23 ივლისი, 2019

შეხვედრა იმერეთის რეგიონის მაღალმთიან სოფლებში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის რეგიონის მაღალმთიანი სოფლები, ნოღა და გორდი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. მაია ცქიტიშვილი: „ახლა სოფელ ნოღაში ვიმყოფებით და ამ სოფელზე გადის ძიძილეთი-გორდი-ნოღას გზა. ეს არის ახალი გზა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ იმერეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ გზის მეშვეობით, ოკაცეს კანიონთან და გორდის თემთან დაკავშირება ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, უშუალოდ ამ სოფლებზე გაივლის ის ტურისტული გზა, რომელიც მისცემს სოფლის მცხოვრებლებს საშუალებას მოიზიდონ მეტი ტურისტი და ჩაებან ტურისტულ საქმიანობაში - გახსნან საოჯახო სასტუმროები, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციით მოემსახურონ ტურისტს და ამით მიიღონ შემოსავალი“.  მინისტრის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

20 ივლისი, 2019

შეხვედრა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. ივანე მაჭავარიანი: „ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა“. თორნიკე რიჟავაძე: „აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესი კვლავ გაგრძელდეს. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აწუხებს ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და რაც ჩვენ მიერ იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას“ როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.  

19 ივლისი, 2019

წალენჯიხის სოფლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შეხვდა

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას შეხვედრაზე იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით.   ,,ამ შეხვედრებით სახელისუფლებო გუნდის მიზანია მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს პრობლემები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ ჩამოვდივართ არასაარჩევნო პერიოდში და გვინდა რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ ამა თუ იმ სოფელში რა პრობლემაა დავიწყეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან და ეს პროცესი გაგრძელდება. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება რაც უდაოდ პოზიტიურ შედეგს გამოიტანს“ - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.   შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.   ,,ამ ტიპის შეხვედრები, რაც დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიასა და ჯგალში გაიმართა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უშუალო კომუნიკაცია ქონდეს ხელისუფლებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ​მოსახლეობასთან. შეხვედრების შედეგად ჩვენ ვგებულობთ პრობლემებს და საჭიროებებს უშუალოდ იმ ადამიანებისგან ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. თითოეულ პრობლემურ საკითხზე უშუალოდ მოხდება მყისიერი რეაგირება” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ.   ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლის და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.

17 ივლისი, 2019

ირაკლი კობახიძე - აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

„აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.   მისი თქმით, პარტია  წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები, ასევე ყრილობა.   „პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფუძნდება აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. შესაბამისად, ეს დაგვეხმარება იმაში რომ აჭარაში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიული საქმიანობა, კოორდინაცია ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, გააქტიურდება პარტიული მუშაობა, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის საკადრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები. არჩევნებამდე ჩატარდება ასევე პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს, განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ საპარლამენტო არჩევნებს და აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

17 ივლისი, 2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.    როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და მას იმედი აქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.    „დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა აჭარაში, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, თავმჯდომარის კანდიდატურად კი თორნიკე რიჟვაძე იქნა წარდგენილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის წარმატებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.    „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.    სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

17 ივლისი, 2019

აჭარაში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რეგიონული ორგანიზაცია შეიქმნა

დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.   სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.   შეხვედრაზე აჭარის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც გაზაფხულისთვის იგეგმება.   „ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის , რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, მხოლოდ არჩევნებზე აქტიურდებოდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ ქართული ოცნების აქტივი ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან, პარლამენტიდან უკვე გასულია რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში. სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს განსაკუთრებით რეგიონებში და რაიონებში. ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მათთან ერთად დავიხვეწებით თანხების ეფექტურად განკარგვაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ. აქტიურ კომუნიკაციას აღვადგენთ თქვენი და ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. რაც მე დავპირდი, იმას უნდა დავარქვათ თავისი სახელი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.   აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.   ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები: გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი.

11 ივლისი, 2019

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დონალდ ტუსკთან

დონალდ ტუსკი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას - ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს   „დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.   მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.   ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბეევრ წარმატებას მიაღწევს.   „ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გულწრფელი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის და პოლიტიკური დებატების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი.მადლობას გიხდით ამ ვიზიტისთვის. მე ამ ადგილას განსაკუთრებულ და გამორჩეულ ენერგიას ვგრძნობ. ამას ძირითადად ხალხი განაპირობებს, თუმცა... რეალურად, ყველაფერი საქართველოში შესანიშნავადაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის“ , - განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.   მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.   „მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

08 ივლისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადება

ის, რაც გუშინ რუსთავი2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია - რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და სცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე, ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს.  უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას. ნაციონალური მოძრაობა მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის გამოწვევას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს.   ის, რაც გუშინ რ2-ის ეთერში მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რადგან დაშვებული იქნა, რომ ჩვენს თვალწინ ამ დესტრუქციულ ძალას და მის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სატელიტებს მოეხდინათ ეროვნულობის, პატრიოტიზმის მონოპოლიზაცია და საყოველთაო ისტერიის ფონზე, ამ საფარქვეშ შეერყიათ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლები. სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი - ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც.  დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს.

01 ივლისი, 2019

პროპორციული არჩევნები - 2020-ის პრეზენტაცია

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „პროპორციული არჩევნები - 2020-ის“ პრეზენტაცია გამართა.   პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   როგორც რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გულისხმობს.   „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა მზაობა, ინიციატივის ფარგლებში, ითანამშრომლოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან,  ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

30 ივნისი, 2019

თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპორციული არჩევნები 2020-ის” პრეზენტაციას გამართავს

„ხვალ შეხვედრაზე ჩვენს მიერ ინიცირებულ შეთავაზებულ ვერსიას წარვადგენთ. ეს ვერსია 2020-ის არჩევნებისთვის, საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე ნულოვანი ბარიერით დაუყოვნებლივ გადასვლას გულისხმობს. სისტემა შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ბევრ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლის საზოგადოებრივი მხარდაჭერაც შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს, რომ აღმოჩნდნენ პარლამენტში და, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი იყოს კონკურენტული.    ხვალ პოლიტიკური პარტიების და არა მხოლოდ მართ წარმომადგენლებს  გავაცნობთ ჩვენს ინიციატივას და არგუმენტებს, თუ რატომ არის ეს ვერსია. მოწვეულია ყველა პოლიტიკური პარტია,  არასამთავრობოების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.    შეხვედრა საკმაოდ ხალხმრავალი იქნება.  მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ვერსია წარვუდგინოთ დამსწრე აუდიტორიას, მაგრამ, ბუნებრივია, დამსწრე პირებისგან სიამოვნებით მოვისმენთ სხვა მოსაზრებებს.    ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით და ვხედავთ, სხვადასხვა მოსაზრებები ისმის. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, საერთოდ, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ძველი სისტემით, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს ადამიანები   ითხოვდნენ პროპორციულ სისტემას და უცებ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, ძველი სისტემით, რისი გაგებაც ძალიან მიჭირს.   ზოგიერთი პარტია ამბობს , რომ ნულოვანი ბარიერი არის კარგი და მისასალმებელი, ზოგიერთი ამბობს, რომ უნდა იყოს რაღაც ბარიერი. ყველა გამოდის თავისი ვიწრო პარტიული ინტერესიდან.  შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, მოვძებნოთ  გამოსავალი, რომელიც სწორი და მისაღები იქნება უმრავლესობისთვის და ქვეყნისთვის.

29 ივნისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.   საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.   პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.   პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  გაიმართება.

28 ივნისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერსა და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.   განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები.   ხაზგასმით ვაცხადებთ, საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული.   ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასევე განუხრელად არის და იქნება დაცული ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობისგან.   სახელმწიფო იცავს როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს.   არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის.

24 ივნისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის:   2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.   საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და, შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.   თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.   მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.   დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი, სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.   იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს და, დარწმუნებული ვარ, მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.   უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.   რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.   საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.   შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს, შესაძლოა, ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.   და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;   ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.   ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

21 ივნისი, 2019

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

    საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.   „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.  აქვე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვათ ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.   პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები.   სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.   რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის.   „ქართული ოცნება“ არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატიული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას.

20 ივნისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადება

ის, რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების,  პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი.   პირდაპირ ერთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.   მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.   პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ -საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად.   მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად  სარგებლობის შესაძლებლობას.

20 ივნისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში.   პირველი, რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება.   საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის.   საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება.   ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად-, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით.   დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით.   ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ.   დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა.   ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა.“

20 ივნისი, 2019

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.