×

08 ნოემბერი, 2018

გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ატოცში მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა

ნაციონალური მოძრაობის მორიგ ბინძურ პროვოკაციად აფასებს  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი  ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს.

 

„დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა.

 

მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.

 

ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა - სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს.

 

ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.  ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს!- განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია ვოლსკიმ.