×

21 ივლისი, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

მოგესალმებით,

მივესალმები პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას.
ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო,

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, როგორც იცით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაა.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმატებული, განვითარებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.
მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს.

ზუსტად 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება. მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს.

წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.

ამის მიღწევა კი ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთიანობის გარეშე რთული იქნება. ეს საქართველოს წარმატების გასაღებია. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, სწორ მენეჯმენტსა და საქმეზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს. ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, სად არის შავი და სად თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია, ვირუსთან ბრძოლამ ყველას დაგვანახა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა.

ჩვენი ერთიანობა არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მე მჯერა, ჩვენ ყველა ერთად არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!