მოგესალმებით ყველას,
მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა.
დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია.
ვიდრე უშუალოდ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების მიზეზებზე გადავიდოდე, რამდენიმე სიტყვით ჩვენი ერთად განვლილი გზა მინდა მიმოვიხილო.
დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მითუმეტეს, რომ ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობით და სიამაყითაც კი, ხაზი გავუსვა იმ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ ექვს წელიწადში მიაღწია.
პირადად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში.
დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. ისინი დემოკრატიული გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებენ მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას.
დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი - კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი - ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ბოლო 5 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო, განახლებული მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც.
ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით, რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის
ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი.
ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა!
თვალშისაცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.
ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა.
საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის.
და ბოლოს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცვალებად, არაპროგნოზირებად, ტერორიზმისა და გლობალური სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე მდგარი მსოფლიოს პირობებში, როცა არნახულად მაღალია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური
ინტერესების დაპირისპირების ხარისხი, ჩვენ შევძელით საქართველოს მოქალაქეებისათვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება.
ახლა მინდა დღევანდელ მთავარ სათქმელს დავუბრუნდე.
რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა, კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.
ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა - ხალხის ნდობა - ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა.
მაშ ახლა რატომღა ვდგამ ამ ნაბიჯს, რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება ჩემგან მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები.
ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, მითუმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველოს, საქართველოს ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი!
ამიტომ ახლა სწორედ ჩემს ხალხს მინდა მივმართო!
ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს.
პირველი მიზეზია - ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;
მეორე - ოპონენტების უმრავლესობისგან
მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე - ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.
უფრო დეტალურად შევჩერდეთ თითოეულ მათგანზე. ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით.
ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია
და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა.
სწორედაც რომ, თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, - სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება.
ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ.
ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები
დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის.
ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმირებულობის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით. ისინი, ამავე დროს, უვიზოდ მოგზაურობენ ევროპის და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონის შორის არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ხშირად 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს, ცხადია, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ, ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.
არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ისაა, რომ საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა და რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში ხუთი და ექვსი კი არა, არამედ ექვსასი პროცენტით გაზარდოს.
მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, რაც ჩვენი ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარი და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება. რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრეთწოდებული ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. ეს „ცარიელი სიმრავლე“ ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ . გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს.
სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა, პრაქტიკულად, საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.
მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების
შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით.
ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ის ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას. ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს.
ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სწორედ ამ და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები.
მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების
შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ - მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს!
მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გულწრფელი მხარდაჭერისა, დემოკრატიის არარსებობის პირობებში, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად. დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი. ექვსი წლის წინ,
ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია. ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს. და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ორგანიზებისა და პროცესების ფილიგრანული მართვის წყალობით, ჩვენ ეს უსისხლოდ მოვახერხეთ. სწორედ ამით დავამტკიცეთ, რომ ევროპელობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი!
დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში!
სრულიად განჭვრეტად მომავალში ჩვენ ღირსეულად დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული, თვითმყოფადი ერი, უძველესი ქრისტიანული კულტურის, უნიკალური დამწერლობის და პოლიფონიის, ტრადიციული მეღვინეობის და ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, დასახლებული გულღია და ტოლერანტი ადამიანებით, სადაც სწამთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“. სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, მე ვიტყოდი - ჩვენი საწყისი უპირატესობა - სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის. საქართველოს შესწევს უნარი, რომ უმასპინძლოს არამხოლოდ მილიონობით ტურისტს, არამედ საუკეთესო პირობებით, უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო ფორუმებს, უმასპინძლოს დიდ ბიზნესს, გახდეს განათლების, სამედიცინო მომსახურების და მაღალი ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი - იყოს დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. საჭიროა მხოლოდ მიზანდასახულობა, რწმენა და შრომა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენ უხვად მოგვანიჭა ბუნებამ.
ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო და კონკურეტუნარიანი გარემო თითოეული მოქალაქისთვის.
მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი! ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში!