე ვითარდება და აძლიერებს სტრუქტურებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.   „ქართული ოცნება“ არის ახალგაზრდა პარტია, თუმცა პარტია წლიდან წლამდე ვითარდება, პარტია აძლიერებს თავის სტრუქტურებს, ცდილობს რომ კიდევ უფრო გააღრმავოს საკუთარი კავშირები მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან, დღეს, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის საქართველოში ყველაზე ძლიერი, სტრუქტურულად გამართული და პატივსაცემი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც გარკვეული წვლილი შეაქვს იმაშიც, რომ განვითარდეს ჩვენი გლობალური ფორუმის შესაძლებლობები. ჩვენ ვართ მზად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროგრესული ალიანსის საქმიანობაში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.   მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორმა გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან, კონსტანტინ ვოინოვმა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი იღებენ.   „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.   

06 სექტემბერი, 2018

7-8 სექტემბერს თბილისი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს თბილისში, „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიმართება.     „პროგრესული ალიანსის“ თბილისის კონფერენცია ეძღვნება გლობალურ გამოწვევებს -  შრომის პერსპექტივებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების  რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებს.    საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD), კონსტანტინ ვოინოვი.    კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს „პროგრესული ალიანსის“  წევრი 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი: ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მთავრობის,  პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები.   კონფერენციასთან ერთად, ასევე გაიმართება „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილება.    „პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე, სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების  გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად, ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი,  მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“  „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია.

08 აგვისტო, 2018

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

07 აგვისტო, 2018

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან პატივი მიაგო

აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, დაღუპული გმირები გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან გაიხსენეს.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და ოკუპაციის გამოხატულების ნიშნად მემორიალთან სანთლებით და სიმბოლური მავთულხლართებით 10-იანის ინსტალაცია გაკეთდა.   „10 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ გმირები, რომლებიც შეეწირნენ ამ უდიდეს ტრაგედიას. სიმბოლური მავთულხლართებით ვაპროტესტებთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენი მშვიდობიანი გზავნილით გვინდა ხმა მივაწვდინოთ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანატოლებს და თანამოქალაქეებს. იმედი გვაქვს, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან ერთად, ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს“ - განაცხადა ქართული ოცნების გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გელაშვილმა.    აქციის მონაწილეებმა მანათობელი ფრანები გაუშვეს, როგორც სამშვიდობო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.

06 აგვისტო, 2018

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდის წევრებმა შეაფასეს

პოლიტიკური გაერთიანება  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდის წევრებმა შეაფასეს.   უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია კანდიდატურას არ დააყენებს. „ახალი კონსტიტუციის პირობებში, კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს საპრეზიდენტო ფუნქციებს. მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს და თუ მხარს დავუჭერთ კონკრეტულ კანდიდატს და მისთვის ეს მხარდაჭერა აუცილებელია, ეს კანდიდატი იქნება დამოუკიდებელი. დაველოდებით, ვიდრე ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.   „იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები, ჩვენ ვერ დავუშვებთ 0,1%-იან რისკსაც კი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე მათგანმა რამე უპირატესობა მოიპოვოს – ამიტომ ჩვენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს” - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.   პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება მხარდამჭერი პრეზიდენტი. პრეზიდენტი სჭირდება იმ ფუნქციის განსახორციელებლად, რომელიც კონსტიტუციაში განსაზღვრული და სჭირდება ადამიანი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ისტორიულია ქართული დემოკრატიის და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში.   „გუნდში არ არსებობდა განსხვავებული აზრი იმაზე, რომ კარგი პოზიციაა, რომ არ გავიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატით. თუმცა იყოს განსხვავებული აზრი იმაზე, დავუჭიროთ თუ არა მხარი რომელიმე კანდიდატს", -  განაცხადა შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა.

06 აგვისტო, 2018

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში

„მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.   პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური და ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა იყოს, რომელიც პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერთვება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  აღნიშნულ პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს  პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება გაუჭირდება.   „დღეს შედგა პარტიული შეხვედრა პარტიის პოლიტიკური საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით, სადაც განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, მათ შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის თაობაზე.   მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით:   საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;   ამ სისტემაში, პრეზიდენტს არა აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას არსებითად ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და არც ახორციელებს მას. იგი ვერ წარდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე. საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს;   პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება;   პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ პარტიული კანდიდატის არჩევა მით უფრო არასასურველია დღეს, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობის ორგანოებში და ფლობს პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების ძლიერ ბერკეტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.   ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე და ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ექნება.   „ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს, როგორც მმართველი პარტიის, პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, მათ შორის, ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის წინაშე, რომელმაც უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებში მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ ექნება მკაფიო პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.   ჩვენ, შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს, ან, შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.   ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში.   „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მყარად ამკვიდრებს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება შეიტანს უმნიშვნელოვანეს წვლილს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქმედითი საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

18 ივლისი, 2018

მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.   გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

16 ივლისი, 2018

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო.   პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო. სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იმედოვნებს, რომ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.   ტრაგედიის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი.   ტყიბულში ასევე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით.   დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ.   პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

11 ივლისი, 2018

პოლიტსაბჭომ და უმრავლესობამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე იმსჯელა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე იმსჯელეს.   პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. „პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, მათ შორის ახალი წევრებიც. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება და შევა განხორციელების ფაზაში. ხვალ დილით ოფიციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს მინისტრთა განახლებულ კაბინეტს. ხვალ გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც საკომიტეტო მოსმენების და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრების კონკრეტული გეგმა დამტკიცდება.“ - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.   „დაისვა მრავალი კითხვა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით და პრემიერმა ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. ხაზი გაესვა რეფორმების აუცილებლობას, ცვლილებების აუცილებლობას, გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს. უმრავლესობამ დაუდასტურა პრემიერ-მინისტრს განახლებული შემადგენლობა. ძალიან კარგია, რომ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებობს ინტენსიური კომუნიკაცია და პრემიერი ადასტურებს, რომ კომუნიკაცია გაგრძელდება. “- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

09 ივლისი, 2018

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში სტიქიის შდეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები უკვე ჭუბერში იმყოფებიან. ახალგაზრდები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში, ასევე პროდუქტის დარიგების პროცესში ჩაერთნენ.   თბილისიდან ჩასული მოხალისეები ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროს ალექსანდრე ხვადაგიანს შეხვდნენ და უსაფრთხოების წესებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.   მოხალისეთა ჯგუფი საკოორდინაციო საბჭოს დაექვემდებარება.

09 ივლისი, 2018

სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად 14 ტონა ტვირთი გაიგზავნა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გაიგზავნა. ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შეძენილი პროდუქტები დიდუბის რაიონის გამგეობაში შეგროვდა და მესტიის მუნიციპალიტეტში გაიგზავნა. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება რამდენიმე კერძო კომპანიამაც გაუწია.   დიდუბის გამგეობაში, საიდანაც დღეს, 14 ტონა ტვირთი ჭუბერში გაიგზავნა, გამგებლებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი იმყოფებოდა. „თბილისის გამგეობების ინიციატივით, ჭუბერში გასაგზავნად, გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვეს. მიხარია, რომ გამგეობას შემოუერთდა ბიზნესი, მოქალაქეები და საბოლოო ჯამში, პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების შთამბეჭდავი რაოდენობა შეგროვდა. ტვირთი ჭუბერში იგზავნება, რათა დაზარალებულებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.   დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლების ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით შეუერთდნენ.   „ეს გამგეობის თანამშრომლების კეთილი ნებაა, რომელსაც მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო ბიზნესები შემოუერთდა. რაც შეეხება პროდუქტებს, შეგროვდა ფქვილი, შაქარი, ბურღულეული და არამალფუჭებადი პროდუქცია. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნესმენს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ დახმარებაში. 13 ივნისის სტიქიის დროსაც, ვაკეს და საბურთალოს იგივე ენთუზიაზმით ვეხმარებოდით. ათივე გამგეობა იგივე ენთუზიაზმით ეხმარება ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.   სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყება და სამსახურია ჩართული. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები. მობილიზებულია ასევე, დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

09 ივლისი, 2018

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში გაემგზავრნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ. შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ახალგაზრდები გარემოსთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.    „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ერთვება სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშინ, როდესაც სტიქია შედარებით მშვიდ ფაზაშია. სწორედ ამიტომ გვაქვს დასტური, რომ ჩავიდეთ სოფელ ჭუბერში და მოსახლეობას, რომელსაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, აღმოვუჩინოთ დახმარება. ეს არ არის რაიმე პოლიტიკური ტიპის აქტივობა. ეს არის სამოქალაქო ახალგაზრდული აქტივობა და ძალიან გაგვიხარდება თითოეული იმ ადამიანის ნახვა, ვისაც ექნება სურვილი, ჩვენთან ერთად ჩაერთოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ. მისი თქმით, თბილისიდან ჭუბერის მიმართულებით ჯგუფები მომდევნო დღეებშიც გაემგზავრებიან და დაზარალებულებს იმ დრომდე დაეხმარებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

07 ივლისი, 2018

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადება

უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა.   მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას.   ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ეს არის ახალგაზრდული და არა პოლიტიკური ინიციატივა!   ამას ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვაკეთებთ და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გულწრფელად გაგვიხარდება!   ახალგაზრდებო, ვისაც გაქვთ სურვილი, დადგეთ ჩვენთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით, შეიტანოთ თქვენი წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 555 444 227 / 591 724 444.   ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ, ოფიციალურ Facebook გვერდზე https://Facebook.com/GeorgianDreamYouth/ ან მობრძანდეთ ერეკლე მეორის #2-ში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში.

20 ივნისი, 2018

საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

99 ხმით - 6-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.     მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. საგარეო საქმეთა მინისტრად - დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად - ნიკოლოზ გაგუა დაინიშნენ.   საკანონმდებლო ორგანომ, ასევე, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ უმოკლეს დროში წარმოადგენს იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შესაძლებელი გახდება ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთესად გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს.   „მე წარმოვადგინე პროგრამა, სადაც მოცემულია ყველა ის ძირითადი რეფორმა და პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და რომელსაც ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ, ეფექტურად გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რაც დღეს არსებობს საქართველოს წინაშე. ეს არის სიღარიბე, ეს არის უმუშევრობა, ეს არის განმტკიცება იმ ინსტიტუტების, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი მდგრადი განვითარება და მისი ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.   მე დღეს მოვისმინე ბევრი შეფასება ჩემს კოლეგებზე და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა, გადავუხადო მადლობა ყველა წინამორბედს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა ორგანიზაციული და სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებისათვის, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ საგარეო წარმატებების შექმნაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. აქვე, მინდა აღვნიშნო სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ, რომ რა თქმა უნდა, მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტში კომუნიკაციის დროს. მე ვიქნები ძალიან აქტიური თითოეული რეფორმის განხილვის დროს, არა მხოლოდ პარლამენტთან და პატივცემულ დეპუტატებთან, არამედ საზოგადოებასთან. ზოგადად, ეს არის სწორედ ჩვენი მუშაობის პრინციპი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ყველა ის რეფორმა, რომელიც არის წარმოდგენილი, ეს არის სწორედ შედეგი იმ მუშაობისა, რომელიც ჩვენ გავწიეთ კერძო სექტორთან, და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა გზით ვაპირებთ ჩვენ ზოგადად, ამ ინსტიტუტების განვითარებასა და განმტკიცებას.   კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მზადყოფნა აქტიური მუშაობისა პარლამენტთან, მით უმეტეს, რომ ასეთი საინტერესო მოქალაქეები არიან წარმოდგენილი, დაჯილდოებული სხვადასხვა ნიჭით, მათ შორის, განსაკუთრებული ნიჭითაც და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბევრის გამოსვლაში.   აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ მომცეთ საშუალება, ძალიან მოკლე ვადაში - 2-3 კვირაში წარმოვადგინო განახლებული სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ პრობლემების გადაჭრაზე და ოპერატიულ გადაჭრაზე, რაც დღეს გვაქვს ჩვენს ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოსმენისთვის და გისურვოთ წარმატებები“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.    

19 ივნისი, 2018

მამუკა ბახტაძემ პარლამენტს ახალი სამთავრობო პროგრამა გააცნო

თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - 2018-2020 წლის ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა.   პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.     „იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებებისა და სტრუქტურების მოდერნიზაცია იმდაგვრად, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ უფრო ოპერატიულები ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის დრო, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღების შედეგად დამდგარი რეალური სიკეთე მივა მოქალაქემდე. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და მოქნილი, მაგრამ, ამავე დროს, მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანის შესრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  მისი თქმით, პროგრამის რეალიზაციისთვის აუცილებელია მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში კანონპროექტის სახით წარედგინება.   „ჩვენი მმართველობითი გადაწყვეტილებები იქნება უფრო ოპერატიული და ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, რაც ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.   პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა საკუთარი ხედვის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.   „პირველი არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის, ევროატლანტიკური მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი წარმატებები ამ გზაზე, რომლებიც, ბუნებრივია, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ.   მეორე - ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის. ჩვენ გვჭირდება, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება, დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა - სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდეთ სიღარიბეს საქართველოში.   შემდეგი  გახლავთ  მცირე  ზომის  მთავრობა. ჩვენ  გვჭირდება მცირე  ზომის  მთავრობა არა  იმისთვის,  რომ  ეს  კონცეპტუალურად  ლამაზია,  არამედ  იმისთვის,  რომ რეფორმები  განვახორციელოთ  ეფექტურად,  გავზარდოთ  სამთავრობო  უწყებების  ოპერატიულობა  და, რაც  მთავრია,  ამ  გადაწყვეტილების  დადებითი  ეფექტი რაც  შეიძლება  მოკლე  დროში  მივიტანოთ  ჩვენს  თანამოქალაქეებამდე.   შემდეგი გახლავთ  უმნიშნელოვანესი  პრინციპი -  ეს  არის  ფოკუსირება  ჩვენს ახალგაზრდებზე,  ინოვაციებზე  და  განათლებაზე.  ჩემი  შეხედულებით,  სწორედ  ახალგაზრდული  ენერგია  და  შემართება და  ის  სამეწარმეო  სულისკვეთება,  რაც არის  ჩვენს  საზოგადოებაში,   გახდება  იმის  ფუნდამენტი,  რომ  საქართველო  შევა  განვითარებული  ეკონომიკების  მქონე  ქვეყანათა რიცხვში.  სწორედ  ეს  არის  ის  ერთადერთი,  უალტერნატივო  შეთავაზება,  რომელიც  ჩვენ  გვაქვს  ჩვენი  აფხაზი  და  ოსი  ძმებისთვის,  რომ ერთობლივი  ძალისხმევით  ვაშენოთ  ძლიერი  სახელმწიფო.   აქვე, მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. ბუნებრივია, ამ პრინციპების დანერგვაში დიდი როლი უკავია ჩვენი არსებული მოდელის შეცვლას. შეცვლას ისე, რომ მასში გამოირიცხოს უსამართლო თამაშის წესები და ის იყოს დაფუძნებული სამართლიანი თამაშის წესებზე. მე არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა და დღესაც მინდა პირდაპირ განვაცხადო, დიახ, არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომლებიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და, შესაბამისად, ვერ წარმოაჩინა თავის პოტენციალი, რომელიც მას აქვს იმდენი, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ, მართლაც რომ, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა.   და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, ეს იყო, არის და მუდამ იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა, ეს არის ადამიანი. არც ერთი რეფორმა არაფრად ღირს, თუ ის არ არის მიმართული სწორედ ადამიანის კეთილდღეობაზე და მის დაცვაზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე უპირველეს ყოვლისა, ამასთან ერთად,  ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას საკუთარ სამშობლოში, საქართველოში.    ეს არის სწორედ ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩემი ხედვა ეფუძნება და რასაც ეფუძნება ის 32 ინიციატივა, რომელიც არის ჩადებული პროგრამაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

18 ივნისი, 2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და განახლებულ სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მომავალი მთავრობის ფორმირებასა და ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელეს.   „უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობასა და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ ბიუროკრატიასა და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.  ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროსა და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად, ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურითა და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა - განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის, პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის ვადაში, შედარებით, შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა, მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურით წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. აქვე, მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს იგი დადგენილი პროცედურის თანახმად განსახილველად შევა პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

16 ივნისი, 2018

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება.   ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას. ყველა მსგავს ინციდენტზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას.   მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს - ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია.   აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, თუ თანამდებობრივი პოზიციისა.

14 ივნისი, 2018

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ბახტაძე დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება: ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე -  მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხრივი გამოცდილებით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.   მისი თქმით, მამუკა ბახტაძე, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოდიოდა და დღეს ამ ინიციატივების შედეგები უკვე ჩანს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ იმ სამთავრობო პროგრამაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე პარლამენტს წარუდგენს, ის ახალი ინიციატივები იქნება ასახული, რომელიც ქვეყნის წინსვლას დააჩქარებს.   „იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული   ეს გადაწყვეტილება. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხირივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.   ბატონი მამუკა ბახტაძე მთელი ამ დროის განმავლობაში გამოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ინიციატივების შედეგებს და მე დარწმუნებული ვარ,   როდესაც ბატონი მამუკა წარსდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში იქნება ასახული ახალი ინიციატივები, რომელიც დააჩქარებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას და დააჩქარებს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   რაც შეეხება სამთავრობო გუნდს, პაპრლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო გუნდის შესახებ მსჯელობა არ გამართულა.   “საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან უკვე ოფიციალურად დასახელდება ბატონი მამუკა ბახტაძე კანდიდატად და ამის შემდეგ  მას ექნება დრო იმისათვის, რომ წარმოადგინოს სამთავრობო გუნდი. მანამდე არ იქნება  ჩვენი მხრიდან სწორი კომენტარების გაკეთება. ეს არის ბატონი მამუკას პრეროგატივა და დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.    დღეს იყო საუბარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე. ამას აქვს თავისი მიზეზი. ეს არის   სამართლებრივი მიზეზი. ჯერ ხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ამის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პერსონალურად, ინდივიდუალურად ასახელებს უკვე სამთავრობო გუნდს. შესაბამისად, დღეს ჩვენ არ გვქონდა იმის პრეროგატივა, რომ გვემსჯელა სამთავრობო გუნდზე. ბატონი მამუკა წარმოადგენს სამთავრობო გუნდს, შემადგენლობას და ამის შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა უკვე პარლამენტში”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.   პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის რამდენიმე  თვის განმავლობაში, მამუკა ბახტაძემ ისეთი ინიციატივების განხორციელება შეძლო, რამაც ეკონომიკურ განვითარებაში პოზიტიური ძვრები გამოიწვია.   „მას აქვს ასეთი ინიციატივები. მას აქვს ასეთი გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ დარნწუნებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ როდესაც ის წარსდგება პარლამენტის წინაშე, ის წარმოადგენს ახალ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპების კიდევ უფრო მეტად დაჩქარება და რომლის  მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა, რომ მას ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი შესაძლებლობა აქვს და შესაბამისად, მისი დასახელების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა თამამად მიიღო.   „ბატონ მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი განათლება. ასევე, ძალიან მრავალმხრივი გამოცდილება. მათ შორის, საჯარო სფეროში მართვის, მუშაობის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ძალიან მსხვილ საჯარო კორპორაციას. ის, ასევე,იკავებდა გასული თვეების განმავლობაში მინისტრის პოზიციას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა ის, რომ მას აქვს ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან თამამად გადაწყვეტილება მისი დასახელების თაობაზე“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.