11 სექტემბერი, 2020

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის სიტყვით გამოსვლა მცხეთაში

იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა იყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმიტომ, რომ მცხეთა-მთიანეთი არის მხარე მებრძოლი ხალხით, ისტორიული სოფლებით და მდიდარი კულტურით და შესანიშნავი ბუნებით. მცხეთა-მთიანეთი არის მხარე, სადაც იქმნებოდა საქართველოს ისტორია. მცხეთა არის უძველესი სატახტო ქალაქი, საიდანაც იწყება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, სადაც იწერებოდა და იწყებოდა მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში, ყაზბეგი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე. ღირსეულად ხვდებოდნენ მტერს და ღირსეულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. მებრძოლი მთიულები, ქსანელები, თიანელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მეფისა და ქვეყნის ერთგულებით და ყოველთვის წარმატებულები იყვნენ სამშობლოს დაცვაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, ორიენტირებულია სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის წარმატებაზე. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ამომრჩეველს, რომ ჩემი მთავარი მიზანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ხალხის სამსახურში ყოფნა. ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ საზოგადოებაზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ თუნდაც მიმდინარე წელს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა და სახელმწიფო უსაფრთხოება პირველ ადგილზე, ყველაზე ძვირფასი და ღირებული გახდა. ვიბრძოლებთ და ყოველთვის მხარს დავუჭერთ ჩვენი რეგიონის განვითარებას. ჩვენი მთავარი მიზანი დევნილების ყოფითი პირობების გაუმჯობესებაა, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში საკმაოდ დიდ ჩასახლებებში ცხოვრობენ წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის ჩასახლებებში. შეძლებისდაგვარად, მათ მოვუწესრიგეთ ყოფითი პირობები, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვერასოდეს შევძლებთ გავუკეთოთ იმის კომპენსირება, რაც 2008 წლის ომის შედეგად ჩვენმა ქსანელებმა და ხეობელებმა შეიგრძნეს, მაგრამ მე ღრმად მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად მალე გავიმარჯვებთ და დავბრუნდებით ქსნის ხეობაში და დავბრუნდებით სამაჩაბლოშიც. ჩვენი მთავარი მიზანი ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ ტურიზმი იყო, რომელმაც გამოაცოცხლა მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. მცხეთა არის ქალაქი, მცხეთა, არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებაში. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება. მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა იქნება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და მცხეთის მუნიციპალიტეტს თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აქვს დიდი რესურსები, ძალიან დიდი მასშტაბები იმისათვის, რომ განვავითაროთ ბიო-მიმართულება იმიტომ, რომ ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევეჯიბრებით კახეთს, ქვემო ქართლს რაოდენობრივ მაჩვენებელში, მაგრამ ჩენ შეგვიძლია სოფლის მეურნეობის კუთხით შევქმნათ ისეთი საწარმოები, შევქმნათ ისეთი ფერმერული მეურნეობები, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიო-მეურნეობებზე და მას ექნება ძალიან დიდი მოთხოვნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზრებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია განათლება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არ დარჩება არცერთი საბავშვო ბაღი, არ იქნება არცერთი საჯარო სკოლა, სადაც არ იქნება შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო. ჩვენი მიზანი ხარისხიანი განათლების შექმნაა. ჩვენი მიზანი ასევე არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მცხეთის მუნიციპალიტეტში და მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მაგრამ კვლავ რჩება ისეთი გამოწვევები როგორიცაა წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზმომარაგება და ასე შემდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც მე მქონდა, მაქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი, პარტია „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. თქვენთან უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ, ერთად ვიბრძვით აწყმოსა და მომავლის განვითარებაზე, ერთად ვიბრძვით ჩვენი რეგიონის წარმატებაზე, ერთად ვიბრძვით მცხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. მცხეთაში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!

11 სექტემბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა მცხეთაში შალვა კერესელიძის წარდგენაზე

მოგესალმებით, მცხეთელებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა აქ, მცხეთაში, მუზეუმად ქცეულ ქალაქში, რომელიც ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის სრული ასახვაა. შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა. შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან - ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი. აქედან თქმული სიტყვები, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს. ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც აქ თქვენთან ერთად ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი. მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს პირობებს ვაძლევთ, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა დეტალებში ღრმად წავიდე იმ კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები 9 ლოკაციაზე გაკეთდა და დამატებით 4000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, რომ ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის. მცხეთისთვის ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, წელს გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დღესაც გვქონდა შეხვედრები, ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და თითოეულ სამუშაო ადგილსაც. 6 თვე გამოვიარეთ ერთმანეთის ნდობით, ღიად, პირდაპირი საუბრით. ჩვენ ჩვენს ხალხთან არაფერი დასამალი არ გვაქვს და არც ის გვაქვს ბევრი სასაუბრო, რა გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩანს. ის, რასაც ჩვენ მომავალში ერთად გავაკეთებთ, ესეც არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე. მცხეთასთან და საერთოდ, რეგიონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა უნდა გამოვყოთ. მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი გადაკეთდება მუზეუმად. აუცილებლად უნდა ვთქვათ ის სპორტული კომპლექსი, რომელიც გაკეთდა და რომელიც მცხეთელებს და ახალგაზრდებს, აქაურებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. ჩატარდა და კიდევ 24 სკოლის რეაბილიტაცია გაკეთდება. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდეგ, მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ სოფლის მეურნეობაზეც. სახელმწიფოს აქვს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ჩვენს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულები ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანებზე და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ სოციალური სისტემის რეფორმას. ასევე, ამასთან იყო დაკავშირებული მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება ბევრი სოფლისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაახლოებით, 421 სოფელია. ეს პირდაპირი სოციალური დახმარებაა ადამიანებისთვის, რომლებიც მთას ამაგრებენ, საზღვრებს ამაგრებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია. ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ და ამ გეგმების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალურად და ქვეყანაში არის პანდემია, ეს იქნება ჩვენი ძირითადი მიზანი დღესაც და ხვალაც. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ მიზანმიმართულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ სამართლიანი, თანასწორი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები. ეს არის სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროპასთან, ვიდრე გუშინ და ხვალ ისე უნდა მიუახლოვდეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი - ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება უნდა გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა. როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა. დღეს მცხეთას, სამწუხაროდ, ცალკე მაჟორიტარი არ ჰყავს, ეს არის დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ჩვენ ბევრი ფიქრის შემდგომ არჩევანი გავაკეთეთ შალვა კერესელიძეზე. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი და ყველაზე უკეთ იცის სად რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც კი არ ტრაბახობს და კი არ ყვება, რა გაუკეთებია ამ კუთხისა და რეგიონისთვის, არამედ წყნარად, მშვიდად თავმდაბლად მიდის და საქმეს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ამ რეგიონის ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, მცხეთელებო!

11 სექტემბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა მცხეთაში შალვა კერესელიძის წარდგენაზე

მოგესალმებით! მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, ქალაქი-მუზეუმი, რომლის ისტორიული ძეგლები UNESCO-ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და რითიც თითოეული ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვამაყობთ. ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება. წმინდა ნინოს მოღვაწეობა, მირიანისა და მისი ოჯახის გაქრისტიანება, შემდეგ კი, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ამ მშვენიერ ქალაქთან არის დაკავშირებული. სწორედ აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, რომელზეც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო ძეგლი, სვეტიცხოველი დგას. დღეს, ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება და ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მცხეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტურიზმის გარდა, ყურადღება ექცევა მოსახლეობისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და ერთად ყველა იმ პრობლემას გადავლახავთ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარება სახელმწიფოს რესურსებისა და ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში რთულია, თუმცა ყველანი კარგად ხედავთ, რომ წლების მანძილზე, სახელმწიფო გვერდით უდგას საკუთარ მოქალაქეს, ზრუნავს მის სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, უქმნის პირობებს, რათა პროდუქცია აწარმოოს, ან მზარდ ტურისტულ სექტორში იმუშაოს და საკუთარ ოჯახში შემოსავალი შეიტანოს. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს. ეს არის, თუნდაც სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისარგებლა. თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე არ უნდა შევჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულებები, რომ მეტი კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. ამ და სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი სწორება განათლებაზე გააკეთა, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ და შემდეგ მათი განათლება ისევ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ იცით, რომ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება არის დაწყებული. იცით, რომ პედაგოგებს გავუზარდეთ ანაზღაურება, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა. ასევე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ ნორმალურ პირობებში. მომდევნო წლებში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ განათლება და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერება იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, მას ექნება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. რადგან ერთმა ადამიანმა, სადაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა, ბიზნესი თუ სპორტი, შეუძლებელია მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი. აქაც თუ არ იქნება თქვენი თანადგომა, შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი და მე მჯერა, რომ როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ხდებოდა, მცხეთა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს. ამ არჩევნებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, აქაც ღირსეულად გამოვალთ, გავიმარჯვებთ და 41 ნომერი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

11 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ. პროექტი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით ხორციელდება. რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარია. ძველი კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. მუზეუმის მიმდებარედ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პროექტის ფარგლებში, შენობის სივრცეში ინტეგრირებულ არქეოლოგიურ ძეგლს - „მცხეთის კარიბჭეს“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მუდმივ ექსპონატად შენარჩუნდა.

11 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესა და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შეიქმნა. სასტუმრო კომპლექსის მფლობელობაშია მევენახეობა და ღვინის ქარხანა, რომელიც 18-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. „ვილა მოსავალი“ წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

10 სექტემბერი, 2020

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას

მივესალმები ჩემს ხალხს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა ყველას - ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ თქვენგან.  მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და ეს მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. ქართულ ოცნებას აქვს ამის ნება და რესურსი, ამ პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის - საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით. ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ, საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ, უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო თვალსაჩინო და ყველასთვის ხელშესახები, შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე.  ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი. თითოეული მათგანი მზად არის ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და განსაცდელს აარიდონ ხალხი და ქვეყანა.  ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს „ქართული ოცნება.“ ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ, „ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.  მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე. ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ „ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მტკიცე გარანტიების შექმნა.  ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, ქართული ოცნების ხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი. „ქართული ოცნების” გამარჯვება თითოეული მოქალაქისთვის სიმშვიდის და უკეთესი ცხოვრების მომტანია,  „ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარანტიაა. „ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.  და ბოლოს, მთელი გულით ვუერთდები იმ სასიხარულო ამბავს, რომელიც დღეს შევიტყვეთ და რასაც დიდი ხანია ველოდით - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „8 ერის“ მონაწილე გახდა. ვულოცავ, ყველაზე მეტად რაგბი გაგვიხარდა პოლიტიკოსებს. ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას. ასეთი შედეგის დასადებად ჩვენმა ბიჭებმა მთელი გული ჩადეს და დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ვუერთდები ამ საერთო სიხარულს, ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ წარმატებას.      კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

10 სექტემბერი, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას

მე გამოვდივარ თქვენს წინაშე, როგორც ამ უძველესი, უმშვენიერესი ქალაქის მერი, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი.  მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლისთავზე, მსურს, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც განახორციელა ჩვენმა გუნდმა - თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში.   ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი.   8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა.  დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ, კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ. დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე. ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე. ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე, მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე, ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ქალაქგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეებმა თავი სახელმწიფოსგან, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ იზრუნოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე. ეს, ერთი შეხედვით,  ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და დემოკრატიის რუტინაა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეუძლებელი, საოცნებო და მიუღწეველი მიზანი იყო. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა. ეს ყველაფერი, ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის „ქართული ოცნების“ დამსახურება და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა. ეს 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია! დღემდე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, როცა პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემი თანადგომა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გათავისუფლების საქმეში და იმ დღიდან მოყოლებული, მეც თქვენსავით ერთგულად ვდგავარ ჩემს მიერ არჩეულ თავისუფლების, ქვეყნისა და ხალხის მსახურების გზაზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ და იმ დიდ პასუხიმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.  ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხიც ჩვენ გარშემო, ახლდებოდა და ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდიც.  იყო ბევრი გულდაწყვეტა, ბევრი ტკივილიც, თუმცა ჩვენ შევძელით მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი და ქვეყანა დადგა მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების შეუქცევად გზაზე. მთელს ამ პროცესში, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურება და ეს ყოველთვის ასე იქნება. პარტია და ხელისუფლება საჭიროა მხოლოდ ამ ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საშური საქმის განხორციელებისთვის, რათა როცა დაფიქრდები რა არგე შენს ქვეყანას, ამაზე მყარი და მკაფიო პასუხი გქონდეს და ვალმოხდილი იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც მთელ საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი მოვლენა - საქართველოს სარაგბო ნაკრები „რვა ერის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.  ეს ქართული სპორტისა და ქართული რაგბის დიდი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებაშიც, თავისი უანგარო ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ვიმედოვნებ, რომ ახალ, გულანთებულ სახეებთან, „ქართული ოცნების” განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს დავძლევთ, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მის საბოლოოდ გასაერთიანებლად და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის! ჩვენ ვაშენებთ აწმყოს, ჩვენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდებით საქმეს, რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. წარმატებები მინდა ვუსურვო „ქართული ოცნების“ განახლებულ გუნდს, წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს!

03 სექტემბერი, 2020

ზაალ (ზაზა) დუგლაძის სიტყვით გამოსვლა ხაშურში

მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მთელ გუნდს და ლიდერებს, გამოცხადებული ნდობისთვის! მიხარია, რომ დღეს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში ვართ, იმ დიდი ქართველის სახლის ეზოში, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს განვითარებისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, ვემსახუროთ და მოვუაროთ ქვეყანას, არ არსებობს სხვა გზა დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისა! ხაშური ჩემი მშობლიური რაიონია, აქ დავიბადე, აქ ვსწავლობდი და აქ მიწევს დღემდე შრომა, აქედან დაიწყო ჩემთვის სამყაროს შეცნობა და საქართველოს სიყვარული! აქ არიან ადამიანები ვისთან ერთადაც გავიზარდე და მიხარია, რომ მათთან ერთდ ვშრომობ ათეული წელია. მინდა, ამ ადამიანებთან ერთად ვაკეთო დაწყებული საქმე! ჩემთვის ხომ არაფერია უცხო ხაშურის მუნიციპალიტეტში, ვიცი რა გიხარიათ, რა გჭირდებათ, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ რომ უკეთ ვიცხოვროთ. ძვირფასო საზოგადოებავ! ვიზრუნებ და მივიღებ მონაწილეობას, რომ ხაშურისა და ქარელის რაიონში გაიხსნას პროფესიული სასწავლებელი ახალგაზრდებისათვის, გადამზადების კურსები მოზრდილთათვის, რომ შემდგომში ადგილზევე იყოს კვალიფიციური კადრები! ეს ხომ დღეს ჰაერივით სჭირდება შრომის ბაზარს. მივიღებ აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში. კულტურის, ტურიზმის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვის პროექტების მხარდაჭერაში! გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას, რომ გაგრძელდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. გვერდში დავუდგები მოსახლეობას, რომ სოფლებში აღდგეს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საკონსერვო წარმოება. ჩვენი მიწის სიმდიდრე და მოსახლეობის შრომა უნდა მოექცეს პატარა საწარმოებში, რომელიც დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს! ასევე, უახლოეს დროში მინდა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ამიტომაც ვიქნები ოპტიკური ინტერნეტის ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდამჭერი. მე ვიცნობ ხაშურელებს, ბევრი ყოფითი პრობლემა დაძლიეს უახლოეს წარსულში აქ მცოვრებმა ადამიანებმა თავისი შრომით და გონიერებით!!! მე ვიცი თქვენი ერთგულება, შრომისმოყვარეობა და მინდა ერთად გავაგრძელოთ ამ კუთხეზე ზრუნვა, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთ იცხოვრონ! ხანდაზმულებს, კი ღირსეული სიბერე ქონდეთ! მზად ვარ დიალოგისთვის და თქვენთან ერთად შრომისთვის.

03 სექტემბერი, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ხაშურში

ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს.  სიმბოლურია, რომ დღეს ხაშურში დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება.  დღეს ხაშურში ვართ, შიდა ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ დღეს გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი. განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, იმიტომ რომ სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც გლობალური პანდემიის შემდგომ ფიზიკურად პირველად ჩატარდა, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერია, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა. ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად გვაქვს სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და განსაკუთრებით ქართლში, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი დევნილები და  ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა. რუსული ოკუპაცია არის ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ.  ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და დღეს, სახელმწიფო მილიარდობით ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მიუხედავად პანდემიისა, მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა ქვეყანაში ერთი დღით არ შეჩერებულა. შედეგად,  უპრეცედენტო ზომის, 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალური გზა წელს შევა მწყობრში, რაც, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ, მათ კომფორტი შევუქმნათ და, რა თქმა უნდა, ქალაქების ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი.  ასევე, მინდა გითხრათ და ერთგვარად, ბოდიშიც მოვიხადოთ ხაშურელების წინაშე, რომ გაგვიგრძელდა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები წლებია დგას, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება და სრულიად რეაბილიტირებული იქნება ხაშურის, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემა და შეიქმნება გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს შეეფერება.  ყველამ იცით, რომ მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და რა თქმა უნდა, ბანა. ბანას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ, ეს არის ხაშურის გვირგვინი, რომელიც აქ შექმნის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს და მისცემს შესაძლებლობას რეგიონს, შეასრულოს ის ფუნქცია, რაც აქვს - ეს არის საქართველოს შუაგული. რა თქმა უნდა, გზაჯვარედინს, რომელიც აქ არის, ისტორიული დატვირთვაც აქვს და რეალურიც, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურულიც. ყველას კარგად გვახსოვს ხაშურის ინდუსტრიული ფუნქციაც და ყველამ უნდა ვიშრომოთ მის აღსადგენად.  მინდა, ვისაუბრო ხაშურში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე. ეს ის მუნიციპალიტეტია, რომელმაც ინდუსტრიული პროდუქციით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რა თქმა უნდა, თბილისი უნდა მოამარაგოს. ამიტომ, ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა გავაგრძელოთ. „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს ხაშურში. ჩვენ დავნერგეთ სიახლე.  „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბევრ კარგ პროგრამას ქმნიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა, რისკი, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, მიეხმაროს. ამისთვის გვჭირდებოდა თბილისში ჩასვლა და სხვადასხვა სამინისტროში სიარული. დღეს ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ და ეს ყველაფერი იქნება თქვენთან, აქ, ქალაქში და მთლიანად გაიშლება გეოგრაფიულად საქართველოში. ადამიანს შეეძლება, მივიდეს საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის სახლში და მიიღოს სრული ინფორმაცია იმ დონემდე, რომ კონტრაქტიც კი გააფორმოს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის.  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობა. ხაშურში მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა ხაშურში, თელავში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარი მაღალი ხარისხის განათლებას უნდა იღებდეს. ეს არის ის ამოცანა, რომელიც გვიბიძგებს მაღალი მიზნისკენ და რამაც უნდა შეგვასრულებინოს ჩვენი ძირითადი მოწოდება - ადამიანი. ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.  ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი შემდგომი 4 წლის სამოქმედო გეგმა. ყველა მიმართულებით - ეკონომიკის, თავისუფლების, ღირსების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ კეთილსინდისიერი, ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ შრომით და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატება ადრე თუ გვიან იქნება მათი წარმატებაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება და კეთილდღეობა იქნება ცენტრში, რომელიც მიმზიდველს გახდის მათთვის ერთიან სახელმწიფოს.  რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხაშურს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ზაზა დუგლაძე არის ღირსეული ადამიანი, ამ კუთხის შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ხაშურელების ღირსეული და ეფექტური ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა, მას წარმატება ვუსურვო და მინდა ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!

03 სექტემბერი, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ხაშურში

ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე, ქალაქში, რომელიც, პრაქტიკულად, საქართველოს გულია, ერთნაირად ნაცნობი და ახლობელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს თითოეული მცხოვრებისთვის. სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, რომ ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება და ქალაქი საცობებისგან განიტვირთება, პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. რასაკვირველია, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ ახალი გზის გახსნასთან ერთად, შენარჩუნებულიყო ის ეკონომიკური აქტივობები, რაც უკავშირდებოდა ძველ საავტომობილო გზას ხაშურში, რათა მოსახლეობამ კვლავაც შეძლოს საკუთარი წარმოებული პროდუქციის რეალიზება. შესაბამისად, ახალ გზაზე მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი. განვითარება ვახსენეთ და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული: განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილი და დამტკიცებული გრანტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დროთა განმავლობაში დაიძლიოს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სწორედ ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილზე- ქვიშხეთში, კონკრეტულად „რეზორტ მწერლებში“, ეს არის პროექტი, რომელიც განხორციელდა სწორედ სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ასეთი პროექტი უნდა გაკეთდეს ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ყველა რაიონსა და ქალაქში ჩავდივართ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, თუ რა პროექტებია განხორციელებული და როგორი ხელშეწყობაა სოფლად მცხოვრები ადამიანების მიმართ. ძალიან ბევრი ოჯახი იყენებს იმ პროგრამებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხები ჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი. თქვენ იცით, რომ 31 ოქტომბერს არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ესაა სიმშვიდე და სტაბილურობა. 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ღირებული და ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები, ყველაფერი მორგებულია ადამიანზე. მე დარწმუნებული ვარ, ეს განვითარების და სტაბილურობის გზა აუცილებლად შენარჩუნდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებები, წარმატებების ისტორიები.

03 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხაშურში, პროფესიული სასწავლებლისა და ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად ხაშურში მდებარე პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. 3-სართულიანი შენობა 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები, ასევე თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. პროფესიულ კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა.       ასევე, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, ტრენინგცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

03 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აგარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად აგარაში სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ დაათვალიერეს. საწარმო 2018 წელს გაიხსნა, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამურად 10 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 600 000 ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული გრანტია. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე საწარმოს საქმიანობის სფეროს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა და მზა სახით რეალიზაცია წარმოადგენს, ასევე, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისგან ყიდულობს, ასევე, ფლობს საკუთარ სათბურებსაც. საწარმოში როგორც სეზონურად, ასევე მუდმივად, ჯამში 135 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აშშ-სა და ისრაელში ახორციელებს.

03 სექტემბერი, 2020

ზაალ (ზაზა) დუგლაძის სიტყვით გამოსვლა ქარელში

დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მთელს გუნდს და ლიდერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ქარელის რაიონის ეს ლამაზი ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით, ჩვენი ქვეყნის საინტერესო ისტორიით, წარსულის დიდებით. XVI – XVII საუკუნეში ფანასკერტელ-ციციშვილებმა რეზიდენცია აქ გადმოიტანეს, რომელიც შემდეგ დიდ პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. დღეს ჩვენთან ერთად ვხედავ ეკლესიის მსახურებს. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეუფე იობს, ჩვენი დაფასებისთვის. სწორედ აქ, დავით აღმაშენებელმა პირველი საეკლესიო კრება მოიწვია. ამ შეხვედრამ დაუდო საფუძველი საქართველოს აღორძინებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ძლიერების საწინდარი გახდა. დღეს მე ვდგავარ აქ, როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი. კარგად ვიცნობ შიდა ქართლის ამ უმშვენიერეს კუთხეს, რადგან მე ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, კარგად ვიცი ამ რეგიონის ყველა სასიკეთო საქმე, რომელიც გაკეთდა და რომელიც უნდა გაკეთდეს. გამარჯვების შემთხვევაში თქვენს ხმას მივიტან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ილია ჭავჭავაძემ ბრძანა - „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი“. სწორედ ეს დიდი ტვირთია, რომელიც მინდა თქვენთან ერთად ვიტვირთო და ვაკეთო მრავალი სასიკეთო საქმე. მე მივიღებ აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში - კულტურის, სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებაში. ვიქნები ქარელის მუნიციპალიტეტში პროფესიული სასწავლებლების გახსნის ინიციატორი, დღეს ხომ ეს ძალიან სჭირდებათ ჩვენს ახალგაზრდებს. ასევე, პროფესიული გადამზადების კურსების გახსნის მოზრდილთათვის, რომ ადგილზე იყვნენ კვალიფიციური კადრები და ჰქონდეთ დასაქმების საშუალება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქარელის რაიონში გაგრძელდეს ოპტიკური ინტერნეტის ინფრასტრუქტურული პროექტი, გაიზარდოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. ვიქნები „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” გაგრძელების მომხრე და მხარდამჭერი. დღეს ძლიერი სოფელი და სოფლის მეურნეობაა ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის სიძლიერე, ამიტომაც ვიქნები თქვენთან ერთად, რომ მოხდეს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და საკონსერვო წარმოების აღდგენა, რისი საშუალებითაც, სოფლად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მზად ვარ თითოეულ ამომრჩეველთან შესახვედრად და სასაუბროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა პრობლემის დაძლევას - ჩვენი სოფლების, რაიონის და ადამიანების სატკივარის გაზიარებას და კეთილი საქმეების გაკეთებას.

03 სექტემბერი, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ქარელში

აქ საქართველოს გულია. ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, რაც მთავარია, მებრძოლი ხალხი და ბრძოლა, ამ კუთხისა და ამ მიწისთვის უცხო არ არის. ბრძოლა იყო ჩვენი ყოველდღიურობა და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც მოგვიწია იარაღით ხელში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში, ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის ვიქნებით მიმზიდველები, ყველაფერი, რასაც მივაღწევთ, უნდა იყოს მათიც. ეს არის ჩვენი მომავალი და ამას უნდა მივაღწიოთ შრომით და რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იქნება განპირობებული ამ ოკუპაციით, ვიდრე ჩვენ ამას არ დავძლევთ და სანამ ბოლო, ერთი ადამიანი დევნილი გვეყოლება. ამ ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით. აქ, ქარელში, სადაც მადლიანი მიწა გაქვთ და უზომოდ შრომისმოყვარე ხალხი გყავთ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. მარტივ ციფრებს გეტყვით - მე არ მოვყვები იმას, რა გაკეთდა. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ. ბოლო წლების განმავლობაში ქარელში თანამედროვე ბაღები 420 ჰექტარზე გაშენდა, „დანერგე მომავალის“ საშუალებით. ეს უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აქ მოყვანილი პროდუქტი, ვაშლი იქნება, თუ ბოსტნეული, ყველაფერი უნდა იყოს თბილისში, საერთაშორისო ბაზრებზე და ყველგან. ეს ჩვენი გლეხის სიძლიერეა, გლეხის, რომელიც უნდა გახდეს ფერმერი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგშია მოსაყვანი, ჯერ კიდევ ბევრი გზა დაგვრჩა გასაკეთებელი, სკოლები - გასარემონტებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელში 7 საბავშვო ბაღი აშენდა, ეს გასაგრძელებელია, რადგან ჩვენს თითოეულ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სხვაობა, სად იზრდება ბავშვი - ქარელში, თბილისში, ბათუმში, თელავში, ყველას ერთი და იგივე პირობები უნდა ჰქონდეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლიანი ქვეყანა, რომლის ყურადღების ცენტრი ადამიანია, არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ კიდევ, მარტივი წამოწყებები - ქარის ელექტროსადგურები, გზები, სკოლები, წყალმომარაგება, მაგრამ ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მათდამი ყურადღება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი. ვიცი, რომ ქარელში ბევრი რამ კეთდება, გაზიფიცირებისა და სოფლების წყალმომარაგების ნაწილში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი ამით მხოლოდ და მხოლოდ ვანუგეშოთ. მინდა იცოდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ქვეყნისთვის, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ზაზა დუგლაძე იქნება ქარელის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ როგორც არჩევნებში, ასევე ყველგან, ყოველდღიურობაში და იმ მთავარ გამარჯვებას გისურვებთ, რომელიც ერთიან ქვეყანაში უნდა ვიზეიმოთ!

03 სექტემბერი, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ქარელში

მინდა, დავიწყო მადლობით და მადლობა გითხრათ, პირველ რიგში, აქ მობრძანებისთვის, ასევე, იმისთვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ქარელის მუნიციპალიტეტში, მხარეში, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მოსავლიანი მიწაა. თუმცა, ვფიქრობ, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ასე ერთგულად იცავთ, სათუთად უფრთხილდებით და მომავალ თაობებს გადასცემთ. თქვენ ძალიან კარგად იცით და განსაკუთრებულად გრძნობთ, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს მტრის მხრიდან შენი მიწების მიტაცება, იმ მიწების, რომელიც სულ ჩვენი იყო, ალბათ ხშირი იყო მიმოსვლაც, დღეს კი ის სხვა სახელმწიფოს აქვს მიტაცებული. პირველ რიგში, მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მშობლიური მიწის დაცვისა და გამძლეობისთვის. ვის თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად გესმით, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ და ვაიპოლიტიკოსებმა, ამიტომ მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენი მიზანი ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაა და მე ვფიქრობ, პირველ რიგში, სწორედ ქარელის, გორის და სხვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონების სოფლების განვითარებაა საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამები, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რასაც 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებების და წარმატებების ისტორიები. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ძლიერი გლეხი - ეს არის ძლიერი სოფელი, ძლიერი სოფელი- ძლიერი რაიონი და ძლიერი ქალაქი, ძლიერი ქალაქები კი - ძლიერი საქართველოა. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!