10 აგვისტო, 2020

ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვით გამოსვლა

დიდი მადლობა! მადლობა ყველას, რომ ამ კახურ, თაკარა მზეზე, რომელიც ყურძნის დამწიფებას უწყობს ხელს, ასე შევიკრიბეთ! მე, ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა - მემსახურა ჩემი მშობლიური მხარისთვის, გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.   მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად გატარებული 4 წელი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა.   ამიტომ, როდესაც დღის წესრიგში დადგა ჩემი კანდიდატურის წარდგენა, მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად, სწრაფად, კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, რეგიონული მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტები განახორციელოს რეგიონში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო გამრავლდეს, უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის.   მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით და მხოლოდ ასეთი ქვეყანა აერთიანებს მომავალს, მთლიან საქართველოს.   მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო, მაგალითი მთელი საქართველოსთვის თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაერთიანებს და ჩვენ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის. დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ ყველამ დღეს აქ მობრძანებით გამომიცხადეთ.

10 აგვისტო, 2020

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! მივესალმები ჩვენს მეომრებს „ქართული ოცნებიდან“, მივესალმები ჩვენს სასახელო, გამორჩეულ ადამიანებს, ამ კუთხის ღირსეულ შვილებს. ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ ყოფნა, ვინაიდან, ჩვენ ვიმყოფებით მართლაც გამორჩეულ ადგილას, ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეფის ადგილას. ეს თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ გვახსოვდეს ჩვენი წარსული, რომ დავაფასოთ ჩვენი აწმყო და ერთად ვიზრუნოთ ღირსეული მომავლის შექმნაზე. ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. მე ნამდვილად არ ვაპირებდი ამ თემებზე სასაუბროდ აქ მოსვლას, ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შენებაზე, მაგრამ თუ ჩვენ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც დადგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია - 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვასა და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. 2020 წლის ოქტომბერი კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ჩვენი ხალხისთვის მოიტანა უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან. სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ. მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენ შეუძლებელი შევძელით. თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო - ღირსეული, ძლიერი ხალხი! მინდა გავიხსენო ამ კუთხის გამორჩეული შვილები, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარეთ ჩვენი გამორჩეული გმირების, ჩვენი სამხედროების წინაშე. ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე. კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანას და ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

10 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა

დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, ამ გალავანში და მქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის და კახეთის მომავალზე. დიდი პატივია დღეს და წელს განსაკუთრებით, როდესაც პატარა კახის დაბადებიდან 300 წელი გადის, უდიდესი ქართველის, უდიდესი მებრძოლის და ამ კუთხის უდიდესი შვილის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. 2012 წლის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხისთვის. ყველას კარგად გვახსოვს რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიმართული კახეთისკენ. მარტივი მაგალითს მოგიყვანთ - 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს კი 278 000 ტონა ყურძენი, 5 - ჯერ მეტი, ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს კახეთში მიმდინარეობს, თუნდაც ეს ციხე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს ისტორიული მუზეუმი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თელავის რეაბილიტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი. მოგეხსენებათ, კურდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი, უნდა გაგრძელდეს, ასეთი საბავშვო ბაღები ყველა სოფელში უნდა იყოს. უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. აგერ დასრულდება წელს მშვენიერი პროფესიული საწავლებელი „პრესტიჟი“ და ასევე თელავის უნივერსიტეტში შეიქმნება ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად განსაკუთრებული სპეციალიზაცია, ასევე პროფესიული, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ადამიანთან, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა, კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემებისა, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თელავის კეთილდღეობისთვის და, საბოლოო ჯამში, ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის.  

10 აგვისტო, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები მთელს საქართველოს კახეთიდან, თელავიდან! დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის, როგორც სიყვარულით მას ქართველმა ხალხმა შეარქვა, პატარა კახის სასახლის ეზოდან! ჩეთვის დიდი პატივი, დიდი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თქვენს წინაშე ამ ძირძველ სატახტო ქალაქში და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მიმძაფრებს საქართველოს ისტორიით გაჯერებული ამ გალავნის ულამაზესი კედლები. კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში. ვერავითარმა ძნელბედობამ ვერ შეუცვალა კახელებს ბუნება, ვერ ააღებინა ხელი საკუთარ ცხოვრების წესზე, სამშობლოს ერთგულებაზე, რადგან კახელი ადამიანი ძლიერ ფესვზე დგას, ფესვზე, რომელიც კიდევ ბევრ ეპოქას გამოიცვლის, მაგრამ თავის ბუნებას არასდროს, რადგან ეს ის არის, რითიც აქამდე მოსულა, ეს არის ის, რაც აწურინებს კახელს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს და ეს ის არის, რითაც მთელი საქართველო ვამაყობთ. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა წყობიდან გამოგვიყვანა. როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა. მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა. ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან, სხვა რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა, გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად, ვაზის გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამ უკეთესობისკენ. ამის დასტურია ახალი ღვინის ქარხნები, ჰექტრობით გაშენებული ახალი ვენახები, ახალი სასტუმროები, რომლებიც კახელმა ხალხმა თავისი დაუზარელი შრომით და ხშირ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს თანადგომით და თანადაფინანსებით შექმნა და რომლისკენაც არა მხოლოდ მთელი თბილისი და საქართველო მოისწრაფის, არამედ უკვე თითქმის მთელს მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის. ამის ილუზია არავის არ აქვს. ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო ლაღი და კიდევ უფრო მდიდარი მხარე და ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ. ერთად ვიბრძოლოთ კახეთის და მთლიანად საქართველოს წარმატებისთვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, თუ ვინ უნდა დაგვეყენებინა კახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად, ნამდვილად არ იყო მარტივი, შეგვერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენთვის იქნებოდა მისაღები, ადამიანი რომელიც იქნებოდა თქვენი საკუთარი შვილი, ადამიანი, რომელიც გამოცდილი გეყოლებოდათ ლხინშიც და ჭირშიც. რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრის შემდეგ, კვლევების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თელავის, ახმეტის , ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარად წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც თქვენთვის უცხო არ არის. თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება - კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია, არის თავისი საქმის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდთან ერთად, ის რა თქმა უნდა, ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ პრობლემას, რომელიც რეგიონს აწუხებს, ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს. მე მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ის იქნება ადამიანი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიცავს კახელების სიტყვას.

07 აგვისტო, 2020

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით.   საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს.   საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას, რაშიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.   საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.   მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს.

21 ივლისი, 2020

მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა

  პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგინა  საზოგადოებას სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმართეს.    ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:  დავით სერგეენკო - საბურთალოს საარჩევნო ოლქი  ნოდარ ტურძელაძე - ვაკის საარჩევნო ოლქი  ლევან კობიაშვილი -გლდანის საარჩევნო ოლქი  სოზარ სუბარი - სამგორის საარჩევნო ოლქი  კახი კახიშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი  ბექა ოდიშარია - მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი   მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევის საარჩევნო ოლქი  გია ვოლსკი - დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი   შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი  ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი  დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი  ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საარჩევნო ოლქი  ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი  გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი   გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპის საარჩევნო ოლქი  ზაზა დუგლაძე - ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი  ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი  სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი   ზაზა ლომინაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქი პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი  ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი  გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი   გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქი ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი  რესან კონცელიძე- ბათუმის საარჩევნო ოლქი ზაალ მიქელაძე - ქობულეთის საარჩევნო ოლქი  ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი

21 ივლისი, 2020

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და პარლამენტარებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების ხელმძღვანელებს, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, ექიმებს, პედაგოგებს, კულტურის მოღვაწეებს, სპორტსმენებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც თქვენი მოღვაწეობითა და შრომით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებაში. როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, მაქვს პატივი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო. პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, გვექნება საშუალება, ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე. ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას. „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარსდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით და იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ალტერნატივა არა აქვს. წარმატების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი გუნდისა და ძლიერი ლიდერის გარეშე. ჩვენი პარტია, მისი თითოეული წევრი, ამაყობს იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამორჩეული ლიდერი, უანგარო ქველმოქმედი და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა მოუტანა. 

21 ივლისი, 2020

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის მოგესალმებით ყველას, მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. ამიტომ, მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ, ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით. პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში. დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს. ქართველების ბუნებაა პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა. ამიტომაც, მუდამ ერთგულები ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ საქმეში - ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენსკენ აფხაზი და ოსი ძმები. ხალხმა დაინახა, კრიზისის დროს მთელი სახელისუფლებო გუნდი, თითოეული საკუთარ ადგილზე, როგორ ზრუნავდა ხალხზე, როგორ გაუძღვა საქმეს, როგორი პროფესიონალიზმით და ერთგულებით ემსახურა ხალხს და ქვეყანას. ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა - ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ასეთად დარჩება ყოველთვის. ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახლახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება - მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა. ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა, პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება. დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა! კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ! კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია! კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ! კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის! 

21 ივლისი, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის მოგესალმებით, მივესალმები პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, როგორც იცით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმატებული, განვითარებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს. ზუსტად 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება. მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღწევა კი ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთიანობის გარეშე რთული იქნება. ეს საქართველოს წარმატების გასაღებია. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, სწორ მენეჯმენტსა და საქმეზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს. ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, სად არის შავი და სად თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია, ვირუსთან ბრძოლამ ყველას დაგვანახა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა. ჩვენი ერთიანობა არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მე მჯერა, ჩვენ ყველა ერთად არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

21 ივლისი, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის მოგესალმებით ყველას, მივესალმები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს. მივესალმები „ქართული ოცნების“ რიგით წევრებს და რაც მთავარია, მივესალმები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარების კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიას გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება. ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა. მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით, და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება! ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი. საბოლოო მიზანი კი გახლავთ - ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია - სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. ამისათვის, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, იმისთვის, რომ ის მიზნები, რომლებიც გვაქვს, მისი უზრუნველყოფა მოვახდინოთ. ეს მიზნებია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა, არ არსებობს კეთილდღეობა ქვეყნის, თითოეულ ქართულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს ლტოლვილებზე და რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისინი დავაბრუნოთ თავიანთ, მშობლიურ სახლებში, ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება, რა თქმა უნდა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, რა თქმა უნდა, ღირსეული სიბერე, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიყოთ უაღრესად სწრაფები და წარმატებულები. ამ ყველაფერს ჩვენ განვახორციელებთ ერთად. გუნდური მუშაობა არის ამ გზაზე წარმატების ყველაზე დიდი საფუძველი. ერთიანობა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ამ მხარდაჭერის ფასიც და პასუხისმგებლობაც გვესმის და დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ, ხალხთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის.

21 ივლისი, 2020

არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქალბატონებო და ბატონებო, რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს! კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის - უფრო ღირსეული პირობები, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას!

15 ივლისი, 2020

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად კი მასშტაბური,  ექსტრაორდინალური სამუშაოები შესრულდა.    60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.  შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე.  42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.    მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეყვანილი. დენდროლოგიური პარკის  ტერიტორიაზე, ასწლოვან მცენარეებთან ერთად, გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბაც.   შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისათვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია. ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი -  ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ამ რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.    გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს,  მისი მონახულება ვიზიტორებს ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა შეეძლებათ.    დენდროლოგიური პარკის გახსნა განსაკუთრებული ღონისძიებებით არ აღინიშნება. ამის მიუხედავად დილიდან პარკს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი უკვე ესტუმრა. მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეუძლიათ.

13 ივლისი, 2020

ირაკლი ბერაია THE HILL-ში: მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ისინი ვერ დაინახავენ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს

„ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება“, - გამოცემა THE HILL საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს. ბერაიას თქმით, საქართველო ყველა ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა მისი დაბალი გადასახადების, იურიდიული გამჭვირვალეობისა და კორუფციის არარსებობის გათვალისწინებით და ფაქტები საქართველოს ღია და ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის შესახებ კონგრესმენის არგუმენტებს ეწინააღმდეგება. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველო მტკიცედ ორიენტირებულია დასავლეთისკენ, რაზეც მეტყველებს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ქვეყანას დასავლური ინტეგრაციის ორიენტირი შეუნარჩუნა, წარმატებით მიიღო ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება DCFTA - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ასევე, 2016 წელს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს და 2017 წელს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას მოეწერა ხელი, რაც ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას უმაღლეს დონეზე აყენებს და NATO-ში გაწევრიანების მცდელობას მხარს უჭერს ამერიკის მთავრობაც.

13 ივლისი, 2020

ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუ Fair-Economics-თან

ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუ Fair-Economics-თან: მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში -  გამოცემა fair-economics-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ესაუბრა. მისი თქმით, მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში. როგორც მინისტრი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, აქტიური დაცვითი ზომები არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ნდობაა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების მიმართ.  „წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც ზიანი მიაყენა ეკონომიკურ სექტორს, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევთ“, - ეკატერინე ტიკარაძე.

29 ივნისი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს, საქართველოს პარლამენტში, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. დღევანდელ დღეს ყავს ერთადერთი დამარცხებული - ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული. დასასრულს, „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

27 ივნისი, 2020

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” განცხადება

უკანასკნელ პერიოდში, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და მათი ანტიდასავლური კამპანია სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმასა და მასშტაბებს იძენს. ვფიქრობთ, რაც უფრო ღრმად შევა რადიკალური ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, მისი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც, მასთან ერთად, გარკვეულ ზიანს ჩვენს ქვეყანასაც მიაყენებს. ამდენად, ამგვარ უპასუხისმგებლობაზე მყისიერი რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ღიად და თავხედურად აცხადებენ უარს იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების მხარდაჭერითა და ფასილიტაციით მოვაწერეთ ხელი. მეტიც, რადიკალური ოპოზიციის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა იმის თაობაზე, რომ მათ 8 მარტს შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა სურთ.  რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების, შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოსაც მიაყენა, სახელმწიფოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო. აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო პასუხი ჩვენი მეგობარი ელჩების მიერ თანმიმდევრულად გაცხადებულ სიმართლეზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ეს სიმართლე თავდაპირველად, 23 ივნისს, მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმოთქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მოგვიანებით, 25 ივნისს, უფრო მკაფიოდ განმარტა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ხოლო როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ამჯერად შეისმინა დიპლომატების განცხადება, 26 ივნისს იგი კიდევ უფრო მკაფიოდ განმარტა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სწორად გაეაზრებინა ელჩების განცხადებების შინაარსი და მათი მოწოდება, მისმა ლიდერებმა ამ განცხადებებს შეურაცხყოფითა და უკიდურესად არაეთიკური ქცევით უპასუხეს. რადიკალური ოპოზიიციის ლიდერების ამგვარი რეაქციის მიზეზი სრულიად ნათელია - მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა და მისი ჩავარდნის იმედს იტოვებენ, ელჩების განცხადებები კი, მათ მანევრირებისთვის არავითარ სივრცეს არ უტოვებს. ანტიდასავლური განცხადებები და კამპანია რადიკალური ოპოზიციის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოს დასავლური მისწრაფებების სრულფასოვანი რეალიზება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ მყარად დადასტურდება. ეს არჩევანი პოლიტიკაში თავის ადგილს მიუჩენს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება და კიდევ ერთხელ განამტკიცებს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური ღირებულებებისკენ, რომელსაც ესოდენ მყარი ისტორიული საფუძველი აქვს.

20 ივნისი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

დღეს, ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს და სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს. საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას. დემოკრატიული მმართველობის პირობებში, ეს, ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს, ჩვენ, არამხოლოდ საქართველოში ვხედავთ. რასაკვირველია, ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება. დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი. შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები შეგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი. 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო - მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე. ეჭვგარეშეა, რომ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ემოციები დალექილია და ცივ გონებაზე შეგვიძლია ფაქტების განსჯა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ, ეფექტურ და საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ და ძალაუფლების დაბრუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ძალებს შორის. პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წარმატებულმა ბრძოლამ ეს განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო გახადა: „ქართული ოცნების" ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საზოგადოების კონსოლიდაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელიც, ამ პირობებშიც საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების დაზიანებაზე იყო ორიენტირებული, რაც ცხადია, არ გამოუვიდათ ისევე, როგორც არ გამოუვიდათ და არასდროს გამოუვათ არეულობის ნებისმიერი მცდელობა. ნდობადაკარგული და სრულიად გაკოტრებული ძალები ვეღარასდროს ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას და ვეღარ იძალადებენ ხალხზე. ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას, წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას. ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში!

19 ივნისი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა