×
×

27 ნოემბერი, 2018

გია ვოლსკის ბრიფინგი

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2-ის“ ეთერის სიცრუესა და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება. 

 

მოგიყვანთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:

როგორც „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს-ის ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, მათი მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული.

 

ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სახლებში აფეთქებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მითუმეტეს, რომ არ შეესაბამება „ქართული ოცნების“ მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს. 

 

ამასთან, საზოგადოება კვირებია უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით. 

 

რეალობის სამარცხვინოდ დამახინჯების ნათელი მაგალითია აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება, ან კატეგორიულ უარს უცხადებენ. 

 

მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე, 15-31 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში ჩამოიწერება და, რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

 

სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება  და ათასობით ოჯახს გაათავისუფლებს როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ტვირთისგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან.

 

ამასთანავე, ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, ცე ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე. 

 

ეს თანადგომა ყველას თანაბრად ეხება.

 

როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არა უბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე. 

 

სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან „შავ სიაში“ მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე დარიცხული დავალიანება.

 

დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.