„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა, ასევე, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი ღია და გამჭირვალე საკადრო პოლიტიკის განხორციელება” - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის.
„მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები. მერიაშიც მუშაობს დღეს ბევრი ასეთი ადამიანი, თუმცა კარი ყველასთვის ღია იქნება, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება და კომპეტენცია. ჩვენ მზად ვართ ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მართვის პოლიტიკის ძირითადი მიზნებია მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, ხარჯების ოპტიმიზაცია, მომსახურების გაუმჯობესება - 24 საათიანი წვდომა მერიის სერვისებზე და საზოგადოების ჩართულობა.
„ჩვენი მიზანია თბილისის მერია ეფექტიანად ზრუნავდეს ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე, ემსახურებოდეს მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ქალაქის თვითმმართველობას” - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ ექსპო ჯორჯიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტიანი სისტემების დანერგვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია, კოორდინაციის გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდაა.
„მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი და ურბანული პოლიტიკის გაძლიერება. ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ურბანული პოლიტიკა და რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება. ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და გვინდა, ეს ცალკე სამსახურად ჩამოვაყალიბოთ. შესაბამისად, გვექნება სამსახური, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას გაატარებს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე განმარტებით, მოხდება ასევე, ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურების ოპტიმიზაცია, მერიის სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანობის ზრდა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვით პოლიტიკასა და ბიუჯეტის შესრულების გაძლიერებულ მონიტორინგს.
„მერიის მომსახურება ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24 საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მართვის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით თბილისის მერობის კანდიდატი ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“, - განაცხადა პრეზენტაციაზე კახა კალაძემ.
აღნიშნული პროექტები კახა კალაძის გუნდის წევრმა ლაშა კვანტალიანმა წარმოადგინა.
მისი თქმით შეიქმნება მერიის ცენტრალიზებული პლატფორმა, თბილისის ინტერაქტიული რუკა, მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა და საზოგადოების ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.
„მერიის ცენტრალიზებული პლატფორმა იქნება მერიის ციფრული ანალოგი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე მიიღონ ყველა სერვისი, რომელიც დღეისთვის გააჩნია თბილისის მერიას. ეს, ბუნებრივია, დაზოგავს მათ დროს, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება მხოლოდ განაცხადების მიღების სისტემა, ამ სისტემის უკან იმუშავებს, ასევე, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმ საოპერაციო დროს, რომელიც დღეს სჭირდება შემოსული განცხადების დამუშავებას“, - აღნიშნა ლაშა კვანტალიანმა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კახა კალაძის გუნდის წევრმა წარმოადგინა, არის თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელიც მრავალფუნქციური იქნება და მისით სარგებლობა შეეძლებათ როგორც თბილისის მოქალაქეებს, ისე ტურისტებს.
„ეს ერთი მხრივ გულისხმობს ყველა იმ პროცედურის მიბმას ამ რუკაზე, რომელიც დღეს არსებობს თბილისის მერიაში - ეს იქნება მიწის სტატუსების შემოწმება თუ სხვა რამ, გარდა ამისა, ამ რუკაზე დატანილი იქნება თბილისის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი: ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, ტურისტული მარშრუტები, გასართობი ცენტრები, მაღაზიები და ა.შ.“, - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.
მისივე თქმით, შეიქმნება მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და განსაზღვრავს საცობების შექმნის მიზეზებს.
როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პროგრამა სრულ სურათს შექმნის და გააიოლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
ლაშა კვანტალიანმა, ასევე, წარმოადგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია რეალურ დროში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისა და მარშრუტების შესახებ.
კახა კალაძის გუნდის წევრმა უპრეცედენტო უწოდა, კიდევ ერთ ახალ ელექტრონულ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც თბილისის ნებისმიერ მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიას შეატყობინოს საკუთარი უბნის პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და ხმა მისცენ ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზებს. გარდა ამისა, პლატფორმა გაითვალისწინებს ბიუჯეტის გამჭირვალობის კომპონენტს.
„ყველა დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ონლაინში. ეს ერთის მხრივ იქნება დამატებითი კონტროლი თბილისის მერიისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პროექტების განხორციელებაში და ჩვენ, თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას გვექნება იმის საშუალება, რომ გავიგოთ, რა კეთდება, სად კეთდება და როგორ კეთდება“ - აღნიშნა ლაშა კვანტალიანმა.
მისივე თქმით, ასევე შეიქმნება პრობლემების შეტყობინების სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში არსებული პრობლემების მობილურის საშუალებით დაფიქსირება, მისი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მერიის შესაბამის სამსახურში შეტყობინების გაგზავნა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თბილისის მერობის შემდეგ გეგმავს კახა კალაძე, არის ახალი ვებ პლატფორმა „ჩემი იდეა ქალაქის მერს“.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, ვისაც გული შესტკივა ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე და წინსვლაზე, გექნებათ შესაძლებლობა, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ჩვენ მათ განვიხილავთ. - განაცხადა კახა კალაძემ.
მართვის პოლიტიკის პრეზენტაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად, მინისტრები - დავით სერგეენკო, კახა კახიშვილი, ქეთევან ციხელაშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდნენ.