28 ნოემბერი, 2018

არჩევნების პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

არჩევნების პროცესი, საერთო ჯამში, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, დილიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს. ოპონენტთა აქტივისტების და ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ჟურნალისტების მხრიდან ადგილი აქვს  დაძაბული ფონის წარმოჩენის მცდელობას.   გავრცელებული იქნა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შსს-მ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს,  უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე.   ამიტომ, ყველას (მათ შორის ჟურნალისტებს ) მოვუწოდებთ, ნუ შეეცდებიან საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევის ნიშნებია!   მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების აგრესიას უპასუხეთ კანონისმიერი მეთოდებით!   ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.    მნიშვნელოვანია, საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება, შესაბამისად, არ მისცეთ არავის საშუალება, დისონანსი შეიტანოს პროცესში.

28 ნოემბერი, 2018

თამარ ჩუგოშვილის ბრიფინგი

მოგეხსენებათ, ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მეორე ტურისთვის, გაიხსნა საარჩევნო უბნები და ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა.   ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.   მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია.    მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.   მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების  და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.   მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.   ყველა ასეთ დარღვევაზე ქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნიო პროცესს. ასევე მივმართავთ დამკვირვებლებს, რომ სათანადიოდ ასახონ ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება დაკვირვების პროცესში.   ასევე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც როგორც ჩანს დღის განმავლობაში იქნება.    დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება!

27 ნოემბერი, 2018

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება საარჩევნო კამპანია.   ჩვენ პირველი ტურის ანალოგიურად, მეორე ტურშიც შევძელით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, განეხორციელებინათ სიტუაციის ესკალაცია და შეექმნათ აგრესიული ფონი არჩევნების მეორე ტურში ისევე როგორც პირველ ტურში, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.    ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა,  ჩვენ ამ პასუხისმგებლობას 2012 წლიდან პირნათლად ვასრულებთ . თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა,  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.   პირველი ტურის შემდეგ, დაფიქსირდა საარჩევნო დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მთლიანობაში ვერ ახდენს რაიმე არსებით უარყოფით გავლენას საერთო სურათზე.   ახლა, ბუნებრივია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არჩევნების დღეს, ხვალ, 28 ნოემბერს, ამომრჩევლისთვის თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.   ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს, გამოავლინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.    მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისგან.    ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მოთმინება და არ წამოეგონ პროვოკაციებს, რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს ისინი.   მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრული მობილიზაციით უზრუნველყონ კანონის დაცვა საარჩევნო პროცესში.   ვთხოვთ დამკვირვებლებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად ფართო მონიტორინგი. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ მათ თანადგომისთვის.    ხვალ ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ არჩევანს.   ჩვენი ქვენისთვის ეს არის კიდევ ერთი პრინციპული, კიდევ ერთი ღირსების არჩევნები.   ეს არის არჩევანი სიცრუესა და სიმართლეს შორის, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, ძალადობასა და ღირსებას შორის, საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის.    დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს.   ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება.

27 ნოემბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

„ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს პროვოკაციულ გამოხტომებს. მთელი დღის განმავლობაში, მისი მედია-საშუალებიდან იღვრება უამრავი ტყუილი. საზოგადოებას ვთხოვ, რომ ყურადღებით მოუსმინონ მათ მიერ გახმოვანებულ ინფორმაციებს და პროვოკაციებს არ წამოეგონ. ისევე როგორც ნებისმიერ ამომრჩეველს, ნებისმიერ მოქალაქეს ვთხოვ, ხვალ  ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან.   ასევე, მინდა მივმართო ჩვენს აქტივს, „ქართული ოცნების ჯარისკაცებს“: ისინი აქტიურად არიან არჩევნებში ჩართულნი. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა და მისი მედია-საშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს კოორდინატორთა მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის უკანონო, რაც აბსოლუტური სიცრუეა.   ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, აბსოლუტურად კანონიერად აქვს ასეთი სიები მოპოვებული. ამ სიებთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ, მათ შორის, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს. ამიტომ, ამაში არაკანონიერი არაფერია და იმოქმედონ თავისუფლად, იმოქმედონ თამამად და ნუ წამოეგებიან პროვოკაციებს, რომლებიც ამ სიებთან არის დაკავშირებული.   როგორც ჩვენ პირველ ტურში ვაცხადებდით, მეორე ტურისათვის ნაციონალურ მოძრაობას გაცემული აქვს ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები. ისინი აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის.     ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას, დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა - მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით, ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც  არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება.   ასევე, გვაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია, ეს ისედაც ჩანს საინფორმაციო საშუალებებითაც, რომ ნაციონალური მოძრაობა  ემზადება პროვოკაციებისთვის. დღეს მათ აღჭურვეს თავისი აქტივისტები ჩამწერი მოწყობილობებით, ეს არის მათი სტილი და ამას თავს ვერ ანებებენ. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება რიგითი ამომრჩეველი, თუ ჩვენი აქტივისტი, რომ მათაც შეუძლიათ ნებისმიერი ასეთი პროვოკაციის შემთხვევაში გადაიღონ და მიაწოდონ ჩვენ შტაბებს ინფორმაცია. გადაიღონ ნებისმიერი მცდელობა პროვოკაციისა, რომელთაც აუცილებლად ექნება ადგილი ნებისმიერი ლოგიკით  ხვალ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან. ჩვენ თითოეულ პროვოკაციაზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, თუმცა, ასევე ვთხოვთ, რომ პროვოკაციაზე ისინი ნუ წამოეგებიან.   ხვალ საქართველო აკეთებს პრინციპულ არჩევანს, ჩვენ გვექნება დემოკრატიული, გამჭირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდგომ. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აღებული და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, ტესტი იმისა, რომ საქართველოში არსებობს   დემოკრატია და  ეს საკითხი ვერასდროს გადაიხედება, რაც არ უნდა მარგინალური ძალა ცდილობდეს პროვოკაციის მოწყობას და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას“.

27 ნოემბერი, 2018

გია ვოლსკის ბრიფინგი

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2-ის“ ეთერის სიცრუესა და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება.    მოგიყვანთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს: როგორც „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს-ის ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, მათი მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული.   ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სახლებში აფეთქებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მითუმეტეს, რომ არ შეესაბამება „ქართული ოცნების“ მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს.    ამასთან, საზოგადოება კვირებია უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით.    რეალობის სამარცხვინოდ დამახინჯების ნათელი მაგალითია აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება, ან კატეგორიულ უარს უცხადებენ.    მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე, 15-31 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში ჩამოიწერება და, რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა.   სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება  და ათასობით ოჯახს გაათავისუფლებს როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ტვირთისგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან.   ამასთანავე, ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, ცე ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე.    ეს თანადგომა ყველას თანაბრად ეხება.   როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არა უბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე.    სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან „შავ სიაში“ მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე დარიცხული დავალიანება.   დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

26 ნოემბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა. ოპონენტები უფრო და უფრო იაფფასიანი კომპრომატებით, რეალობის სრულმასშტაბიან მოდელირებას ცდილობენ, თუმცა მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათ ქმედებებს არჩევნების შედეგზე არანაირი გავლენა არ ექნება. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე, რაზეც ისინი აპელირებენ, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, ვაცნობებთ საზოგადოებას მათ შორის და  საერთაშორისო დამკვირვებლებს.   დღეს, საზოგადოებისთვის მორიგი სისულელის, ვითომდა, ფარული ჩანაწერის შესაღებას შეეცადნენ. ბუნებაში არარსებული ამ ტიპის ე.წ. კომპრომატების შექმნა შეუძლია ნებისმიერი 2 პირის საუბრის ჩაწერითაც კი რუსთავი 2-ს და ნაციონალურ მოძრაობას. რუსთავი 2-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს „ქართული ოცნების“ რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად კი თითქოს ჩვენი გუნდი საარჩევნოდ თითქოს გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა.    მათი სქემის ნაწილია გურჯაანსა და რუსთავში, ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება. რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილია და არეულობა ხელისუფლების ინტერესში ვერაფრით ვერ იქნება.   „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2-მა“ მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა, ცრუ ბრალდება გააჟღერეს ამ მიმართულებით იმიტომ, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე რაიმე სახით ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდებები აღმოჩნდა აქაც მტკნარი სიცრუე. ამ მოქალაქის მკურნალმა ექიმმაც კი დაადასტურა, რომ მას არანაირი სახის დაზიანება არ ჰქონია და არ მიუღია.    ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ შკლიაროვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.    დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული ქმედების შესახებ ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაბრალებდნენ, ისინი რეალურად თავად სჩადიან.   „რუსთავი 2-ის“ მიერ დადგმული სპექტაკლები მხოლოდ არჩევნების დელეგიტიმაციას, გაყალბების ილუზიის შექმნას ემსახურება, რომელიც იმ რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც სააკაშვილი, შკლიაროვი, ვაშაძე და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერები ღიად თუ ფარულად დიდი ხანია გვიანონსებს.   ისევე, როგორც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ ქმედებას კი, რომელიც არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იქნება მიმართული, კანონის ფარგლებში უმკაცრესი პასუხი გაეცემა.

22 ნოემბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

მინდა გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი.   ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.   წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენლმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მე მინდა, სანამ ბატონი ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ბატონ ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მალე და დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი.    მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ,,ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები.    აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია  თუ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები.   ამიტომ, მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე.

22 ნოემბერი, 2018

კახა კალაძის ბრიფინგი

პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ წარმატებულ ვიზიტს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.   აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი.   აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს  უსვამს ხაზს.   2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია- ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.   მინდა მთელი ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება.    ამიტომ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ქართული ,,ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში.    სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც  და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.   სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით.   ასევე,  მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ,რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.   აქვე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას.   ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება.   დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს.

20 ნოემბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

გუშინ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გააცნო ჩვენი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ასობით ათას ოჯახს უმძიმესი ტვირთისგან ათავისუფლებს.    საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიებში მყოფი 600 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 150 000 სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ათობით ათასი პირი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება!     ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ვინც 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით ე.წ. შავ სიაში იყო და ძირი თანხის სახით, 2000 ლარამდე დავალიანება ჰქონდათ დარჩენილი!    საუბარია, ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, ხალხზე, ვინც სამომხმარებლო სესხი აიღო კაბალური პირობებით, გაჭირვების, საკვების, თუნდაც, ტოტალიზატორის გამო აიღო და იმედი ჰქონდათ, რომ გადაიხდიდნენ, მაგრამ ვალის გასტუმრება ვერ შეძლეს. მათ შორის, ათასობით სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.   საერთო ჯამში, საუბარია 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ვალზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის ამ ორგანიზაციებისგან და გაანულებს!    ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბიუჯეტიდან ამისათვის არ იხარჯება არც ერთი თეთრი.   ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯით, ჩვენს ხალხს, ვისაც ვალები წლების განმავლობაში ბორკილებად ედო, საშუალება ექნებათ, სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.    მიუხედავად ასეთი მასშტაბური და უპრეცედენტო ინიციატივისა, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება ამისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერადაც სამარცხვინოდ იქცევა და ადამიანებს სოციალური მდგომარეობის მიხედვით ანსხვავებს ერთმანეთისაგან.   ორი დღის განმავლობაში, ვხედავთ, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერებსა თუ სოციალურ ქსელში, მათი ლიდერები და მხარდამჭერები აგდებით მოიხსენიებენ ადამიანებს, ვისაც წლების განმავლობაში ვალები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა! მათზე ზრუნვას დანაშულად და მოსყიდვად ასაღებენ!     მათგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ადამიანი, ზრუნავს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, თუ რის გამო დაუგროვდათ ვალი ამ ადამიანებს და რის გამო ჩავარდნენ გაჭირვებაში.     სოციალური სოლიდარობის აქტის შემდეგ, პანიკაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“, რეალობის მოდელირებასა და ფაქტების ტოტალურ გაყალბებაზეა გადასული, რასაც ცხადყოფს კიდეც მათი რეაქციები ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, მთელი ორი დღის განმავლობაში ჩვენ ამას ვხედავთ.   რაც შეეხება ვითომდა დანაშაულს, რაზეც უტიფრად იტყუებიან. შეგახსენებთ, ეს ის ხალხია, ვინც ვითომდა საბანკო ვალების გასტუმრების დაპირებით, რეგიონებში მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, საარჩევნო პერიოდში ყალბ ვაუჩერებს არიგებდნენ.    დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორი დახვეწილი ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოს, ხალხი ბრძენია და ქართული საზოგადოება მათ ანკესზე აღარასდროს წამოეგება.

19 ნოემბერი, 2018

დავალიანების დასაფარად, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება

დავალიანების დასაფარად, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება და მის ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“   როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი წარუდგინა.    ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით.    სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით, ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს.    განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც  ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან სრულად გამოისყიდის მოქალაქეთა ამ დავალიანებას  და 15-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში, 600 000-ზე მეტი ადამიანის დავალიანებას გაანულებს.    ხაზს ვუსვამ, ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.   საუბარი შეეხება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მოვალეთა რეესტრში და მათი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს. ასეთი კი, შავ სიაში მყოფ ადამიანთა 95%-ია და მათი დავალიანების ჯამური თანხა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება.   „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს.     კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ, წინ გადადგმულ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნით ღირსეული ცხოვრების პირობებს თითოეული ადამიანისთვის!

18 ნოემბერი, 2018

კახა კალაძის ბრიფინგი

როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ  საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე.   ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ.   მეგობრებო! „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.   მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს.   დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე.

16 ნოემბერი, 2018

კახა კალაძის ბრიფინგი

ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას.   ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე.   ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და ნაციონალური მოძრაობა უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.   მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ - დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან!  სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე.   ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე და ახლა, მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას.   ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული მთელი მათი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება.   პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა;   ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტიურად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა;   პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს.   დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში. ის უსინდისო და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული კამპანიაც, რაც ვითომდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ საქართველოს გამტყუნებას და ქართველი სამხედროების გასამართლების გამოგონილ საფრთხეს ეხება, ისევ და ისევ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვის და სხვაზე გადაბრალების სტრატეგიის ნაწილია.   მივმართავ მათ, ვინც ამ დანაშაულების დასაფარად გადალახა პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი:   ვერ ეღირსებით,  ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას!   ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ხალხთან ერთად ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი - დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ.   სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წავიყვანთ წინ.

14 ნოემბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

მამუკა მდინარაძე - ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად.   „როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ფრაქცია  „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.   მისივე თქმით,  გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან.   „არჩევნების პირველი ტური რუსთავი 2-ის მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა, საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.   როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სურათი არც პირველი ტურის შემდეგ შეცვლილა.    „გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა.  მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, რუსთავი 2-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა განათავსა „ნაცმოძრაობის“ ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები. ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებისკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

14 ნოემბერი, 2018

ირაკლი კობახიძის შეფასება ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტზე

ირაკლი კობახიძე  - ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა  გამოხატა    „ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა  გამოხატა” - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.    „დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ.  დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის მხრიდან ევროპარლამენტარების მხრიდან აღარება იმ მიღწევებისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულ იქნა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   მისი თქმით, ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გაკეთდეს საბოლოო მიზნის მისაღწევად - ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის.  „ეს განცხადებები ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმისა,რომ გავაკეთოთ ყველაფერი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ამისათვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 ნოემბერი, 2018

მამუკა ბახტაძის ბრიფინგი

მამუკა ბახტაძე - საამაყოა, რომ ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა   მინდა, გამოვეხმაურო რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს და ამასთან დაკავშირებით, გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებულ ძალიან მნიშვნელოვან,  საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად გრძნობს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. ეს არის მთავარი სტიმული და ყველა წარმატების საწინდარი, რომელსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი  და ეფექტიანი მუშაობის შედეგად ევროპარლამენტში, საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. მინდა, ხაზი გავუსვა, შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა რეგიონში.   ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რომ ჩვენს ქვეყანაში მდგრადი დემოკრატიაა, ხოლო ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათა შორის, იგივეს ადასტურებს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო რეიტინგიც. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საქართველოს ეკონომიკის ზრდას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობასა და საქართველოს ეკონომიკის მზარდ ტენდენციას. საქართველოსადმი ამ მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია. რა თქმა უნდა, მე მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება დაშვებული საქართველოს პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან, რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. და მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და აირჩევს ევროპულ მომავალს. კიდევ ერთხელ მსურს, ყველა ქართველს მივულოცო ეს წარმატება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე.  

12 ნოემბერი, 2018

კახა კალაძის ბრიფინგი

ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები უკვე საბოლოოდ გაცხადდა.    ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება.    ამ სცენარისთვის,  ნაციონალური მოძრაობა  ყველა ინსტრუმენტს იყენებს, ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ, სცადეს  ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.   ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.   ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას.  ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში! კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს.

10 ნოემბერი, 2018

სოფიო ქაცარავას ბრიფინგი

სოფიო ქაცარავა - „ნაციონალური მოძრაობას“, „რუსთავი 2“-ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ.   „ნაციონალური მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“ - განაცხადა დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.   მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც, საკონსულოებისა და საელჩოების  სახელით  საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.   „ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. აღნიშნული დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე, ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ. ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

10 ნოემბერი, 2018

ზვიად კვაჭანტირაძის ბრიფინგი

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მსგავსი ტიპის თაღლითური შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდენენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს და გადაამოწმონ ნებისმიერი საეჭვო ტიპის ინფორმაცია.     “მინდა მიგმართოთ ყველას თხოვნით, გადაამოწმოთ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შემოდის მიზანმიმართულად ჩვენი თანამემემულეების ჯგუფებში და კონკრეტულ პიროვნებებთან, გამოიყენოთ ამისთვის საქართველოს საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში მოქმედი 24 საათიანი ცხელი ხაზის სერვისი, რომ უპირველეს ყოვლისა დაცული იქნას თქვენი მოქალაქეობივი უფლება - მიიღოთ საქართველოს პრეზიდენტის არცევნებში მონაწილეობა. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში. საკონსულო დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ხვალ იწურება დღე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ჩართულობა საარჩევნო სიებში.    მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს და ორგანოებს, ზემოთ აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები აუცილებლად სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და გაშიფრული და დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

08 ნოემბერი, 2018

გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ატოცში მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა

ნაციონალური მოძრაობის მორიგ ბინძურ პროვოკაციად აფასებს  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი  ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს.   „დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა.   მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.   ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა - სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს.   ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.  ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს!- განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია ვოლსკიმ.