×

21 ივლისი, 2020

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

მოგესალმებით ყველას,
მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. ამიტომ, მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ, ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიებენ.

ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით. პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.
დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს.
ქართველების ბუნებაა პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა. ამიტომაც, მუდამ ერთგულები ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ საქმეში - ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენსკენ აფხაზი და ოსი ძმები.

ხალხმა დაინახა, კრიზისის დროს მთელი სახელისუფლებო გუნდი, თითოეული საკუთარ ადგილზე, როგორ ზრუნავდა ხალხზე, როგორ გაუძღვა საქმეს, როგორი პროფესიონალიზმით და ერთგულებით ემსახურა ხალხს და ქვეყანას. ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა - ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია.
ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ასეთად დარჩება ყოველთვის.
ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს.
სულ ახლახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება - მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.
ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა.
ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა, პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება.
დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება.

მოდით,
კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა!
კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ!
კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია!
კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ!
კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!