21 ივლისი, 2020
#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
მივესალმები პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ქალბატონებო და ბატონებო,
რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.
ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა.
დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს! კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის - უფრო ღირსეული პირობები, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები.
საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს!
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს!
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას!