×
×

19 ივნისი, 2018

მამუკა ბახტაძემ პარლამენტს ახალი სამთავრობო პროგრამა გააცნო

თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - 2018-2020 წლის ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა.

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

„იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებებისა და სტრუქტურების მოდერნიზაცია იმდაგვრად, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ უფრო ოპერატიულები ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის დრო, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღების შედეგად დამდგარი რეალური სიკეთე მივა მოქალაქემდე. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და მოქნილი, მაგრამ, ამავე დროს, მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანის შესრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  მისი თქმით, პროგრამის რეალიზაციისთვის აუცილებელია მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში კანონპროექტის სახით წარედგინება.

 

„ჩვენი მმართველობითი გადაწყვეტილებები იქნება უფრო ოპერატიული და ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, რაც ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა საკუთარი ხედვის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

 

„პირველი არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის, ევროატლანტიკური მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი წარმატებები ამ გზაზე, რომლებიც, ბუნებრივია, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ.

 

მეორე - ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის. ჩვენ გვჭირდება, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება, დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა - სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდეთ სიღარიბეს საქართველოში.

 

შემდეგი  გახლავთ  მცირე  ზომის  მთავრობა. ჩვენ  გვჭირდება მცირე  ზომის  მთავრობა არა  იმისთვის,  რომ  ეს  კონცეპტუალურად  ლამაზია,  არამედ  იმისთვის,  რომ რეფორმები  განვახორციელოთ  ეფექტურად,  გავზარდოთ  სამთავრობო  უწყებების  ოპერატიულობა  და, რაც  მთავრია,  ამ  გადაწყვეტილების  დადებითი  ეფექტი რაც  შეიძლება  მოკლე  დროში  მივიტანოთ  ჩვენს  თანამოქალაქეებამდე.

 

შემდეგი გახლავთ  უმნიშნელოვანესი  პრინციპი -  ეს  არის  ფოკუსირება  ჩვენს ახალგაზრდებზე,  ინოვაციებზე  და  განათლებაზე.  ჩემი  შეხედულებით,  სწორედ  ახალგაზრდული  ენერგია  და  შემართება და  ის  სამეწარმეო  სულისკვეთება,  რაც არის  ჩვენს  საზოგადოებაში,   გახდება  იმის  ფუნდამენტი,  რომ  საქართველო  შევა  განვითარებული  ეკონომიკების  მქონე  ქვეყანათა რიცხვში.  სწორედ  ეს  არის  ის  ერთადერთი,  უალტერნატივო  შეთავაზება,  რომელიც  ჩვენ  გვაქვს  ჩვენი  აფხაზი  და  ოსი  ძმებისთვის,  რომ ერთობლივი  ძალისხმევით  ვაშენოთ  ძლიერი  სახელმწიფო.

 

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. ბუნებრივია, ამ პრინციპების დანერგვაში დიდი როლი უკავია ჩვენი არსებული მოდელის შეცვლას. შეცვლას ისე, რომ მასში გამოირიცხოს უსამართლო თამაშის წესები და ის იყოს დაფუძნებული სამართლიანი თამაშის წესებზე. მე არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა და დღესაც მინდა პირდაპირ განვაცხადო, დიახ, არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომლებიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და, შესაბამისად, ვერ წარმოაჩინა თავის პოტენციალი, რომელიც მას აქვს იმდენი, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ, მართლაც რომ, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა.

 

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, ეს იყო, არის და მუდამ იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა, ეს არის ადამიანი. არც ერთი რეფორმა არაფრად ღირს, თუ ის არ არის მიმართული სწორედ ადამიანის კეთილდღეობაზე და მის დაცვაზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე უპირველეს ყოვლისა, ამასთან ერთად,  ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას საკუთარ სამშობლოში, საქართველოში. 

 

ეს არის სწორედ ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩემი ხედვა ეფუძნება და რასაც ეფუძნება ის 32 ინიციატივა, რომელიც არის ჩადებული პროგრამაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.