×

23 ივლისი, 2019

შეხვედრა იმერეთის რეგიონის მაღალმთიან სოფლებში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის რეგიონის მაღალმთიანი სოფლები, ნოღა და გორდი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

მაია ცქიტიშვილი: „ახლა სოფელ ნოღაში ვიმყოფებით და ამ სოფელზე გადის ძიძილეთი-გორდი-ნოღას გზა. ეს არის ახალი გზა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ იმერეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ გზის მეშვეობით, ოკაცეს კანიონთან და გორდის თემთან დაკავშირება ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, უშუალოდ ამ სოფლებზე გაივლის ის ტურისტული გზა, რომელიც მისცემს სოფლის მცხოვრებლებს საშუალებას მოიზიდონ მეტი ტურისტი და ჩაებან ტურისტულ საქმიანობაში - გახსნან საოჯახო სასტუმროები, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციით მოემსახურონ ტურისტს და ამით მიიღონ შემოსავალი“. 

მინისტრის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.