23 აპრილი, 2019

PACE-ს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, გერმანელი დეპუტატი ფრენკ შვაბე „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრენკ შვაბე და ამავე ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი, ფრანჩესკა არბოგასტი „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს - კახი კალაძეს, პოლიტიკურ მდივანს - ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს - არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის წევრს - დიმიტრი ცქიტიშვილს შეხვდნენ.   პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.   საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის, ევროპასა და გერმანიასთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას.

16 აპრილი, 2019

IUSY-ის შავი ზღვის კომიტეტის კონფერენცია

  IUSY-ის შავი ზღვის კომიტეტის კონფერენცია ერთიანი რეზოლუციის მიღებით დასრულდა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით რეზოლუციაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასახულია ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ არსებული გამოწვევები.   ყველაზე დიდი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანება მიესალმება საქართველოს პროგრესს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. ასევე, გმობს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში და ახლოს მდებარე დასახლებებში.   აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციებს პირველად მასპინძლობს. 5 დღიანი სამუშაო ვიზიტის შემდეგ დღეს შავი ზღვის კომიტეტის დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც საერთაშორისო დელეგატებთან ერთად ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ,,ღირსეული შრომის პირობების'' შესახებაც იმსჯელეს.

13 აპრილი, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის გამოსვლა

მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის.   ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული.   ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მარნეულიდან.   იმ პროექტებს, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით.უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი.   მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო 4 წლის და 2 წლის, დენიზი და ადა. თქვენს ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია.   დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია ქართულ ოცნებას, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, რომ უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში.

11 აპრილი, 2019

ლადო კახაძის წარდგენა

ლადო კახაძე - ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!   „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა   „ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი - ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება. დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლება ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლადო კახაძის წარდგენისას.   „ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელების თანადგომით, თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით, თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.   „მე ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად წამოვედი. ესენი ჩემი შვილიშვილები არიან - ნიკოლოზი და ანდრია. მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები. მათი და მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს. მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა. მათთვის და მათთან ერთად ლამაზი, შინაარსიანი, ადაპტირებული, განათლებული, უსაფრთხო და ღირსეული მომავლის აშენება მინდა, მათთან და თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ლადო კახაძემ.   მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს და დამსწრე საზოგადოებას.

11 აპრილი, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.    სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.    ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას, სასიხარულოა, რომ განათლების მიმართულება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების ხელფასი გახდეს ღირსეული. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ოჯახის როლს და აღნიშნეს, რომ სტაბილური და ძლიერი ოჯახები ქვეყნის სტაბილურობის განმაპირობებელია.   მისმა უწმინდესობამ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.  ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.   ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა.

10 აპრილი, 2019

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა დღეს შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინეს.    „მიხარია , რომ დღეს, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად აქ ვიმყოფები და წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს. ზემო აჭარა, ეს არის ჩვენი სიამაყე, თქვენ ხართ გმირი ხალხი. სხვა არაფერია თუ არა გმირობა, რომ აქ, ზემო აჭარაში ხართ ასე ძლიერად და ინარჩუნებთ ამ ულამაზეს მხარეს. მხარეს, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით და რაც მთავარია თავისი განსაკუთრებული ხალხით “ განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.    მისი თქმით, ხულოს ჰყავს ღირსეული დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რეგიონის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და ეყოლება ღირსეული მერი  ვახტანგ ბერიძე .   „ჩვენ ერთად გპირდებით, ერთიანი ძალისხმევით ყველა პრობლემას ეტაპობრივად გადავჭრით და ვიქნებით თქვენს სამსახურში- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“.    „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ვახტანგ ბერიძემ ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემები აქვს და რა სჭირდება ხულოს.    „ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა ყველაზე კარგად,  სიღრმისეულად იცოდეს მისი რაიონის პრობლემები, ყველაზე კარგად შეეძლოს თქვენი ხმის მოტანა როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დაგვეხმაროს ჩვენც იმისთვის, რომ თქვენი გასაჭირი, თქვენი საჭიროებები უკეთესად დავინახოთ,  უკეთესად შევძლოთ ამ საჭიროებებზე პასუხი “ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.    “გპირდებით,  თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი. ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ. მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში. თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თოთოეული თქვენგანის გადასაჭრელი პრობლემა - იქნება  ჩემი საკუთარი პრობლემა” - განაცხადა ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.

09 აპრილი, 2019

„მადლობა თავისუფლებისთვის“ - 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას „ქართული ოცნების “ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მიაგო

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგეს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.   „ზუსტად ამ ადგილას, 30 წლის წინ,  ქართველმა ერმა, კონსოლიდირება შეძლო. მადლობა თავისუფლებისთვის - მოპოვებულ თავისუფლებას  განმტკიცება სჭირდება და ზუსტად ახალგაზრდები უნდა იყვნენ  ის ადამიანები, ვინც შეძლებენ, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის გზა კიდევ უფრო განამტკიცონ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ.    ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს, ასფალტზე სანთლებით მადლობა დაწერეს და ჰაერში მანათობელი ფრანები გაუშვეს.    9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე "ქართული ოცნების" ქუთაისის და ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა.

08 აპრილი, 2019

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.   საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.   1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენილმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა. ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა: ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.   2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.   ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია - თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთ გატანის ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან.   მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ნგრევის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის, ყოველგვარი რევოლუციური სცენარების გარეშე, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში მოვახდენდით ემოციური მუხტისა და რაციონალიზმის იდეალურ შერწყმას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით - ძალადობრივი რეჟიმი ისე უმტკივნეულოდ, უსისხლოდ მოვიშორეთ თავიდან, რომ თვითონაც ბოლომდე არ იჯერებდნენ მომხდარს. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.   მაგრამ მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება: როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.   ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში.   პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას - უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლის და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.   მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.   ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.   წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული.   9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!

07 აპრილი, 2019

ჭიათურის მერობის კანდიდატის - გივი მოდებაძის წარდგენა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.   მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გივი მოდებაძემ თავის გამოსვლაში ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.    „ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - დასრულდება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა, მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი, სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები, დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.   მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სკოლამდელი აღზრდა. გამომდინარე აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ათეულ სკოლას და საბავშვო ბაღს, ასევე აშენდება 3 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.    „გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს ექნება ახალი საზოგადოებრივი ცენტრი. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს თანადგომით ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი ხორციელდება. ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ვიზრუნებთ მაღაროელთა უფლებების დასაცავად და მათი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად. მოვუწოდებ ყველა ჭიათურელს, ყველა ახალგაზრდას დავდგეთ ერთად ჭიათურის აღმშენებლობისთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! მე მჯერა 2019 წლის 19 მაისს ჩვენ ავირჩევთ მშვიდობასა და სტაბილურობას და დავუბრუნებთ ჩვენს ღირსეულ ქალაქს ღირსებას“ - განაცხადა ჭიათურის მერობის კანდიდატმა.    „იმისათვის, რომ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.   „მჯერა თქვენი მხარდაჭერით გივი მოდებაძე აუცილებლად გაიმარჯვებს, ამიტომ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გპირდებით, რომ განვითარების პროცესი, როგორც ჭიათურაზე, ისე მთელს საქართველოზე თანასწორად და სამართლიანად იქნება ასახული. მადლობა, რომ მხარს უჭერთ თქვენს ქვეყანას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თქვენთან ერთად მართლაც ბევრის გაკეთება შეუძლია“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

29 მარტი, 2019

ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავს ეხმაურება

„ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა.   ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს.   სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ.   31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს - 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“

26 მარტი, 2019

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

25 მარტი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, მაისში ტარდება მუნიციპალიტეტების მერების არჩევნები ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში.  აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში.    რეგიონების განვითარებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას ესაჭიროება კვალიფიციური კადრები და სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ მერობის კანდიდატები. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც, ჩვენ გვჯერა, კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადამიანებს საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოსა და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე.   „ქართული ოცნება“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგენს ბატონ გიორგი შენგელიას. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში, ბატონი გიორგი ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი, ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს.   მარნეულში მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი.  გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება.   ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი გოგლიჩიძე. ბატონი გიორგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა ნაცმოძრაობის არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ  მუნიციპალიტეტს და ვართ დარწმუნებულები, რომ მასთან ერთად, ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით.   ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი მოდებაძე. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას.   ხულოში მერობის კანდიდატი იქნება ბატონი ვახტანგ ბერიძე. ბატონი ვახტანგი ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის დღემდე, ბოლო დრომდე ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი  და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობით, ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.   და ბოლოს, თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება - ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს.   ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე.

21 მარტი, 2019

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.   ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას და მის პოლიტიკურ მრჩეველს, პიეტრო გუასტამაკიას შეხვდა.   შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.   ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.   რუდოლფ მიხალკა 2014 – 2018 წლებში საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა, 2018 წლის 1 სექტემბრიდან კი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელია.

15 მარტი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა

ტოივო კლაარი ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი  სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს.   ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.   „ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობაა დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაჭრის პროცესში“ - განაცხადა ტოივო კლაარმა.