17 ივლისი, 2019
„აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პარტია წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები, ასევე ყრილობა.
„პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფუძნდება აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. შესაბამისად, ეს დაგვეხმარება იმაში რომ აჭარაში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიული საქმიანობა, კოორდინაცია ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, გააქტიურდება პარტიული მუშაობა, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის საკადრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება პარტიული კონფერენციები. არჩევნებამდე ჩატარდება ასევე პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს, განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ საპარლამენტო არჩევნებს და აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.