×

07 სექტემბერი, 2018

თბილისში „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია თანამედროვე სამყაროში შრომით შესაძლებლობებს, ამ მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებს და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნება, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეებმა ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს. 

 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა - სერგეი სტანიშევმა.

 

კონფერენციაში „პროგრესული ალიანსის“ წევრი 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებას  ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები ესწრებიან. 

 

კონფერენციასთან ერთად, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. 

 

„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია. 

 

კონფერენცია 8 სექტემბერს დაიხურება.