03 სექტემბერი, 2020
მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მთელ გუნდს და ლიდერებს, გამოცხადებული ნდობისთვის!
მიხარია, რომ დღეს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში ვართ, იმ დიდი ქართველის სახლის ეზოში, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს განვითარებისთვის.
თითოეული ჩვენგანის ვალია, ვემსახუროთ და მოვუაროთ ქვეყანას, არ არსებობს სხვა გზა დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისა!
ხაშური ჩემი მშობლიური რაიონია, აქ დავიბადე, აქ ვსწავლობდი და აქ მიწევს დღემდე შრომა, აქედან დაიწყო ჩემთვის სამყაროს შეცნობა და საქართველოს სიყვარული! აქ არიან ადამიანები ვისთან ერთადაც გავიზარდე და მიხარია, რომ მათთან ერთდ ვშრომობ ათეული წელია. მინდა, ამ ადამიანებთან ერთად ვაკეთო დაწყებული საქმე!
ჩემთვის ხომ არაფერია უცხო ხაშურის მუნიციპალიტეტში, ვიცი რა გიხარიათ, რა გჭირდებათ, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ რომ უკეთ ვიცხოვროთ.
ძვირფასო საზოგადოებავ!
ვიზრუნებ და მივიღებ მონაწილეობას, რომ ხაშურისა და ქარელის რაიონში გაიხსნას პროფესიული სასწავლებელი ახალგაზრდებისათვის, გადამზადების კურსები მოზრდილთათვის, რომ შემდგომში ადგილზევე იყოს კვალიფიციური კადრები! ეს ხომ დღეს ჰაერივით სჭირდება შრომის ბაზარს.
მივიღებ აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში. კულტურის, ტურიზმის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვის პროექტების მხარდაჭერაში!
გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას, რომ გაგრძელდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. გვერდში დავუდგები მოსახლეობას, რომ სოფლებში აღდგეს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საკონსერვო წარმოება. ჩვენი მიწის სიმდიდრე და მოსახლეობის შრომა უნდა მოექცეს პატარა საწარმოებში, რომელიც დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს!
ასევე, უახლოეს დროში მინდა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ამიტომაც ვიქნები ოპტიკური ინტერნეტის ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდამჭერი.
მე ვიცნობ ხაშურელებს, ბევრი ყოფითი პრობლემა დაძლიეს უახლოეს წარსულში აქ მცოვრებმა ადამიანებმა თავისი შრომით და გონიერებით!!! მე ვიცი თქვენი ერთგულება, შრომისმოყვარეობა და მინდა ერთად გავაგრძელოთ ამ კუთხეზე ზრუნვა, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთ იცხოვრონ! ხანდაზმულებს, კი ღირსეული სიბერე ქონდეთ!
მზად ვარ დიალოგისთვის და თქვენთან ერთად შრომისთვის.