×

22 ნოემბერი, 2018

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

მინდა გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი.

 

ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.

 

წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენლმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მე მინდა, სანამ ბატონი ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ბატონ ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მალე და დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი. 

 

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ,,ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები. 

 

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია  თუ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები.

 

ამიტომ, მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე.