27 ნოემბერი, 2018
როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება საარჩევნო კამპანია.
ჩვენ პირველი ტურის ანალოგიურად, მეორე ტურშიც შევძელით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, განეხორციელებინათ სიტუაციის ესკალაცია და შეექმნათ აგრესიული ფონი არჩევნების მეორე ტურში ისევე როგორც პირველ ტურში, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.
ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას 2012 წლიდან პირნათლად ვასრულებთ . თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
პირველი ტურის შემდეგ, დაფიქსირდა საარჩევნო დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მთლიანობაში ვერ ახდენს რაიმე არსებით უარყოფით გავლენას საერთო სურათზე.
ახლა, ბუნებრივია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არჩევნების დღეს, ხვალ, 28 ნოემბერს, ამომრჩევლისთვის თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს, გამოავლინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისგან.
ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მოთმინება და არ წამოეგონ პროვოკაციებს, რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს ისინი.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრული მობილიზაციით უზრუნველყონ კანონის დაცვა საარჩევნო პროცესში.
ვთხოვთ დამკვირვებლებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად ფართო მონიტორინგი. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ მათ თანადგომისთვის.
ხვალ ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ არჩევანს.
ჩვენი ქვენისთვის ეს არის კიდევ ერთი პრინციპული, კიდევ ერთი ღირსების არჩევნები.
ეს არის არჩევანი სიცრუესა და სიმართლეს შორის, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, ძალადობასა და ღირსებას შორის, საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის.
დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს.
ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება.