11 ივლისი, 2019
დონალდ ტუსკი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას - ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს
„დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.
ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბეევრ წარმატებას მიაღწევს.
„ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გულწრფელი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის და პოლიტიკური დებატების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი.მადლობას გიხდით ამ ვიზიტისთვის. მე ამ ადგილას განსაკუთრებულ და გამორჩეულ ენერგიას ვგრძნობ. ამას ძირითადად ხალხი განაპირობებს, თუმცა... რეალურად, ყველაფერი საქართველოში შესანიშნავადაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის“ , - განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.
„მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.