07 ნოემბერი, 2018

კახა კალაძე - „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.   კახა კალაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძემ „პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება“.   „ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება. ყველასათვის ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში. დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის   რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

06 ნოემბერი, 2018

კახა კალაძის ბრიფინგი ბინადრობის საკითხთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია ის, რომ წლიდან წლამდე იმატებს ჩვენს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.  ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება.    ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავდ მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბაზრის მოწესრიგებისთვის მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. ამ სფეროს სწორი მიდგომები, ჩვენი სტუმრების პოტენციალის სწორად გამოყენება, იმგვარად დარეგულირება სჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს მობინადრეთა, აქ ცხოვრების მსურველთა და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებები.   ჩვენ დიდ ძალისხმევას მივმართავთ თბილისში და მთლიანად საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და მოვლა-პატრონობაზე, ამის დასტურია, ახალი აღმაშენებელი, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, რომელთა რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მომდევნო წლებში დაგეგმილია სხვა ასეთი უბნების რეაბილიტაციაც.     დიდ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოიხსენიება. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა სჭირდება.   უცხოელებს,  ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა უნდათ და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ. სწორედ ამიტომ, თქვენ იცით, პარლამენტი დღეს უკვე მეორე მოსმენით განიხილავს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს  უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს.   შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი. დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე, ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი.   ინიცირებული  კანონპროექტის თანახმად,  300 000 ლარი - 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი - 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი  და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში.   ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულები, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა.

05 ნოემბერი, 2018

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

მინდა, მივმართო ჩემს ხალხს!   მინდა, მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე!   პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის!   მაგრამ დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია   მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების.   მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა.   მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს.   უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა.   ბევრი თქვენთაგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე.   დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება და ეს ბევრმა თქვენთაგანმა საკუთარ თავზე და ოჯახზე იწვნია. და არც ჩვენს მიღწევებზე.   დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას - არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.   რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.   თუმცა ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს!   ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით.   როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად:   ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ.   მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი, სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!   ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.   2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ:   სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა, ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონალური ლიდერობა და მრავალი სხვა.   საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას.   უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.   და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!   სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!   ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არაერთხელ გამოუჩენია.   მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!   მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.   მთავარია, ახლა ხელისუფლებაზე და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2012-ში.   მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!

02 ნოემბერი, 2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადება

„რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოხსნას, ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის, არანაირი უფლებამოსილების  მოხსნა არ იქნება მასთან მიმართებაში.    ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე -ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა.    მე მინდა თავად ფაქტსაც გამოვეხმაურო, რაზეც ეს კამპანია ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბმა - რეალურად, ჩანაწერებით. გამოძიება დაწყებულია, დიდი იმედი მაქვს რომ აბსოლუტურ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მაგრამ, ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების   მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და დემონსტრაციული ესკალაცია ძალადობის. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ  ეს გარემოებაც.    ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ყველამ ნახეთ მშვიდად ჩატარდა არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება.     მე მინდა ასევე გამოვეხმაურო კანაფის წარმოების პროექტსაც. როგორც იცით, საზოგადოების და ეკლესიის პოზიციის დაფიქსირებისთანავე პარლამენტმა შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა, ჩვენ მაშინვე დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის გარეშე, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ამასთან დაკავშირებით.    მაგრამ დღეს, როდესაც სხვადასხვა კონოტაცია ამ პროექტს, და მათ შორის გადამწყვეტი იყო ის,რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ქართული ოცნების გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და მას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ გაწვეული იყოს ეს პროექტი პარლამენტიდან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პარლამენტიდან.   დღეს, როგორც იცით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ასევე პატრიარქს და ეს პოზიცია იქნა კიდევ ერთხელ განხილული და დადასტურებული.   მე კიდევ ერთხელ გუნდის სახელით გიდასტურებთ, რომ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული.   არ შემიძლია უყურადღებოდ  დავტოვო ის უღირსი კამპანია, რომელსაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საარჩევნო შტაბი თითქმის ქვეყნის მასშტაბით, არაერთ რეგიონში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ.    ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია: თავდასხმები, შეურაცხყოფა. ის, რასაც რეალურად საზოგადოებამ უთხრა უარი 2012 წელს და არც მომავალში არ აპირებს საქართველო, რომ აირჩიოს ეს სტილი შეურაცხყოფის და დაპირისპირების.    ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება.    კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს და მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და მათ თითქოს ღირებულებები  შეიცვალეს, რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე.    ამიტომ მინდა მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან, რომ თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიერ ამ  დღეებში არის გამოვლენილი“.

29 ოქტომბერი, 2018

კახა კალაძის განცხადება

პირველ რიგში, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მივიდა არჩევნებზე. ასევე, მადლობა დამკვირვებლებს, უცხოელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს,  სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და მედიას.   განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, რომელსაც ოპოზიციის უპრეცენდენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა ხმა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო.   ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა.   საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება, საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს. სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება! რაც მთავარია,  ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ  ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით.   სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან.   ამის  შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია.   სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯომარის პოსტზე დაბრუნებისას: გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული.   გზავნილი მიღებულია და  ჩვენ მზად ვართ  ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს  ობიექტური მიზეზებიც- მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას.   არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ   პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი.   დარწმუნებულები ვართ, რომ  მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა  ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის,  მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას. 

28 ოქტომბერი, 2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება

მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მინდა გაგაცნოთ ის მონაცემები, რაც ამ ეტაპზე აქვს პარტია „ ქართულ ოცნებას“ მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დაკავშირებით.   ჩვენ პერიოდულად ჩვენი წარმომადგენელი კომისიის წევრებისგან შემოგვდის მონაცემები. იცით 3700-ზე მეტი უბანია  ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.    რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით, ცესკოს შედეგებს, მანამდე რაიმე კატეგორიული განცხადებისგან იცით და უკვე განვაცხადეთ, რომ თავს ვიკავებთ.    ამ ეტაპზე მე მინდა რამდენიმე დეტალზე და რამდენიმე ახალ ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებზე.    პირველი, თქვენ იცით რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშრებით აკეთებდნენ განცხადებებს, ავრცელებდნენ კონკრეტულ ვიდეოებს, ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითისათვის, რაც უკვე გამოვიკვლიეთ და დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, სხვათაშორის აღნიშნულის დამადასტურებელი ინტერვიუები უკვე გავიდა რამდენიმე არხზე, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც ქალბატონი თვითონ ამბობს იმას, რასაც მე ეხლა მოგახსენებთ.    გურჯაანის მე-12 ოლქის მეორე უბანზე, რუსთავი-2 მთელი დღის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ დაფიქსირდა ფულის გადაცემის, ანუ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი, როდესაც ქალბატონი, რომელიც ჩაწერეს ჟურნალისტებმა, თავადვე ადასტურებდა ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციითაც, ის წარმოადგენს ევროპული საქართველოს მხარდამჭერს.    შემდეგი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე სამი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებს, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბანი. საუბარია საჯარისო ნაწილებზე და იქ განთავსებულ ორ უბანზე. მინდა მოგახსენოთ შედეგები ამასთან დაკავშირებით, პირველი ინფორმაცია უკვე იქიდან გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან.    ერთ უბანზე - 334 სალომე ზურაბიშვილი, 216 - ვაშაძე, 76 - ბაქრაძე; მეორე უბანზე - 63 - სალომე ზურაბიშვილი, 43 ხმა - ვაშაძე , 8 ხმა დავით ბაქრაძე.   ასე, რომ ორივე უბანზე პირველივე ტურში  გამარჯვებული არის სალომე ზურაბიშვილი. ტყუილს ამ შემთხვევაშიც  აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკოს შედეგებს, პარალელურად ჩვენ შემოგვდის პარტიაში ჩვენი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია.

28 ოქტომბერი, 2018

ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოსახლებას არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ულოცავს.   მთავრობის მეთაურმა განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა და ყველა მოქალაქეს აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო მუხტისთვის მადლობა გადაუხადა.   „როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, ხმის დათვლის შედეგებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.   პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ  ყველა პირს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

28 ოქტომბერი, 2018

გილოცავთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, წარმატებული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

პირველ რიგში გილოცავთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, წარმატებული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. პირდაპირ გადავალ იმ საქმეზე , რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს და გაგაცნობთ ეგზიტპოლის შედეგებს, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად.   ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ცდომილების ფარგლები არის 2.6 პროცენტი. რაც შეეხება შედეგებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად,  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3 %-ით, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1 %, დავით ბაქრაძე 9.2 %, სხვა კანდიდატები 10.4 %. ასევე,  უნდა გაცნობოთ რომ ეგზიტპოლის თანახმად მეოთხე ადგილზე გავიდა ,,გირჩის“ კანდიდატი ბატონი ზურაბ ჯაფარიძე 3.3 %, შემდეგ ბატონი შალვა ნათელაშვილი 3.1%   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცდომილება არის 2.6 %. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგის დაფიქსირება არის ისედაც დამოკიდებული ცესკოს ოფიციალურ დათვლაზე და იგი ბუნებრივია უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს., რომლის საფუძველზეც დაზუსტდება დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში.   მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბუნებრივია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებული მადლობა, ასევე განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ სწორედ მათ უზრუნველყვეს საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული არჩევნების ჩატარება.   ასევე მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად ყველას ვთხოვ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.   განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხმის დათვლის პროცედურაზე, იმისათვის რომ იყოს დაცული თითოეული ამომრჩევლის ხმა. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია გარკვეული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე სკოლაში არსებულ საარჩევნო უბანზე, სადაც იგეგმება ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაცია ჩვენი ინფორმაციით, ასევე პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის , ამაზეც გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ბათუმის და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე.   ვთხოვ  საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ოლქებში. კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას.

28 ოქტომბერი, 2018

კახა კალაძე - დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი

პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მოსული იყო არჩევნებზე და თავისი ნება დააფიქსირა. მინდა განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გადავუხადო, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო. მნიშვნელოვანია ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის.   რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. როდესაც დათვლის შედეგად მიღებული ციფრები გვექნება, ოფიციალურად გამოვაცხადებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ.

28 ოქტომბერი, 2018

მამუკა მდინარაძემ 19:00 საათისთვის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა

ბოლო საათი დარჩა.    ბოლო საათის განმავლობაში მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ  იმიტომ, რომ რაც მეტად ახლოვდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მე შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ. მაგალითად, ბატონი კოტე იოსელიანი  მისული იყო ვაკის ოლქში, შექმნა დაძაბული სიტუაცია ხელოვნურად და შეურაცხყოფა მიაყენა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს. ამაზე ბუნებრივია იქნება რეაგირება, ამაში დარწმუნებული ვარ და მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და მათზე მოახდინონ რეაგირება. ლილე ლიპარტელიანი, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მათი დეპუტატი საკრებულოში, კრწანისის უბნებზე გადაადგილდება და უხეშად ერევა უბნის საქმიანობაში და აფერხებს პროცესს. ასეთი შემთხვევები, ბევრი რომ არ გავაგრძელო , მრავლად არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ამ პროვოკაციული მოქმედებებისა, საბოლოო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.   როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო საათია დარჩენილი და ის სავარაუდო შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას ჩვენი ინფორმაციით და ეს არის ქალბატონი სალომეს პირველი ტურში გამარჯვების შანსი და ამაზე ყველა მონაცემი მეტყველებს, რომ შევინარჩუნოთ საჭიროა აქტიურობა ბოლო წუთამდე. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, თუკი ვინმე კიდევ არის სახლში, ამ შედეგის შესანარჩუნებლად ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა.   ამისათვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, ასევე არ შეიძლება უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს ძალიან დიდი მოთმინებისათვის, ძალიან დიდი სიმყარისათვის და კანონის ფარგლებში მოქმედებისათვის.

28 ოქტომბერი, 2018

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროცესი შეაფასა

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით მთელ რიგ  პროვოკაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მთელ რიგ სუბიექტებს, დაიცვან კანონმდებლობის ნორმები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან.   აქვე, გაცნობებთ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, თუმცა რა თქმა უნდა ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე.    შესაბამისად,  ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს,  ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას.   აქვე ვიტყვით, რომ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც თავს უფლებას აძლევს აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაცხადებულ მონაცემებზე. ამის დასტური იქნება რა თქმა უნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოვაცხადებთ და რაც მთავარია, ამის დასტური იქნება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები.   კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ.

28 ოქტომბერი, 2018

თამარ ჩუგოშვილის განცხადება

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს  არჩევნების პირველ ტურში, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან, მივიდნენ, ხმა მისცენ და დააფიქსირონ თავიანთი ნება. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას.  უბნების ნაწილზე უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, გავიმეორებ, ესენია ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნები. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში.    მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვენს მიერ დასახელებულ ოლქებს, ასევე ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც პროცესში დაძაბულობის, ან კანონდარღვევის შეტანის რაიმე განზრახვა აქვს, რომ მათ მიმართ კანონი გამოყენებული იქნება სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს უბნის ჩაშლის, თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა. ამიტომ, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან.   აქვე მინდა გამოვეხმაურო რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევაში მისულ ამომრჩეველს უბანი დახვდა დახურული. ეს არის სიცრუე, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან შვეიცარიაში ერთადერთი უბანი არის ბერნში და ჟენევაში საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი.  მოვუწოდებთ მედიას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, რადგან,  ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები.  კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჟენევაში საარჩევნო უბანი საერთოდ არ არის და შესაბამისად, ის დახურული ვერ დახვდებოდა ვერავის.

28 ოქტომბერი, 2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება

დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომელიც ფიქსირდება ქვეყნის მასშტაბით, თუმცა არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა შემთხვევებმა რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე. საბოლოო ჯამში, მშვიდად მიმდინარეობს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კომისიის თითოეულ წევრს, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, თითოეულ დამკვირვებელს იმ მოთმინებისთვის, სწორად მუშაობისთვის და კანონის ჩარჩოში მოქცევისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.   ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი. კონკრეტულად, შემიძლია გითხრათ, რომ მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა  ანარ მამედოვმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ხელიდან გამოგლიჯა ბიულეტენი და გადახია.   ეს პიროვნება თავად ასახელებს მიზეზს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი გადამოწმების და ფაქტის დადგენის გარეშე. ასეც რომ იყოს, მას არ შეუძლია, ეს არის მძიმე დარღვევა დაუხიოს ბიულეტენი, თუმცა, არც ის ფაქტი დასტურდება, რომ ეს ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული არჩევნებზე.    ასევე, გვაქვს მცხეთის შემთხვევაც, სადაც მე-2 უბნის გადასატან ყუთთან აღმოჩნდა, როგორც ჩანს წილისყრის შედეგად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როგორც ჩანს, რომ მიიღო მონაწილეობა წილისყრაში და ხმა მიაცემინა ამ ადამიანმა  ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა.    ზოგადად, ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა, მოგეხსენებათ არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიურონ დღის ბოლომდე, რვა საათამდე. ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნები ჩაივლის დემოკრატუილად. აქ კითხვის ნიშნები არ იქნება.

28 ოქტომბერი, 2018

ირაკლი კობახიძის განცხადება

მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, N40-ე და N43-ე უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე.   აპირებენ უბნის ჩაშლას, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული უმკაცრესი სანქცია, კანონომდებლობით და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით -  ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი, 2018

მამუკა მდინარაძემ 13:30 საათისთვის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა

ძალიან ბევრი საკითხია, რაც გროვდება საპასუხო, მათ შორის, ამბავი, რაც ხდება ბოლო წუთების და საათების განმავლობაში. ნაციონალურ მოძრაობას უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ ისინი შევიდნენ უბნებზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებზე, თითქოს არის დარღვევები და მარკირებიანი პირები ახერხებენ შესვლას.   თუმცა,  საბედნიეროდ და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კომისიის თითოეულ წევრს და თითოეულ დამკვირვებელს, ვისი მომხრეც და წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ან დამკვირვებელი, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა იმისათვის, რომ ისინი ახერხებენ თითოეული მათგანის იდენტიფიცირებას, არ გამოეპარათ მათ არც ერთი ფაქტი და ყველა მათგანი გაბრუნებული იქნა უკან.   რუსთავი 2 ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება , ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს და შემდგომ დადოს რუსთავი 2-ში. ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას.   ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი მედია საშუალების მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს, ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია.    ამ მიზნით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს.   რეალურად, ჩვენს მომხრეებს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც.   მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე.   შესაბამისად, ჩვენი აგიტატორები , ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა.   ამავე დროს, მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს, თავი დაანებონ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე.   მე ვფიქრობ,  მიუხედავად ამ პროვოკაციული ფონისა, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით რაიმე არსებითი, სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით.  ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც იქნება რეალურად დაწერილი, ვფიქრობ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება.   შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე. არჩევნები გრძელდება, დარწმუნებული ვარ, იქნება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან, რა არჩევანსაც გააკეთებს ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი.

28 ოქტომბერი, 2018

ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე - ბიძინა ივანიშვილი

ვფიქრობ, დღევანდელი არჩევანით, რომელსაც უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე.   პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.   მისი თქმით, ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მისცა.   „მე ვფიქრობ რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას, ევროპა და კულტურა. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა.“

28 ოქტომბერი, 2018

მამუკა მდინარაძემ 12:00 საათისთვის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა

მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:   ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციისკენ. არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც.   მოგვიანებით, აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც, ჩვენი ინფორმაციით, უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია, ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს.    ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ  ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის  ეს მასალა. რეალურად, არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.    როგორც ნახეთ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს - მოქმედი კანონმდებლობით,  არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ რუსთავი 2, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძელებდა ანტირეკლამას,  ცილისწამებასა და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.   ვრცელდება ინფორმაცია და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა დარღვევები, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.   ასევე, მინდა სოციალური ქსელებით გავრცელებულ სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციებს გამოვეხმაურო. დღეს, განსაკუთრებით ბევრია ასეთი ინფორმაციები, ეგრეთწოდებული ,,ფეიქ ნიუსები“ და გავხდით იძულებულები ამაზეც გვეთქვა, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა სხვადასხვა განცხადებები აფხაზეთზე, მეგრელებზე, სარალიძეზე და ა.შ. რაც  არის აბსოლუტური სიცრუე, მიზანი, ალბათ, გასაგებია ყველასთვის.    როგორც ხედავთ, ჩვენ და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კამპანია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ ყალბი ინფორმაციებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას. ვიმედოვნებთ, რომ დამკვირვებლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით.   კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ  მაქსიმალური იაქტიურონ. მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას, იაქტიურონ.   ბოლოს, მივიღე ინფორმაცია, რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ჩვენს ბრიფინგს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. მათ ვურჩევ, რომ წაიკითხონ 61-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა მონაწილე, ყველა წევრი საარჩევნო უბანზე კომისიისა, ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს არ არის მათი უფლება, ეს არის ვალდებულება და ეს მათ არ გააკეთეს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ნორმების დაცვით. ამასთან დაკავშირებით, სხვაგვარი განცხადებები იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.    დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს სხვადასხვა დესტრუქციული ძალებისგან.

28 ოქტომბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად 8 საათზე დაიწყო  ხმის მიცემის პროცესი. გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა  რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში.   საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.   გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ  უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.   რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.   კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე  12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას.    მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში.   მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.   მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის.    ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე.   ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.   და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ.

