01 ივლისი, 2019
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „პროპორციული არჩევნები - 2020-ის“ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გულისხმობს.
„ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა მზაობა, ინიციატივის ფარგლებში, ითანამშრომლოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.