15 მარტი, 2019
ტოივო კლაარი ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს.
ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობაა დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაჭრის პროცესში“ - განაცხადა ტოივო კლაარმა.