06 აგვისტო, 2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდის წევრებმა შეაფასეს.
უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია კანდიდატურას არ დააყენებს. „ახალი კონსტიტუციის პირობებში, კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს საპრეზიდენტო ფუნქციებს. მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს და თუ მხარს დავუჭერთ კონკრეტულ კანდიდატს და მისთვის ეს მხარდაჭერა აუცილებელია, ეს კანდიდატი იქნება დამოუკიდებელი. დაველოდებით, ვიდრე ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები, ჩვენ ვერ დავუშვებთ 0,1%-იან რისკსაც კი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე მათგანმა რამე უპირატესობა მოიპოვოს – ამიტომ ჩვენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს” - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება მხარდამჭერი პრეზიდენტი. პრეზიდენტი სჭირდება იმ ფუნქციის განსახორციელებლად, რომელიც კონსტიტუციაში განსაზღვრული და სჭირდება ადამიანი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ისტორიულია ქართული დემოკრატიის და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში.
„გუნდში არ არსებობდა განსხვავებული აზრი იმაზე, რომ კარგი პოზიციაა, რომ არ გავიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატით. თუმცა იყოს განსხვავებული აზრი იმაზე, დავუჭიროთ თუ არა მხარი რომელიმე კანდიდატს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა.