11 ივლისი, 2018
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე იმსჯელეს.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. „პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, მათ შორის ახალი წევრებიც. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება და შევა განხორციელების ფაზაში. ხვალ დილით ოფიციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს მინისტრთა განახლებულ კაბინეტს. ხვალ გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც საკომიტეტო მოსმენების და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრების კონკრეტული გეგმა დამტკიცდება.“ - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„დაისვა მრავალი კითხვა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით და პრემიერმა ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. ხაზი გაესვა რეფორმების აუცილებლობას, ცვლილებების აუცილებლობას, გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს. უმრავლესობამ დაუდასტურა პრემიერ-მინისტრს განახლებული შემადგენლობა. ძალიან კარგია, რომ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებობს ინტენსიური კომუნიკაცია და პრემიერი ადასტურებს, რომ კომუნიკაცია გაგრძელდება. “- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.