27 ოქტომბერი, 2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს სრულდება წინასაარჩევნო კამპანია და გვინდა ძალიან მოკლედ შევაჯამოთ საარჩევნო პროცესი.     პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოპონენტების მიერ წარმართული კამპანია, სამწუხაროდ, დადებით წვლილს ვერ შეიტანს საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ, ევროპული სტილის კამპანიას ოპონენტებმა უპასუხეს აგრესიით, შეურაცხყოფით, პროვოკაციებით, სხვადასხვა ფორმით გამოხატული არაეთიკური ქცევით.   დღეს გვინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც 2 თვის განმავლობაში უაღრესად ღირსეულად პასუხობდა ოპონენტების არაეთიკურ ქმედებებს.   ამ საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი მახასიათებელი იყო ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ უკიდურესად დაუბალანსებელი მედიაგარემო. ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია - რუსთავი 2 ფორმალურადაც კი არ ცდილობდა დაეცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და აქტიურად მიმართავდა რუსული ტელეარხებისთვის დამახასიათებელ ე.წ. ბრეინვოშინგის, ანუ ტვინის გამორეცხვის მეთოდს.   ამ საარჩევნო კამპანიის მორიგი უარყოფითი მახასიათებელი იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში და მათი გულგრილი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების უხეში გადაცდომების (მათ შორის - შეურაცხყოფისა და ცილისწამების, მუქარის, მძიმე პროვოკაციების, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების დაშინების მცდელობის) მიმართ.   მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ მხარდამჭერთა სიების ფალსიფიკაცია. აღნიშნული პარტიები იმ დონეზე გაკადნიერდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გაყალბებაც კი იკადრეს.   სამწუხაროა, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული 2 სპექტაკლის ფონზე ჩაიარა. ორივე სპექტაკლმა სრული ფიასკო განიცადა, რადგან იქ, სადაც არ არის გადაცდომა, ხელოვნურად ვერავითარ კომპრომატს ვერ შექმნი. ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს არც წარსულზე და არც მომავალზე საუბრის რესურსი, რაც მას მუდმივად ვითარების რადიკალიზაციის მცდელობისკენ უბიძგებს. ასეთი მცდელობებიც, როგორც ვხედავთ, წარუმატებლობისთვის არის განწირული.     საარჩევნო პროცესის დადებითი მხარე იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართული ევროპული სტილის კამპანია, რომელიც ამომრჩევლისთვის საპრეზიდენტო ხედვის წარდგენაზე იყო ორიენტირებული.   მადლობა გვინდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების სათანადოდ წარმართვისათვის.   ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც სისტემატური პროვოკაციების მიუხედავად, წარმატებით შეძლო ინციდენტების პრევენცია.   განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ასევე, ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც არ პასუხობდნენ ნაციონალების პროვოკაციებს და არ აძლევდნენ მათ ვითარების ესკალაციის შესაძლებლობას.   მთლიანობაში, ხელისუფლების მხრიდან უზრუნველყოფილი იყო თითოეული საარჩევნო კანდიდატის მიერ საარჩევნო აგიტაციის თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში წარმართვა.   მადლობას ვუხდი ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რასაც შეაქვს ფასდაუდებელი წვლილი ჩვენი  დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის.   ახლა თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხვალ ხმის მიცემის პროცესისთვის თავისუფალი და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.   „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იზრუნონ საარჩევნო დარღვევების პრევენციაზე და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.   გვაქვს წინასწარი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკოს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად.   არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საარჩევნო გადაცდომაზე, რომელი პარტიის წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უმკაცრესი რეაგირება. ამისათვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს.   გაცნობებთ, რომ ხვალ, საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. ეგზიტპოლს, სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად, 100 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“.   მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ისინი ამ 2 თვის განმავლობაში აყალბებდნენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ - რამდენიმესაათიანი ფეხები და რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები.   ღიმილისმომგვრელი იყო გუშინწინდელი ფაქტი, როდესაც ეგზიტპოლის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, რუსთავი 2-მა მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ნინო ჯაფარიძესთან, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა. ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, ვფიქრობთ ეგზიტპოლის შედეგები ჩვენც ინგლისურად ხომ არ გაგაცნოთ.   მოვუწოდებთ, რუსთავი 2-ს, გარდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისა, დადოს სხვა პარტიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებიც.   მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.   მოვუწოდებთ ყველას, უზრუნველყონ არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება.   მადლობას ვუხდით აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც ღირსეულად წარმართეს წინასაარჩევნო აგიტაცია და უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენს ხვალინდელ წარმატებაში.   ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენი პირველივე ტურში გამარჯვება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.   მოგიწოდებთ, მობრძანდით არჩევნებზე, გამოხატეთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია და შემოხაზეთ ნომერი 48.  

26 ოქტომბერი, 2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება

მინდა, სამძიმრით დავიწყო. გუშინ გორში ძალიან დიდი უბედურება, ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ყველას გვყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის. რაც შეეხება დღევანდელი ჩემი გამოსვლის შინაარსს, პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც დღეს გაიმართა.   მან დღეს ჟურნალისტების წინაშე ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია - „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა.   ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან.   მინდა ასევე, გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება.   ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ.   როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს.   არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია.   ჩვენ არავის, და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე.   მეორე საკითხი, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, არის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ავღანეთში, ჩვენს სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. გუშინ სააკაშვილმა ყველაზე მდარე ფორმით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და განაცხადა, რომ თითქოს, აღნიშნულ ბაზაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მაშინ, როდესაც საარჩევნო ყუთები ავღანეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს გაიხსნება. ამასთან, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსურათი, რაც საარჩევნო ნორმების უხეში დარღვევაა.   იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს, თუმცა, სააკაშვილისგან ჩვენ ამაზე დიდი სიმდაბლეც არაერთი გვახსოვს და შესაბამისად, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საამაყო სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს 28 ოქტომბერს.   მესამე საკითხი გახლავთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პარტიული ტელევიზიის ეთერით გამოაქვეყნა გაყალბებული კვლევის შედეგები, რომელიც სრულად არის აცდენილი პოლიტიკურ სინამდვილეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2012 წლის შემდეგ ვეღარ აყალბებს არჩევნებს, აყალბებს იმას, რაც შეუძლია - სოციოლოგიურ კვლევებს. რეალობა კი არის ის, რომ ნამდვილი, გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს.   ნიშანდობლივია, რომ ჩვენი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნების შეეშინდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ჩაკეტილი არიან საკუთარ სიყალბეში და გაურბიან მათთვის არასასურველ სიმართლეს. თუმცა, ისინი ვერ გაექცევიან სიმართლეს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნების შედეგები და როდესაც ქართველი ხალხის ნებით, პრეზიდენტად გამოცხადდება სალომე ზურაბიშვილი.