10 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო!
მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას,
მივესალმები მთელს საქართველოს კახეთიდან, თელავიდან! დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის, როგორც სიყვარულით მას ქართველმა ხალხმა შეარქვა, პატარა კახის სასახლის ეზოდან!
ჩეთვის დიდი პატივი, დიდი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თქვენს წინაშე ამ ძირძველ სატახტო ქალაქში და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მიმძაფრებს საქართველოს ისტორიით გაჯერებული ამ გალავნის ულამაზესი კედლები.
კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში.
ვერავითარმა ძნელბედობამ ვერ შეუცვალა კახელებს ბუნება, ვერ ააღებინა ხელი საკუთარ ცხოვრების წესზე, სამშობლოს ერთგულებაზე, რადგან კახელი ადამიანი ძლიერ ფესვზე დგას, ფესვზე, რომელიც კიდევ ბევრ ეპოქას გამოიცვლის, მაგრამ თავის ბუნებას არასდროს, რადგან ეს ის არის, რითიც აქამდე მოსულა, ეს არის ის, რაც აწურინებს კახელს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს და ეს ის არის, რითაც მთელი საქართველო ვამაყობთ.
ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა წყობიდან გამოგვიყვანა. როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა.
მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა. ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან, სხვა რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა, გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად, ვაზის გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამ უკეთესობისკენ.
ამის დასტურია ახალი ღვინის ქარხნები, ჰექტრობით გაშენებული ახალი ვენახები, ახალი სასტუმროები, რომლებიც კახელმა ხალხმა თავისი დაუზარელი შრომით და ხშირ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს თანადგომით და თანადაფინანსებით შექმნა და რომლისკენაც არა მხოლოდ მთელი თბილისი და საქართველო მოისწრაფის, არამედ უკვე თითქმის მთელს მსოფლიოშიც გაითქვა სახელი.
რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის. ამის ილუზია არავის არ აქვს. ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ.
დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ.
კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო ლაღი და კიდევ უფრო მდიდარი მხარე და ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ.
ერთად ვიბრძოლოთ კახეთის და მთლიანად საქართველოს წარმატებისთვის.
როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, თუ ვინ უნდა დაგვეყენებინა კახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად, ნამდვილად არ იყო მარტივი, შეგვერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენთვის იქნებოდა მისაღები, ადამიანი რომელიც იქნებოდა თქვენი საკუთარი შვილი, ადამიანი, რომელიც გამოცდილი გეყოლებოდათ ლხინშიც და ჭირშიც. რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრის შემდეგ, კვლევების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თელავის, ახმეტის , ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარად წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც თქვენთვის უცხო არ არის. თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება - კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია, არის თავისი საქმის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდთან ერთად, ის რა თქმა უნდა, ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ პრობლემას, რომელიც რეგიონს აწუხებს, ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს.
მე მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ის იქნება ადამიანი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიცავს კახელების სიტყვას.