21 ოქტომბერი, 2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა კალაძის შტაბმა საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა.
„წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, თანაბარ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და კახა კალაძის შტაბმაც საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა. შევხვდით ბევრ ადამიანს, რომელთაგანაც ამ პერიოდში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩვენი მონაცემებითაც, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სამართლიანი და სიცოცხლით სავსე თბილისი ექნება. „მოსახლეობის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა.